დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რანგით მე-2 ევროპის საკლუბო ტურნირის, “ამლინ ჩელენჯ ქაფ”-ის 1/4-ფინალში, ქართველი ლეგიონერების ერთი ფრანგული კლუბი აუცილებლად ითამაშებს, მეორეს კი, ფლეი ოფში მოსახვედრად მცირე ნაბიჯის გადადგმაღა რჩება. შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე 5 ჯგუფის გამარჯვებული გადის და მათ “ჰეინეკენის თასის” ჯგუფურ ეტაპზე მე-2-ადგილოსანთა შორის III-V ადგილზე გასული 3 გუნდი დაემატება (2 საუკეთესო მეორეადგილოსანი ბრძოლას “ჰეინეკენის თასზე” აგრძელებს).
ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, 1/4-ფინალის საგზური გაინაღდა დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივმა”, რომელმაც მე-2 ჯგუფში აქამდე გამართული ხუთივე მატჩი მოიგო და მდევრისათვის მიუწვდომელი გახდა. მართალია, ევროპული სარაგბო გრანდები “ჩელენჯ ქაფ”-ის გათამაშებას განსაკუთრებულ ყურადღებას არ უთმობენ, მაგრამ საკუთარ ტოპ -14-ში არცთუ წარმატებულად მობურთალმა ბრიველებმა მოინდომეს და უშუალო კონკურენტ ინგლისურ “სეილ შარქსს” ორივე ჯახში აჯობეს. თავიდანვე ცხადი იყო, რომ იტალიური და ესპანური კლუბები, ფრანგულ-ინგლისურ გრანდებს ტოლსწორად ვერ დაუდგებოდნენ და მე-2 ჯგუფიდან გამსვლელი გუნდის ვინაობაც, სწორედ უშუალო კონკურენტების დაპირისპირებამ გადაწყვიტა.
მიუხედავად ამისა, ფორმალობა მოითხოვდა, რომ V ტურში “ბრივს” საკუთარ მოედანზე ესპანურ “ელ სალვადორთან” ეთამაშა და ტრიბუნაზე 3 ათასამდე გულშემატკივარმა იმ იმედით მოიყარა თავი, რომ მათი საყვარელი გუნდი მეტოქის ჩათვლის მოედანს ლელოებით ამოავსებდა. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა - პირველ წრეში “ბრიველებმა” “ელ სალვადორი” მისსავე მოედანზე 116:3 შეარცხვინა და აბა, სხვაგვარად ფიქრი როგორ შეიძლებოდა, მაგრამ პირველმა ტაიმმა ფრანგებს მცირე შიში ჩაუნერგა.
ესპანელები მე-5 წუთზე ჯარიმით დაწინაურდნენ და ტაიმის შუამდე უპირატესობა შეინარჩუნეს. მასპინძლები ლელოთი მე-20 წუთზე გავდნენ წინ და ზედ რეალიზაციაც მიაყოლეს, მაგრამ შესვენებამდე ვეღარაფერს გახდნენ და ტაიმი მხოლოდ 7:3 მოიგეს. ფრანგთა თავკაცმა აღარ დაახანა, შესვენებისას ერთბაშად 4 მორაგბე შეცვალა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მე-2 ტაიმში “ბრივმა” ერთბაშად 7 ლელო გაიტანა, 5 რეალიზაცია გამოიყენა და ჯამში 52:3 იმარჯვა. ამრიგად, ფრანგებს 23 საცხრილო ქულა დაუგროვდათ, უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებენ და 22 იანვარს, იტალიაში “პეტრარკასთან” რომც დამარცხდეს, მისი დამწევი აღარავინაა. რაც შეეხებათ ქართველ ლეგიონერებს, ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო კაკოვინი თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო, მაშინ, როდესაც “ბრივი” მხოლოდ 21:3-ს იგებდა და პრემიის მომტანი მე-4 ლელო გატანილი არ ჰქონდა.
ინგლისური “ნიუკასლი” და მისი 3075 ქომაგი, საკუთარ “კინგსტონზე” “ქართულ” “მონპელიეს” იმ იმედით დაუხვდა, რომ გაიმარჯვებდა და ფლეი ოფში გასვლის შანსს შეინარჩუნებდა. იმედს ისიც ამძაფრებდა, რომ ნიუკასლელებს საკუთარ მოედანზე ფრანგულ კლუბებთან აქამდე გამართული 20 შეხვედრიდან, მხოლოდ ერთი ჰქონდა წაგებული. ეს 2 წლის წინათ მოხდა, როდესაც “ბრივმა” ლელო ბოლო წუთზე გაიტანა და ნიუკასლში 10:9 იმარჯვა.
“ნიუკასლისა” და “მონპელიეს” დაპირისპირება უსახური საყურებელი გამოდგა. ხშირი იყო შეცდომები და ლელოს გატანა ვერცერთმა გუნდმა მოახერხა, სამაგიეროდ, ფრანგებმა ძირითად მიზანს უწიეს და შინ 4 ქულით დაბრუნდნენ. არადა, “მონპელიე” “ჩელენჯ ქაფ”-ს დიდ ყურადღებას არ უთმობს და ევროთასების მატჩების დროს საკუთარ ლიდერებს დასვენების საშუალებას აძლევს, რის გამოც, ჯარიმის გადახდაც დაეკისრა, მაგრამ მათი მეორე შემადგენლობა მაინც წარმატებულად ბურთაობს. “ნიუკასლთან” ჯახში გადამწყვეტი მე-14 და 23-ე წუთები აღმოჩნდა, როდესაც ფრანგებმა 2 ჯარიმა გაიტანეს. 33-ე წუთზე ისინი მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ, მაგრამ ეს პერიოდიც და თამაშის ბოლომდე დარჩენილი დროც გაძლეს. მართალია, თავად მონაგარს ვერაფერი შემატეს, მაგრამ არც მეტოქე ახეირეს და 6:0 იმარჯვეს.
“მონპელიე” მე-3 ჯგუფს 17 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ინგლისურ “ექსეტერს” 2 ქულით უსწრებს. სწორედ “ექსეტერი” იქნება ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ფრანგთა მეტოქე და მათთვის ფლეი ოფში მოსახვედრად ფრეც საკმარისი იქნება. ბარემ ვთქვათ, რომ “მონპელიემ” პირველ შეხვედრაში “ექსეტერს” სტუმრად 20:13 აჯობა და წარმატების იმედი ახლაც აქვს.
ქართველ ლეგიონერთაგან “ნიუკასლის” წინააღმდეგ პირველხაზელმა, გოდერძი შველიძემ და მესამეხაზელმა, გიორგი ჩხაიძემ ითამაშეს. პირველი მოედანზე 53-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო მეორე - 54-ეზე. პირველხაზელი, გიორგი ჟღენტი და მეორე-მესამეხაზელი, მამუკა გორგოძე განაცხადში არ იყვნენ.
ფლეი ოფში მოხვედრის მხოლოდ თეორიული შანსი შერჩა ბექა შეყლაშვილის “აჟენს”, რომელმაც ფრანგულ დერბიში “ლა როშელს” უმასპინძლა და 17:28 დამარცხდა. ეს გუნდები ტოპ - 14-შიც კონკურენტები არიან და იქ უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვიან. შიდა ასპარეზზე “აჟენმა” მეტოქეს 29:14 კი აჯობა, მაგრამ ევროტურნირზე “ლა როშელთან” მეორედაც დამარცხდა, არადა, ბოლო ათ წუთამდე საქმე არც ისე ცუდად მიდიოდა.
სტუმრები ლელო-გარდასახვით მე-12 წუთისთვის დაწინაურდნენ, მაგრამ თითქმის 6 ათასი გულშემატკივარის გასახარად, მასპინძლებმა დაახლოებით, ხუთ წუთში იგივე გაიმეორეს და წონასწორობა აღადგინეს. “ლა როშელი” ჯარიმით მალე ისევ დაწინაურდა, 28-ე წუთზე კი, ჯარიმიდან მეორედაც იხეირა და უპირატესობა ექვს ქულამდე გაზარდა. “აჟენმა” თავისი მე-2 ლელო ზედ შესვენების წინ გაიტანა, რეალიზაციაც გამოიყენა და ტაიმი 14:13 მოიგო, მეორე ნახევრის დასაწყისშივე კი, ჯარიმით უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა. სტუმრებმა ჯარიმითვე, ჩამორჩენა მინიმუმამდე 62-ე წუთზე დაიყვანეს, გამარჯვება კი, 72-ე და 75-ე წუთებზე გატანილი ლელოებით მოიპოვეს, რომელთაც ერთი ზუსტი რეალიზაცია დაურთეს. ქართველი პირველხაზელი განაცხადში იყო და თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო.
V ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ინგლისურმა “გლოსტერმა” იტალიაში “როვიგოს” იოლად სძლია, რის შედეგადაც “აჟენი” მე-3 საფეხურამდე დაეშვა. მას 15 ქულა აქვს და ლიდერს 4 ქულით ჩამორჩება. ამრიგად, შეყლაშვილის გუნდმა, ფლეი ოფში მოსახვედრად, ბოლო ტურში “გლოსტერს” ინგლისში უნდა აჯობოს, თანაც ისე, რომ 4 ან მეტი ლელო გაიტანოს და პრემიალური ქულა აიღოს. პარალელურად, “ლა როშელი” საკუთარ მოედანზე “როვიგოსთან” 7 და მეტი ქულის სხვაობით უნდა დამარცხდეს და პრემიალური ქულა ვერ აიღოს, მოვლენათა ასეთი განვითარება კი, ძნელად სავარაუდოა.
“ამლენ ჩელენჯ ქაფი”.
მე-5 ტური
I ჯგუფი
ბაიონი - კონახტი 21:35
კავალიერი - ჰარლექუინსი 16:48
1 | ჰარლექუინსი | 5 | 4 | 0 | 1 | 150-67 | 19 |
2 | ბაიონი | 5 | 3 | 0 | 2 | 146-77 | 15 |
3 | კონახტი | 5 | 2 | 0 | 3 | 90-92 | 10 |
4 | კავალიერი | 5 | 1 | 0 | 4 | 70-220 | 4 |
მომდევნო ტური
22 იანვარი: ჰარლექუინსი - ბაიონი, კონახტი - კავალიერი
II ჯგუფი
ბრივი - ელ სალვადორი 52:3
სეილ შარქსი - პეტრარკა 54:0
1 | ბრივი | 5 | 5 | 0 | 0 | 233-34 | 23 |
2 | სეილ შარქსი | 5 | 3 | 0 | 2 | 229-53 | 16 |
3 | პეტრარკა | 5 | 1 | 0 | 4 | 68-189 | 5 |
4 | ელ სალვად. | 5 | 1 | 0 | 4 | 64-318 | 4 |
მომდევნო ტური
22 იანვარი: პეტრარკა - ბრივი, ელ სალვადორი - სეილ შარქსი
III ჯგუფი
ექსეტერი - ბურგონი 17:6
ნიუკასლი - მონპელიე 0:6
1 | მონპელიე | 5 | 4 | 0 | 1 | 115-71 | 17 |
2 | ექსეტერი | 5 | 3 | 0 | 2 | 124-81 | 15 |
3 | ნიუკასლი | 5 | 2 | 0 | 3 | 66-114 | 9 |
4 | ბურგონი | 5 | 1 | 0 | 4 | 91-130 | 6 |
მომდევნო ტური
22 იანვარი: ბურგონი - ნიუკასლი, მონპელიე - ექსეტერი
IV ჯგუფი
კროსიატი - ბუქარესტი 16:12
სტად ფრანსე - ლიდსი 39:10
1 | სტად ფრანსე | 5 | 5 | 0 | 0 | 182-56 | 24 |
2 | ლიდსი | 5 | 3 | 0 | 2 | 147-82 | 14 |
3 | ბუქარესტი | 5 | 1 | 0 | 4 | 68-122 | 5 |
4 | კროსიატი | 5 | 1 | 0 | 4 | 53-190 | 5 |
მომდევნო ტური
23 იანვარი: ლიდსი - ბუქარესტი, კროსიატი - სტად ფრანსე
V ჯგუფი
აჟენი - ლა როშელი 17:28
როვიგო - გლოსტერი 7:55
1 | ლა როშელი | 5 | 4 | 0 | 1 | 126-74 | 19 |
2 | გლოსტერი | 5 | 3 | 0 | 2 | 195-70 | 16 |
3 | აჟენი | 5 | 3 | 0 | 2 | 160-98 | 15 |
4 | როვიგო | 5 | 0 | 0 | 5 | 38-277 | 0 |
მომდევნო ტური
20 იანვარი: ლა როშელი - როვიგო, გლოსტერი - აჟენი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია