საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ, Top 14-ის XVI რაუნდში, გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “ტულუზამ”, პარიზში “სტად ფრანსესთან” მიმდინარე სეზონში უცუდესი შეხვედრა ჩაატარა და უშანსოდ დამარცხდა. ტულუზელებს მომავალ უქმეებზე “ჰეინეკენის თასის” შეხვედრა ელით და ძალები დაზოგეს, რითაც მასპინძლებმა სათანადოდ ისარგებლეს და 31:3 იმარჯვეს.
ამ გუნდებში ქართველი ლეგიონერები არ გამოდიან, მაგრამ პარიზში გამართულ შეხვედრას მათი გუნდებისთვის მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ლიდერთან მაქსიმალურად მიახლოვების შანსი ეძლეოდათ. სამწუხაროდ, ლიდერთა ექვსეულში მოსახვედრად მებრძოლი ქართველი ლეგიონერების 4 კლუბიდან, გამარჯვება ვერცერთმა მოიპოვა და მათ ესოდენ კარგი შანსი ქარს გაატანეს. უფრო მეტიც, Top 14-ის 6 “ქართული კლუბიდან”, გამარჯვება მხოლოდ ერთმა მოიპოვა და ისიც “ქართულ დერბიში”.
საფრანგეთის ჩემპიონი “კლერმონი”, “ბრივს” იმ იმედით ეწვია, რომ ზედიზედ მესამე თამაშს მოიგებდა და საჩემპიონო ფლეი ოფში გამსვლელ საუკეთესო ექვსეულში ადგილს გაიმყარებდა, მაგრამ ბრიველებს თავიანთი ამოცანა აქვთ გადასაჭრელი, საგაისოდ უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვიან და არაფრის დათმობას არ აპირებდნენ, მით უმეტეს, რომ “კლერმონმა” პირველი ტაიმი საშინლად ჩაატარა. შეხვედრას 10892 მაყურებელი დაესწრო. მასპინძლები ჯარიმით დაწინაურდნენ, სტუმრებმა ორი სალელოვე შეტევა წამოიწყეს, მაგრამ ბურთი დაკარგეს და შანსი გაანიავეს, ხოლო “ბრივი” მეტოქის ჩათვლის მოედანს პირველად მე-17 წუთზე მიუახლოვდა და ლელოც გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია დაურთო. “კლერმონმა” ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა, შესვენებამდე თავად ორჯერ დაჯარიმდა და ტაიმი 3:16 დათმო.
ანგარიში მეორე ნახევრის მე-3 წუთზე კიდევ უფრო გაიზარდა, მასპინძლებმა ლელო გაიტანეს და გარდასახვა ზუსტად შეასრულეს. ამის შემდეგ, “კლერმონი” სრული ძალით ამოქმედდა, მაგრამ მათი გარჯა შეხვედრის გადასარჩენად, საკმარისი არ აღმოჩნდა. 57-ე წუთამდე სტუმრებმა ორი ლელო გაიტანეს და ერთი რეალიზაცია გამოიყენეს, ამაზე მასპინძლებმა 64-ე წუთზე ჯარიმით უპასუხეს, სამ წუთში “კლერმონმა” თავისი მესამე ლელო გაიტანა და რეალიზაციით ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო, შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე, ჯარიმა თავად მიიღო და 22:29 დამარცხდა.
ამრიგად, მეორე ტაიმში ნაჩვენები კარგი თამაშისთვის, “კლერმონი” 7 ქულით მარცხისათვის, მხოლოდ ერთი პრემიალური ქულით დაჯილდოვდა, ჯამში 44 ქულა დაუგროვდა და მე-5 ადგილზე იმყოფება. “ბრივს” 26 ქულა აქვს და ამ გამარჯვებამ მე-12 პოზიციის შენარჩუნების საშუალება მისცა. რაც შეეხება, ქართველ ლეგიონერებს, “ბრივის” რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო პირველხაზელი დავით ხინჩაგიშვილი და ის 61-ე წუთზე ასევე პირველხაზელმა, ვასილ კაკოვინმა შეცვალა. ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენი, დავით ზირაქაშვილიც და მან ხინჩაგიშვილის მსგავსად, მოედანზე 61 წუთი გაატარა.
ლიდერთან ყველაზე ახლოს მყოფმა, ყველაზე “ქართულმა გუნდმა” “მონპელიემ”, შარშანდელ ფინალისტ “პერპინიანს” უმასპინძლა. “პერპინიანისთვის” ყველა მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ფლეი ოფში გასვლა ძალზედ სათუო გაუხდა, ხოლო “მონპელიე” წელს ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა და მოედანზე ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა. სტუმრებმა შეხვედრის ერთადერთი ლელო კი გაიტანეს, მაგრამ ლურჯ-თეთრებს ვიდეორეფერიმ უშველა, რომელმაც ბურთის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ დააფიქსირა და “პერპინიანის” გარჯა ამაო გამოდგა. სტუმრები 22-ე წუთისთვის ორი ჯარიმით იგებდნენ, 24-ე წუთზე მასპინძლებმა ერთი ჯარიმა მიითვალეს და ტაიმი 3:6 დათმეს. “მონპელიემ” ჯარიმითვე წონასწორობა 49-ე წუთზე აღადგინა, მაგრამ 50-ე და 52-ე წუთებზე, “პერპინიანმა” ჯარიმები 50 მეტრზე შორი დისტანციიდან გაიტანა და თითქოს გამარჯვებაც მათ უნდა დარჩენოდათ, თუმცა, მასპინძლებმა ძალა გამონახეს, საპასუხოდ კვლავ ორი ჯარიმა მიითვალეს და შეხვედრა ფრედ 12:12 დასრულდა, რისთვისაც ორივე გუნდს ორ-ორი ქულა ერგო.
ამრიგად, რადგან ტურის დასკვნით შეხვედრაში “მეტრო რასინგმა” იმარჯვა, 47 ქულის მომგროვებელი “მონპელიე” მე-3 საფეხურამდე დაეშვა და ლიდერს ოთხი ქულით ჩამორჩება. განვლილ მატჩში, ძირითად შემადგენლობაში იყო და შერკინების მეორე ხაზში ითამაშა, მამუკა გორგოძემ. როგორც ჩანს, “მონპელიე” ტრავმებმა შეაწუხა და მწვრთნელმა გორგოძე მესამე ხაზიდან მეორეში, ამის გამო გადაიყვანა. ძირითად შემადგენლობაში იყო შერკინების პირველხაზელი, გიორგი ჟღენტი. მან ტრავმა მიიღო და პირველსავე ტაიმში, 34-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა. განაცხადში ვერ მოხვდნენ პირველხაზელი გოდერძი შველიძე და მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე.
სამწუხარო მარცხი იწვნია აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა”. ის “ბაიონს” ეწვია და 78-ე წუთზე გაშვებული ლელოთი დამარცხდა. მე-20 წუთისთვის მასპინძლები ორ-ორი ლელოთი და არეკნით 12:0 იგებდნენ, სტუმრებმა ორი ჯარიმით უპასუხეს, მაგრამ ზედ შესვენების წინ, კიდევ ერთი ჯარიმა გაუშვეს და ტაიმი 6:15 დათმეს. მეორე ნახევრის დასაწყისში “კასტრმა” ჯარიმა გაიტანა, ხოლო ათ წუთში შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა და სტუმრები ერთი ქულით დაწინაურდნენ - 16:15. 55-ე წუთზე მასპინძლებმა ჯარიმით ანგარიში 50-ე და 52-ე წუთებზე კვლავ წაიყვანეს, მაგრამ 72-ე წუთამდე “კასტრმა” ორი ჯარიმის გატანა მოახერხა და თითქოს მოგებაც ახლოს იყო, თუმცა, ბოლო წუთებზე საკუთარი ჩათვლის მოედანი ხელუხლებლად ვეღარ შეინახა, ლელოს ზუსტი რეალიზაცია მოყვა და 22:25 დამარცხდა. ამ მარცხში ქართველ პირველხაზელებს წვლილი არ მიუძღვით, რადგანაც ისინი განაცხადშიც არ იყვნენ. “კასტრმა” მცირე სხვაობით მარცხისათვის ერთი პრემიალური ქულა აიღო და ჯამში 41 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. ის საუკეთესო ექვსეულისთვის ჯერ კიდევ იბრძოლებს.
არეკნებით დახუნძლულ შეხვედრაში ვერ იხეირა დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა”, რომელიც პარიზში “მეტრო რასინგთან” 12:15 დამარცხდა. ჯონ უილკინსონმა მე-9 წუთზე გატანილ ჯარიმას შესვენებამდე, სამი არეკნი დაურთო, ამ პერიოდში ტულონელებმა მხოლოდ ერთი ჯარიმა მიიღეს და ტაიმი 12:3 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში სამი არეკნის გატანა მასპინძლებმაც შეძლეს, ზედ ერთი ჯარიმაც მიაყოლეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 72 წუთი გაატარა. მის გუნდს “კასტრის” მსგავსად, 41 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზეა.
ლელოუხვი ბურთაობა გააჩაღეს ბექა შეყლაშვილის “აჟენმა” და ფრანგული პასპორტის მქონე, დიმირტი იაშვილის “ბიარიცმა”. საკუთარ მოედანზე მოთამაშე ბიარიცელებმა მეტოქე 65:22 დაამარცხეს. მასპინძლებმა 10 ლელო მიითვალეს, აქედან სამ-სამი საკუთარ ანგარიშზე ლორეტმა და აუგუსტმა ჩაიწერეს, სამი ლელო გაიტანეს სტუმრებმა, მაგრამ “ბიარიცის” უპირატესობა ყოველთვის იმხელა იყო, რომ გამარჯვებულის ვინაობა ეჭვქვეშ წამითაც არ დამდგარა. ქართველი პირველხაზელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა. მის “აჟენს” 24 ქულა დარჩა და რადგან საკუთარ შეხვედრაში “ლა როშელმა” აუტსაიდერ “ბურგონს” სტუმრად 44:14 აჯობა, ქართველი გუნდმა გასავარდნ მე-13 ადგილზე ჩაინაცვლა.
ახლა Top 14-ის გუნდები ევროტურნირებზე, “ჰეინეკენისა” და “ჩელენჯის” თასებზე გადაინაცვლებენ და ორი კვირის განმავლობაში ჯგუფურ ეტაპს მოილევენ, ხოლო შიდა ასპარეზს 26 იანვრიდან დაუბრუნდებიან.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 51, 2. მეტრო რასინგი - 49, 3. მონპელიე - 47, 4. ბიარიცი - 44, 5. კლერმონი - 44, 6. ტულონი - 41, 7. კასტრი - 41, 8. ბაიონი - 40, 9. სტად ფრანსე - 40, 10. პერპინიანი - 35, 11. ლა როშელი - 26, 12. ბრივი - 26, 13. აჟენი - 24, 14. ბურგონი - 5.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია