საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის ხელმძღვანელობამ, უძლიერესთა შორის, დარჩენისთვის მებრძოლი, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი “ბურგონი”, მკაცრად დასაჯა.
ფრანგული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, გუნდს ფინანსური პრობლემების გამო, ხუთი საცხრილო ქულა დააკლეს და 15 ტურის შემდეგ, “ბურგონს” მხოლოდ ხუთი ქულა დარჩა, რაც პრაქტიკულად, მომავალი სეზონისთვის Pro D2-ში დაქვეითების წინაპირობაა.
კლუბის ადვოკატი ამბობს, რომ სანქციას არ ეთანხმება და მას აუცილებლად გაასაჩივრებს. Top 14-ის რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, ორი გუნდი ქვედა დივიზიონში ავტომატურად ვარდება. 5 ქულის ამარა დარჩენილი “ბურგონი”, ასეთ პირობებში, ბოლოსწინა “ლა როშელს” 16 ქულით, ხოლო ბოლოდან მესამე, გადამრჩენ ადგილზე მყოფ “ბრივს” - 17 ქულით ჩამორჩება.
“ბურგონის” დავალიანება 1,5 მილიონ ევროს შეადგენს, რაც კლუბის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით 10 პროცენტია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია