ამბები

10:18 | 8.01.2011 | ნანახია 9896 - ჯერ

არ დაივიწყოთ ლეონსიო! - ქართული რაგბის ამაგდარი იუბილარია

ის, რომ დღესდღეობით ქართული რაგბი მსოფლიოსთვის ცნობილია და საქართველოში ამ თამაშის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, დიდწილად, ამ კაცის დამსახურებაა. მან და მისმა თაობამ, პირველებმა გაჭრეს ფანჯარა საფრანგეთსა და მთელს მსოფლიოში. მხოლოდ ჟინით, ქვეყნისა და საქმისადმი სიყვარულით, უანგაროდ იბრძოლა იმისათვის, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს თასზე ეთამაშა და მიზანსაც მიაღწია, მაგრამ, თავად “ლეონსიოს” იქ თამაშმა არ მოუწია. არადა, როგორ უნდოდა... საკუთარი ჯანმრთელობა ამ მიზანს შესწირა, მაგრამ მწვრთნელებმა და ხელმძღვანელობამ არ დაუფასეს. დღეს, ლევან ცაბაძე, საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პირველხაზელი, იუბილარია - მას 38 წელი შეუსრულდა! დღეს მასზე, როგორც მწვრთნელზე, საფრანგეთიდან დიდი მოთხოვნაა, მაგრამ “ლეონსიო” პროფესიულ ინტერესს საკუთარ ოჯახს სწირავს - “ოჯახს აქ უფრო ვჭირდები” - მყარი არგუმენტია!
თამაში რუსთავში დაიწყო, საქართველოს ჩემპიონი ჯერ ამ გუნდთან ერთად გახდა, მერე იგივე თბილისის “გუმარის” შემადგენლობაში გაიმეორა, ამას გალეგიონერება და საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში, როგორც “კასტრის”, ისე “კლერმონის” შემადგენლობაში თამაში მოჰყვა, მაგრამ მიზანს იქ ვერ უწია. თუ მხედველობაში არასარაგბო სამყაროს მივიღებთ, საქართველოში ნაკლებად იცნობენ, ვიდრე შორეულ საფრანგეთში, საქართველოს ეროვნული გუნდის ძირძველ გულშემატკივრებს კი, მისი თამაში და ღვაწლი კარგად ახსოვთ.
დაბადების დღეს მეგობრების წრეში, საკუთარ ოჯახში აღნიშნავს. მეგობრები და ახლობლები 7 იანვრის საღამოს იკრიბებიან და 8 იანვარს, “ლეონსიოს”, ამ ღირსეული კაცის დაბადების დღეს, ღირსეულად ხვდებიან. სტატისტიკაში წერია, რომ ცაბაძემ ნაკრების მაისური 33 შეხვედრაში მოირგო და 12 ლელო გაიტანა, მაგრამ მის ანგარშზე 5-6-ით მეტი კეპია...  
ლევან ცაბაძე: სტატისტიკაში კი წერია 33 თამაში, მაგრამ ეროვნული გუნდის მაისური უფრო მეტჯერ მაქვს მორგებული. მაშინ სხვა დრო იყო და ყველაფრის აღრიცხვა არ ხდებოდა. ისე, დღეს ნაკრებს უფრო მეტი მატჩი უწევს და კეპების მოგროვება შედარებით ადვილია, მაგრამ ამ ყველაფერზე სულაც არ ვდარდობ. მთავარია, რაც ვითამაშე, თავი არ დამიზოგავს.
- როგორ დაიწყო ლევან ცაბაძემ რაგბის თამაში?
- სულ შემთხვევით. ბავშვობაში ვჭიდაობდი, მერე რამდენიმე მოჭიდავე რაგბიში გადავიდა და მომავალში ცნობილი მორაგბეები გახდნენ. მათთან ერთად, მეც დავიწყე ვარჯიში და შემდგომში ჩემი ეს გართობა სერიოზულში გადაიზარდა. სპორტის ამ სახეობით 16 წლის ასაკში დავინტერესდი.
- იმ პერიოდში რაგბი სულაც არ იყო პოპულარული და რატომ გადაწყვიტეთ ჭიდაობიდან რაგბიში წასვლა?
- 1989-90-იანი წლები იყო. საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო და გაურკვევლობაში ამოვყავით თავი. არცერთი ფედერაცია არ გვაღიარებდა, აღარ მაინტერესებდა საქართველოს ჩემპიონობა, მინდოდა მსოფლიოს ჩემპიონობა და ამის პერსპექტივა ახლო მომავალში არ ჩანდა. დაახლოებით 3 წელიწადის განმავლობაში საქართველო ვაკუუმში იყო. მთელი ჭაბუკობა ვაკუუმში უნდა გამეტარებინა და ცოტა არ იყოს, ჭიდაობაზე გული ამიცრუვდა, მაგრამ ვარჯიშის მოთხოვნილება მქონდა, რაგბიში უფრო ვერთობოდი, ბევრნი ვიყავით და ფსიქოლოგიურად მარტივი იყო, გასართობადაც კარგი მეჩვენებოდა და ამიტომ გადავერთე რაგბიზე.
- მაგრამ მაშინ სავარჯიშო პირობები არ გქონდათ, ტატამიდან ასფალტზე გადართვა რთული არ იყო?
- ასფალტზე, ხან კალათბურთის დარბაზში... სამაგიეროდ, ბურთი იყო და სადაც ბურთია, იქ უკეთ ერთობი. ზოგჯერ სანაძლეოზე ვთამაშობდით, ზოგჯერ გასართობად, ბევრნი ვიყავით და... ასე გავხდი მორაგბე.
- რაგბმა სახელიც მოგიტანათ...
- ორჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი, ერთხელ რუსთავთან ერთად, სადაც თამაში დავიწყე, მერე თბილისის “გუმართან”. ამის შემდეგ, ჩემი ფრანგული კარიერა დაიწყო.
- თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ქართულ რაგბის საფრანგეთში სახელი გაუთქვით.
- პირველ ჯერზე, ფრანგულ კლუბებში ერთიანად 4 კაცი აგვიყვანეს. 1995-96 წლებში, ტურნეზე ვიყავით და ერთ-ერთ პატარა გუნდის ხელმძღვანელობას, ჩემთან კონტრაქტის გაფორმების სურვილი გაუჩნდა. ასე მოვხვდი ნაციონალ 1-ში მოასპარეზე “შატორენარდის” რიგებში. პირველი წელი ადაპტაციისა კი იყო, მაგრამ მეტისმეტად წარმატებული გამოდგა - იმ სეზონში დივიზიონის საუკეთესო ბურჯად დამასახელეს. აქედან გამომდინარე, გრანდები დაინტერესდნენ - თავი ჯერ “ნარბონაში” ამოვყავი, მერე იყო “კასტრი” და ბოლოს “კლერმონფერანი”. შანსი მქონდა “სტად ფრანსეში” და “ბიარიცში” მეთამაშა, მაგრამ მათზე უკეთესი პირობები ზემოხსენებულმა კლუბებმა შემომთავაზეს.
- არადა, მაშინ ძალიან რთული იყო ფრანგულ კლუბებში მოხვედრა.
- რა თქმა უნდა, მით უმეტეს, უცნობი ქართველებისთვის. უფრო მეტსაც გეტყვით, მთელი 6 თვე, ისე ვთამაშობდი, რომ ძალიან ბევრს, ჩემი თანაგუნდელების უახლოეს ადამიანებსაც კი, ამერიკელი ვეგონე. ერთ-ერთ საღამოზე, როდესაც ფინალური პერიოდი იყო, მატჩისშემდგომ სუფრაზე, რომელსაც თანაგუნდელთა მეუღლეებიც ესწრებოდნენ, მკითხეს, რანაირი ამერიკელი ხარ, ინგლისური არ იციო. მაშინ ვუთხარი, რომ რუსეთის საქართველოდან ვიყავი, სტალინით და შევარდნაძით მივახვედრე სადაური ვარ და ასე გაიცნეს ჩვენი ქვეყანა.
- საფრანგეთში წასვლამდე, თქვენ ეროვნული გუნდის უცვლელი წევრიც გახდით...
- ჯერ კიდევ საქართველოში თამაშისას, ეროვნულ ნაკრებში მიმიწვიეს. ახლაც, აი აქვე (საუბარი ლევან ცაბაძის ოფისში შედგა) მიკიდია სურათები და მათგან 2, რუსეთის ნაკრების პირველად დამარცხების ამსახველი ფოტოა. ჩემთვის, “რუსეთის დერჟავას” ძირს დაგდება ყოველთვის საამაყო იქნება. მერე და მერე, თამაშის დროს, რუსეთის დამარცხება ჩემთვის იმდენად საინტერესო აღარ იყო, მაგრამ მაშინ, პირველად, მეგონა, რომ მთელს მსოფლიოს დავიპყრობდი.
- იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ნაკრებმა პირველად რუსეთი დაამარცხა და რუმინეთს ეჭიდავებოდა, იყო საპირისპირო შედეგებიც, მაგალითად ჰოლანდიასთან დიდი სხვაობით წაგება...
- სათამაშო დისციპლინა არ გაგვაჩნდა და სიმართლე გითხრათ, მაშინ ჩვენთვის, სწორი რაგბის თამაში ჩინური იყო. დღესდღეობით, სულ სხვა სიტუაციაა - ნაკრებში უმაღლესი დონის რამდენიმე მორაგბე თამაშობს, მათთვის ჩანაფიქრის გადაცემა ბევრად მარტივია. ახლა რომ მახსენდება, მეცინება - როდესაც კლოდი ნაკრებში მოვიდა, რაგბიში დაახლოებით ანა-ბანა გვასწავლა და მაშინ ურთულეს არითმეტიკად გვეჩვენებოდა. დღესდღეობით, ვფიქრობ, რომ უფრო რეგრესს განვიცდით, ვიდრე პროგრესს. ახლა საქართველოს ნაკრებს იმაზე მეტის გაკეთება შეუძლია. პოტენციალი ძალიან დიდია და ამაზე შემიძლია თავი დავდო.
- რისი ბრალია პროგრესის ნაცვლად რეგრესის მიღება?
- მე კი მაქვს ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი, მაგრამ სჯობს, ისევ ჩემთან დარჩეს.
- ერთი ხანობა, თქვენ საქართველოს ნაკრებში შერკინების მწვრთნელად მუშაობდით, რატომ არ გაგრძელდა ეს თანამშრომლობა?
- ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ მე მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებდი.
- ის პერიოდი ტიმ ლეინთან გაატარეთ და რისი თქმა შეგიძლიათ ამ სპეციალისტზე?
- ტიმ ლეინი ბევრად უფრო ადრე გავიცანი და მისი მუშაობის პრინციპსაც ვიცნობდი. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოს ათ საუკეთესო მწვრთნელს შორის უპრობლემოდ მოხვდება. უბრალოდ, თავისებური პიროვნებაა. ერთხელ, მასთან მწვავე კამათი მომივიდა, რადგანაც, საქართველოში თავისი შესაძლებლობების მხოლოდ ორ-სამ პროცენტს იყენებდა. სადღაც, ეს მისი ბრალი არც იყო. როდესაც მაღალი დონის სპეციალისტს იწვევ, უნდა იცოდე, რა მოსთხოვო მას. ყველა ადამიანი ცდილობს, რომ ნაკლები დანახარჯით მეტი მიიღოს და ზოგისათვის აუცილებელია, დახარჯვაში რომ მიეხმარო. ტიმმა თავისი სიტყვა მაინც თქვა და კვალი დატოვა ნაკრებში. სამწუხაროდ, მას ბოლომდე მუშაობა არ დასცალდა.
- მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებს ისევ ტიმი თუ გაწვრთნიდა, მეტად დაიხარჯებოდა?
- მარტო სტიმულზე არ არის. დამღლელი ფაქტორი იცით რა არის? ერთი და იმავე მორაგბეს შეკრებაზე ყოველთვის რომ ვერ ეძახი. ძალიან ძნელია, ყველა შეკრებაზე 10 სხვა მორაგბე რომ გყავს და ერთი ადგილის ტკეპნა გიწევს. ვფიქრობ, მსოფლიოს თასისთვის მზადების პერიოდში, როდესაც გუნდი 3 თვე ერთად იქნებოდა, გუნდს ძალიან დიდი წინსვლა ექნებოდა. სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ლეინმა 3 წლის განმავლობაში, უამრავი მორაგბე გასინჯა, ნახა ვის რა შეეძლო, ამაში, მერწმუნეთ, ლეინი შეუდარებელია და ახლა... რაგბი ისეთი სახეობაა, ორ-სამ წელიწადში ძნელია გუნდი დაალაგო. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
- რიჩი დიქსონი ვერ შეძლებს გუნდის მსოფლიოს თასისთვის სათანადოდ მომზადებას?
- რიჩის არ ვიცნობ, ვიცი მისი წარსული, იყო შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, როდესაც ამ გუნდს ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა და ორჯერ გახდა “ხის კოვზის” მფლობელი. იმედია, მიზნის მიღწევას შეძლებენ. სიმართლე გითხრათ, უფრო ბიჭების იმედი მაქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეროვნულ ნაკრებს იმაზე ბევრად დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე შედეგია და ამ ბიჭებს ბევრი სასწაულის მოხდენა შეუძლიათ.
- მოდით, ისევ თქვენს წარსულს დავუბრუნდეთ. რატომ არ წაგიყვანათ კლოდ სორელმა მსოფლიოს თასზე?
- ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ბოლო პერიოდში, კლოდს პრობლემები ექმნებოდა, მისი ცოდნა აღარ გვაკმაყოფილებდა. თეორიულად რაგბი კარგად იცოდა, მაგრამ პრაქტიკაში ისეთი რაღაცეები გადმოჰქონდა, რაც შეუსრულებადი იყო. თავიდან, როცა ჩვენთვის რაგბი ახალი ხილი იყო, ეს არ ჩანდა, მაგრამ როდესაც დიდ კლუბებში მოვხვდით და რაგბიზე სწორად ფიქრი დავიწყეთ, კლოდის აზრთან წინააღმდეგობა გაჩნდა. სორელის ტაქტიკა ასეთი იყო - ვინც მას არ ეთანხმებოდა, გუნდს შლიდა და ახლის შენებას იწყებდა. სწორედ ამაზე მოგვივიდა კონფლიქტი და ამას შეეწირა ჩემი “მსოფლიოზე” თამაში. სამწუხაროდ, მე (ვინც ყველაფერი გავაკეთე, რათა მსოფლიოზე მეთამაშა), ერთადერთი ვარ ჩემი თაობიდან, რომელიც ამ ბედნიერებას ვერ ეღირსა.
- ახლა რომ თამაშობდეთ რაგბის, თქვენი კარიერა ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა?
- 38 წლისა რომ ვთამაშობდე, თუ კარიერას ახლა ვიწყებდე?
- თქვენი აღმასვლის პერიოდი რომ იყოს.
- ერთი ოცნება მაქვს - ვიყო 19 წლის და ყველა კიდური მოტეხილი მქონდეს, ერთი წელი მოძრაობა არ შემეძლოს, მაგრამ 19 წლის ვიყო! გარანტიას გაძლევთ - ბევრად შორს წავიდოდი. ახლა უფრო ადვილია კარიერის გაკეთება, ვიდრე 90-იან წლებში. ახლა არ მომიწევდა უღრან ტყეში ხეების ჩეხვა, ახლა ევროპაში ქართველებს უკვე კარგად იცნობენ და ქართულ რაგბის მსოფლიოში თავისი ავტორიტეტი აქვს.
- საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს ესწრებით, შიდა რაგბის დონე თუ გაიზარდა?
- მინდა გითხრათ, რომ - არა! არ ვითარდება რაგბი სწორი კუთხით და ეს ბევრი ფაქტორის ბრალია. უწინარესად, დავასახელებ მსაჯობას. რაგბის პრინციპია, რომ ითამაშო სწრაფად, მთელს მოედანს ფარავდე. ჩვენს პირობებში, ეს შეუძლებელია, რადგანაც მსაჯი ყველა წვრილმანზე უსტვენს. რამდენიმე ნათელი წერტილი ამ კუთხითაც არის, მაგრამ თუ გვსურს, რომ სწორად განვვითარდეთ, უწინარესად, მსაჯები უნდა განვვავითაროთ.
- ანუ, კლუბებისა და რაგბის თამაშის მსურველთა რაოდენობის ზრდა, ხარისხზე არ აისახება?
- ეს იმის მაჩვენებელია, რომ რაგბი პოპულარული ხდება საქართველოში, მაგრამ იმის მაჩვენებელი სულაც არაა, რომ მისი დონე მატულობს. შეიძლება გყავდეს 5 გუნდი და ბევრად საინტერესო თამაშს აჩვენებდეს, ვიდრე 20 გუნდი. კლუბებს, წინა პერიოდთან შედარებით, ბევრად უკეთესი პირობები აქვთ, მაგრამ თამაშის ხარისხი, მოთამაშის ტექნიკური დონე, ფიზიკური მდგომარეობა, ძალიან ჩამორჩება თანამედროვე რაგბის. თუ დააკვირდებით, ეროვნულ გუნდში, ლეგიონერებსა და შიდა ჩემპიონატის მოთამაშეებს შორის, ძალიან დიდი სხვაობაა. ეს, წესით არ უნდა ხდებოდეს. ორი ფლაგმანის - “ლელოს” და “ლოკომოტივის” თამაშზე დრო დავინიშნე და ფლეი ოფში ტაიმის სუფთა სათამაშო დრო 5 წუთი და 45 წამი გამოვიდა, მაშინ, როდესაც ევროპაში 30-35 წუთს თამაშობენ...
- როგორც პირველხაზელი, ქართველი პირველხაზელებიდან ვის გამოარჩევდით?
- ბოლო თამაშებზეც გამოჩნდა, ვინაა ღირსეული. როგორც კი, სამეული ერთად მოხვდა, წაგებული თამაში შემოატრიალეს. ამ სამეულს დაუმატეთ ხინჩაგიშვილი და ისინი არიან საუკეთესოები. მთლად ასარჩევადაც არა გვაქვს საქმე, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ. გვყავს საუკეთესოები და კარგები, საუკეთესოებმა თავი წარმოაჩინეს. პირველი ხაზი მარტო შერკინება არ არის. თანამედროვე რაგბიში მათ თამაში უნდა შეეძლოთ, რაც ბევრს არ ეხერხება. იმედი მაქვს, რომ ვასილ კაკოვინი მომავალი ვარსკვლავი იქნება ქართული რაგბისთვის. არიან პატარებიც, რომელთაც დიდი პოტენციალი გააჩნიათ.
- რატომაა, რომ საფრანგეთის ელიტურ დივიზიონებში ქართველ მორკინალებზე უფრო დიდი მოთხოვნილებაა, ვიდრე უკანახაზელებზე?
- შერკინებაში საჭიროა ტკივილამტანი, გამძლე, ჯანიანი, ხასიათიანი, ადვილად არაფრის დამთმობი მორაგბე და ეს ყველაფერი ქართულ ხასიათში ზის. უკანახაზელები საქართველოში არასწორად იზრდებიან. კი, ძელზე ვარჯიშიც საჭიროა, მაგრამ უკანახაზელს უფრო მეტად, სისწრაფესა და ტექნიკაზე ვარჯიში სჭირდება. ქართველი უკანახაზელების ტექნიკა მაღალ დონეს არ აკმაყოფილებს. სამაგიეროდ, მათი აგრესია ბევრად უფრო მეტია, ვიდრე საჭიროა. ყველა კლუბში ფიქრობენ, რომ ქართველები ბევრად სჯობნიან იგივე ზელანდიელებს, რადგანაც ბოლომდე იბრძვიან და ტკივილის მიუხედავადაც კი, საიმედოები არიან.
- ტრავმის ზღვარზე, თქვენ არაერთხელ ჩაგიმთავრებიათ შეხვედრა და მისი შედეგიც განგისაზღვრავთ...
- დამიჯდა კიდევაც ეს კარიერად და 30 წლის ასაკში რაგბიზე თავის დანებება ამან განაპირობა. ყველაფერი რუმინეთის ნაკრებთან შეხვედრით დაიწყო, რასაც მოჰყვა მხრის კუნთის ატროფია. ფორსირებული წესით მოხდა მისი აღდგენა, მაგრამ მერე ერთ-ერთ თამაშზე დამეშალა მხრის სახსარი. ოპერაციის შემდეგ, ისევ ფორსირებულად ვიმკურნალე, რადგან ძალიან მინდოდა მსოფლიოზე თამაში და როდესაც უნდა დავბრუნებულიყავი მაქსიმუმ 8 თვეში, 6 თვის თავზე სრულ მზადყოფნაში ვიყავი. მსოფლიოზე არ წამიყვანეს, მაგრამ მერე კლუბში თამაშზეც ვეღარ ვთქვი უარი, არასწორი ვიქნებოდი. მეტყოდნენ - “იქ თუ ითამაშებდი, აქ რატომ ვერაო”. საფრანგეთის ჩემპიონატი მსოფლიოში ურთულესია და ოთხ თვეში რეციდივი მოხდა, რის შემდეგაც, ქირურგმა დასვა დიაგნოზი, რომ ჩემი თამაში აღარ შეიძლებოდა და ნაადრევად აღმოვჩნდი პენსიონერი.
- უფრო კონკრეტულად, რუმინეთთან მატჩში რა მოხდა?
- კისრის მალებში დისკის პრობლემა მქონდა. შერკინების დროს, ეს დისკი დაიძრა და ნერვი მოიყოლა. საშინელი ტკივილი იყო, ორივე ხელი მომენტალურად დამებეჟა და ვიფიქრე, რომ კისერი მოვიტეხე. წყლის დასხმა რომ ვიგრძენი, მივხვდი, მოტეხილობა არ იყო, მაგრამ ნერვის მოყოლამ ატროფია გამოიწვია. თავიდან, თამაშიდან კი გამოვედი, მაგრამ როცა გუნდს გაუჭირდა, შევბრუნდი და რუმინელებს ლელოც გავუტანე, მაგრამ თითოეული შერკინებისას ლამის მეტირებოდა, ისეთ დღეში ვიყავი. მანამდე, სანამ მოედანზე ვიყავი, სიტუაციას ვაკონტროლებდით, თუმცა, მერე ავირიეთ და რუმინელებმა გარდატეხა შეიტანეს. ალბათ, ფსიქოლოგიური მომენტი იყო. პატივცემულ კლოდს მაშინ ვუთხარი - სულ კარიერად რომ დამიჯდეს, უნდა დავბრუნდე მოედანზე-თქო. სიმართლე გითხრათ, ბევრი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ალბათ, ბიჭები ჩემმა დაბრუნებამ გაამხნევა და მათ სასწაულების კეთება დაიწყეს. ლელოს გატანა იღბლის მომენტი იყო, რადგანაც მის გამტანზე მეტად, შემქმნელს ვაფასებ.
- რაგბიში დარჩენას და მწვრთნელობას ხომ არ გეგმავთ?

- ახლაც მაქვს საფრანგეთიდან 2 შემოთავაზება. მიყვარს სპორტის ეს სახეობა, მაგრამ მე მყავს შვილები, რომლებსაც აქ უფრო ვჭირდები. შეიძლება გავხდე წარმატებული მწვრთნელი, მაგრამ მირჩევნია, ჩემმა შვილებმა მაქსიმალურად ისიამოვნონ ცხოვრებისგან, ვიდრე ჩემს კარიერას შეეწიროს მათი კეთილდღეობა.
- რაგბიდან ყველაზე კარგად რა დაგამახსოვრდათ?
- ბევრი სასიამოვნო მომენტი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად მსოფლიოს თასზე გასვლამ გამახარა. ჩემი თაობის მორაგბეებს არც ხელფასი არ გვაინტერესებდა, არც არაფერი. ენთუზიაზმზე ვთამაშობდით და ვფიქრობდით, რომ თუ მსოფლიოზე გავიდოდით, აღიარებას და დაფასებას მოვიპოვებდით საქართველოში. მართალია, მესამე მსოფლიოს თასი დასჭირდა მაგას, მაგრამ უბედნიერესი მორაგბე და ადამიანი ვარ, რადგანაც ჩემი ყურით მოვისმინე, რომ წლის საუკეთესო სპორტსმენად, როგორც იქნა, აღიარეს მორაგბე. მართალია, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ ბევრი ისეთი საქმე გვაქვს გაკეთებული, რომ ამას ვიმსახურებდით. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. სწორედ ჩვენმა თაობამ დაძრა ის, რამაც აქამდე მოგვიყვანა და ყველაზე დიდ წარმატებად სწორედ ეს მიმაჩნია. რაგბის პოპულარიზაცია დიდწილად, ჩვენმა თაობამ განაპირობა და მისი ერთ-ერთი რიგითი მონაწილე მეც ვიყავი.
ზურა ქსოვრელი  

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.137997