ამბები

16:18 | 18.01.2011 | ნანახია 4562 - ჯერ

ეთამაშეთ ქართველებს, როგორც – ამერიკელებს

რუსეთის სარაგბო ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელის, ეშლი ჯონსის განცხადებით, “ერთა თასზე” საქართველოს ეროვნულ გუნდთან მატჩისას, რუსები “ბორჯღალოსნებს” როგორც ამერიკელებს, ისე ეთამაშებიან, რადგანაც ავსტრალიელ სპეციალისტს ქართველთა ჩინებული ფორვარდები სწორედ “იანკებს” აგონებენ.
შეგახსენებთ, რომ “დათვები” 2011 წლის მსოფლიოს თასისთვის, სადაც უმთავრეს მიზნად ამერიკელთა დამარცხება აქვთ დასახული, ახალ ზელანდიაში ემზადებიან და პირველ საკონტროლო მატჩში “ტარანაკის” 33:24 სძლიეს. რუსი მორაგბეები 21 იანვარს, სამხრეთ ქენთერბერის გუნდთან ითამაშებენ, მთავარ გათვლას კი, ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე აკეთებენ, რისი მოთავეც სწორედ ხსენებული ჯონსია.
“რუსეთში გასული წლის მაისიდან ვარ და მას შემდეგ, არაერთი ტესტი ჩავატარეთ, რომელთაც მაშინათვე წარმოაჩინეს – ნაკრების ფიზიკური მზადყოფნის დონე ძალიან დაბალი გახლდათ” - აღნიშნა ავსტრალიელმა მწვრთნელმა, - “ზელანდიურ შეკრებაზე კონცენტრაცია სწორედ ამ ფაქტზე უნდა მოვახდინოთ. მსოფლიოს თასისთვის მზადება უკვე აქედან იწყება და წინ იმაზე უფრო სწრაფად მივიწევთ, ვიდრე ველოდი. სამი კვირის განმავლობაში, ბიჭებს დასვენების საშუალებაც მიეცემათ და ეს, მათ სასურველ დონეზე გასვლაში დაეხმარება. რაგბის კარგად თამაშისთვის კარგი ფიზიკური მომზადება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მოგეხსენებათ, მსოფლიოს თასზე  აშშ-ს ეროვნული გუნდის დამარცხებაზე ვართ ფოკუსირებულნი. ამდენად, ყველა მატჩი, რომელსაც წლეულს ჩავატარებთ, ესპანელებიდან დაწყებული, ბოლო შეხვედრით დასრულებული, ამ ასპექტში იქნება გათვალისწინებული. ჩათვალეთ, რომ ამერიკელებს უშუალოდ, ზელანდიურ შეხვედრამდე ცხრაჯერ ან მეტჯერ გავეჯიბრებით.
როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სათამაშოდ გავალთ, მათ ბრწყინვალე ფორვარდებზე ვიფიქრებთ – ამერიკელებს სწორედ მათი დონის მორაგბეები ჰყავთ, რუმინეთთან შეხვედრისას კი, მეტოქის “ამერიკულ” დაცვით ხაზზე გავაკეთებთ კონცენტრაციას. იმედია, ასეთი მომზადების შემდეგ, ბიჭები უშუალოდ აშშ-სთან მატზე, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, სრულად მომზადებულები გავლენ”.
ცნობისთვის, “დათვები” ესპანელებთან “ერთა თასის” პირველ მატჩს მადრიდში, 5 თებერვალს ჩაატარებენ, პორტუგალიასთან, რუმინეთთან და უკრაინასთან ჭიდილის შემდეგ კი, პირველი წრის დასკვნით შეხვედრას, 19 მარტს, სოჭში ქართველთა წინააღმდეგ გამართავენ.
მსოფლიოს თასზე ამერიკელებთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება 15 სექტემბერს, ნიუ-პლიმუთშია დაგეგმილი, მას შემდეგ კი, რუსები იტალიას, ირლანდიასა და ავსტრალიას შეერკინებიან, თუმცა, აქედანვე შეგუებულები არიან, რომ პირველი მატჩის გარდა, სხვებში წარმატების იოტისოდენა შანსიც არ გააჩნიათ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080812