დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა”, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰეინეკენის თასის” V ტურში, უშუალო კონკურენტი დაამარცხა და ფლეი ოფში გასვლა ნაადრევად გაინაღდა. იქ მოხვედრის შანსს ინარჩუნებს დავით ზირაქაშვილის “კლერმონი”, აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა” კი, ყველანაირი შანსი დაკარგა.
ქუბრიაშვილის “ტულონმა” “ჰეინეკენის თასის” ორგზის გამარჯვებულ ირლანდიურ “მანსტერს” უმასპინძლა და მომხდური 32:16 დაამარცხა. სტუმართათვის ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც მარცხის შემთხვევაში, ისინი 13 სეზონის განმავლობაში პირველად, 1/4-ფინალს მიღმა რჩებოდნენ. “ტულონს” თავისი ამოცანა ჰქონდა გადასაჭრელი. მათთვის გამარჯვება ფლეი ოფში გასვლის გარანტი იყო და 14 ათასი მაყურებლის სასიხარულოდ, ფრანგებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ ტულონელებმა “ჰეინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპი პირველად დაძლიეს.
ინტერნაციონალურმა “ტულონმა” მეტოქეს მოძრაობაში აჯობა და მათი გამარჯვება დიდწილად ინგლისელმა ჯონ უილკინსონმა განაპირობა, რომელმაც 6 ჯარიმითა და 2 რეალიზაციით მასპინძლებს 22 ქულა შესძინა. სტუმრები ჯარიმით დებიუტშივე დაწინაურდნენ, თუმცა, უილკინსონმა მე-16 წუთამდე სამით უპასუხა, ხოლო 22-ე წუთზე, იაპონელი ლეგიონერის მიერ გატანილი ლელო გარდასახა - 16:3. ოგარამ თავისი მეორე ჯარიმა გაიტანა, მაგრამ 33-ე წუთზე “მანსტერი” მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა და ინგლისელს ფეხის სიზუსტემ არც ამჯერად უღალატა. “ტულონმა” მძლავრი პირველი ტაიმი ასევე ჩაამთავრა და თავისი მეორე ლელო გაიტანა, უილკინსონი კვლავ ზუსტი იყო, სტუმრებმა კი, ზედ სასტვენის წინ მესამე ჯარიმა გაიტანეს და ტაიმი 9:26 დათმეს.
დაიწყო მეორე ტაიმი თუ არა, უილკინსონმა ჯარიმით უპირატესობა კვლავ 20 ქულამდე გაზარდა, მერე სტუმრებს კიდევ ერთი მორაგბე გაუსინბინეს, სასჯელის 10 წუთიანი ვადის ამოწურვისთანავე კი, ინგლისელმა მორიგი ჯარიმა გამოიყენა და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 32:9. ამის შემდეგ, ფრანგებმა დროის გაყვანაზე დაიწყეს ფიქრი და 65-ე წუთზე, უდისციპლინობის გამო, ყვითელი ბარათით დაისაჯნენ. მსაჯმა ქუბრიაშვილი “გააყვითლა”, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ შეცვალეს. ირლანდიელებმა შეხვედრის მიწურულს ერთი ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს, მაგრამ ეს თუნდაც ერთი პრემიალური ქულის ასაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა “ტულონს” 17 ქულა აქვს, უახლოეს მდევარ “მანსტერს” 6 ქულით უსწრებს და ფლეი ოფში თამაში განაღდებული აქვს.
მიუხედავად ამისა, დასკვნით ტურში, უელსში, “ოსპრეისთან” გასამართი შეხვედრა მნიშვნელობას მაინც არ კარგავს. შეგახსენებთ, რომ “ჰეინეკენის თასის” 1/4-ფინალში ჯგუფის პირველადგილოსნები კი გადიან, მაგრამ ოთხი საუკეთესო მაჩვენებლის მქონე გუნდი, ერთმატჩიან ჯახში მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ექვს პირველადგილოსანს ფლეი ოფში ორი საუკეთესო მეორეადგილოსანიც გადაყვება და სწორედ ერთ-ერთი საუკეთესო მეორეადგილოსნად გახდომის შანსი შეინარჩუნა დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე ფრანგულ დერბიში “მეტრო რასინგი” 28:17 დაამარცხა და რაც მთავარია, ოთხი ლელოს გატანისთვის ერთი პრემიალური ქულაც მოინაგრა.
შეხვედრას 15263 მაყურებელი დაესწრო და საწყისმა 15-მა წუთმა ისინი შოკში ჩააგდო, რადგანაც ამ პერიოდში მასპინძლებმა ჯარიმის, ლელოსა და რეალიზაციის გაშვება მოასწრეს. “კლერმონმა” ერთი საპასუხო ლელო 25-ე წუთზე გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და ტაიმი 7:10 დათმო. მასპინძელთათვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მეორე ნახევრის შუაწელი. ოთხ წუთში მათ ორი ლელო გაიტანეს, ორივე რეალიზაცია გამოიყენეს და 21:10 დაწინაურდნენ. “მეტრო რასინგმა” თავისი მეორე ლელო სამ წუთში გაიტანა და რეალიზაციის გატანის შემდეგ ჩამორჩენა შეამცირა - 17:21. “კლერმონისთვის” პრემიალური ქულა შესაძლოა, სასიცოცხლო აღმოჩნდეს, ამიტომ, მათ უფრო მოინდომეს, მატჩის მიწურულს მეოთხე ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და 28:17 იმარჯვეს.
ქართველი პირველხაზელი განაცხადში იყო და თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო. ახლა “კლერმონს” 14 ქულა აქვს და “ლინსტერს” 5 ქულით ჩამორჩება. მას პირველი ადგილის დაკავების შანსი აღარ აქვს, რადგან ბოლო ტურში “სარაცინი” სტუმრად რომც დაამარცხოს და თანაც ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც აიღოს, ხოლო “ლინსტერი” “მეტრო რასინგთან” დიდი სხვაობით დამარცხდეს, ირლანდიელები ფრანგებს ურთიერთშეხვედრებში ჯობნიან და პირველ ადგილი მაინც მათ დარჩებათ. სამაგიეროდ, “კლერმონს” შეუძლია ორ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის ერთ-ერთი გახდეს, ოღონდ ამისათვის მას გამარჯვება მართებს, სხვა ჯგუფებში კი, მოვლენები მისდა სასიკეთოდ უნდა განვითარდეს.
აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”, უელსში “კარდიფთან” სულ რაღაც 5 ქულის სხვაობით დამარცხდა და ერთი პრემიალური ქულა აიღო, მაგრამ მას ფლეი ოფში გასვლის შანსი აღარ დარჩა. “კასტრს” 11 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერ “ნორთჰემპტონს” 10 ქულით ჩამორჩება. ამასთან, ფრანგებს არც ორ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდერის შანსი აქვთ, რადგანაც სხვა ჯგუფებში მინიმუმ ორ მეორეადგილოსანს 17 ქულა ყველა ვარიანტში ექნება.
მართალია, ამ შეხვედრის წინ “კარდიფს” “ჰეინეკენის თასის” 1/4-ფინალში გასვლის შანსი აღარ ჰქონდა, მაგრამ მაისის ბოლოს, როგორც “ჰეინეკენის”, ასევე “ჩელენჯ ქაფის” ფინალი, სწორედ უელსის დედაქალაქში გაიმართება და “კარდიფ ბულზს” სურს, რომ ერთ-ერთში მაინც ითამაშოს. “კასტრის” ადრეულ ჯარიმას უელსელებმა ორით უპასუხეს, 27-ე წუთზე ლელო გაიტანეს და ტაიმი 11:3 მოიგეს. მეორე ნახევრის დასაწყისში მასპინძლებმა ჯარიმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. ფრანგებმა ერთი ჯარიმა 51-ე წუთზე გამოიყენეს და ლელოს გატანას ეცადნენ, არ გამოუვიდათ და ბოლო წუთზე ისღა დარჩენოდათ, რომ გამოყენებული ჯარიმით საბოლოო შედეგი დაეფიქსირებინათ - 9:14. ქართველი პირველხაზელები განაცხადში იყვნენ, ფეიქრიშვილი თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო გიორგაძე - მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა.
“ჰეინეკენის თასი”.
მეხუთე ტური
I ჯგუფი
კარდიფი - კასტრი 14:9
ნორთჰემპტონი - ედინბურგი 37:0
1 | ნორთჰემპტონი | 5 | 5 | 0 | 0 | 132-75 | 21 |
2 | კასტრი | 5 | 2 | 0 | 3 | 93-92 | 11 |
3 | კარდიფი | 5 | 2 | 0 | 3 | 86-99 | 10 |
4 | ედინბურგი | 5 | 1 | 0 | 4 | 84-129 | 7 |
მომდევნო ტური
22 იანვარი: კასტრი - ნორთჰემპტონი, ედინბურგი - კარდიფი
II ჯგუფი
კლერმონი - მეტრო რასინგი 28:17
ლინსტერი - სარაცინი 43:20
1 | ლინსტერი | 5 | 4 | 0 | 1 | 143-93 | 19 |
2 | კლერმონი | 5 | 3 | 0 | 2 | 90-80 | 14 |
3 | მეტ. რასინგი | 5 | 2 | 0 | 3 | 93-115 | 9 |
4 | სარაცინი | 5 | 1 | 0 | 4 | 93-131 | 6 |
მომდევნო ტური
21 იანვარი: მეტრო რასინგი - ლინსტერი, სარაცინი - კლერმონი
III ჯგუფი
ლონდონ აირიში - ოსპრეი 24:12
ტულონი - მანსტერი 32:16
1 | ტულონი | 5 | 4 | 0 | 1 | 126-105 | 17 |
2 | მანსტერი | 5 | 2 | 0 | 3 | 115-108 | 11 |
3 | ოსპრეი | 5 | 2 | 0 | 3 | 88-96 | 10 |
4 | ლონდ. აირ. | 5 | 2 | 0 | 3 | 93-113 | 9 |
მომდევნო ტური
22 იანვარი: მანსტერი - ლონდონ აირიში, ოსპრეი - ტულონი
IV ჯგუფი
ბათი - აირონი 55:16
ოლსტერი - ბიარიცი 9:6
1 | ბიარიცი | 5 | 3 | 0 | 2 | 114-66 | 17 |
2 | ოსლტერი | 5 | 4 | 0 | 1 | 102-87 | 17 |
3 | ბათი | 5 | 2 | 0 | 3 | 128-82 | 13 |
4 | აირონი | 5 | 1 | 0 | 4 | 59-168 | 4 |
მომდევნო ტური
22 იანვარი: ბიარიცი - ბათი, აირონი - ოლსტერი
V ჯგუფი
ბენეტონი - პერპინიანი 9:44
სკარლეტსი - ლესტერი 18:32
1 | პერპინიანი | 5 | 3 | 1 | 1 | 159-107 | 17 |
2 | ლესტერი | 5 | 3 | 1 | 1 | 153-103 | 17 |
3 | სკარლეტსი | 5 | 3 | 0 | 2 | 144-154 | 15 |
4 | ბენეტონი | 5 | 0 | 0 | 5 | 94-186 | 1 |
მომდევნო ტური
23 იანვარი: ლესტერი - ბენეტონი, პერპინიანი - სკარლეტსი
VI ჯგუფი
გლაზგო - უოსპსი 20:10
ტულუზა - ნიუპორტი 17:3
1 | ტულუზა | 5 | 5 | 0 | 0 | 139-64 | 21 |
2 | უოსპსი | 5 | 3 | 0 | 2 | 124-90 | 15 |
3 | გლაზგო | 5 | 2 | 0 | 3 | 93-125 | 8 |
4 | ნიუპორტი | 5 | 0 | 0 | 5 | 61-138 | 1 |
მომდევნო ტური
23 იანვარი: უოსპსი - ტულუზა, ნიუპორტი - გლაზგო
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია