სანამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კანდიდატები საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში, ქვეყნის პირველობისთვის თუ უძლიერესთა შორის, ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან, ქვედა ლიგებში ქართული ლეგიონი ლოკალურ მიზნებს წყვეტენ.
დავიწყოთ მეორე დივიზიონ Pro D2-ით, სადაც სამ კლუბში ოთხი ქართველი მორაგბე ბურთაობს და ყველა მათგანს საგაისოდ უძლიერესთა შორის მოხვედრის შანსი აქვს. ჯერ ის ვთქვათ, რომ Pro D2-ში 16 კლუბი ორ წრედ თამაშობს. 30 ტურის შედეგად, პირველ ადგილზე გასული გუნდი, Top 14-ის საგზურს პირდაპირ იღებს, მეორე-მეხუთეადგილოსნები კი, ამ უფლებისთვის ფლეი ოფში აგრძელებენ ბრძოლას. პირველ ეტაპზე მეორეადგილოსანი მეხუთეს მასპინძლობს, მესამე მეოთხეს, ანუ, რეგულარული პირველობის შედეგად, უკეთესი მაჩვენებლის მქონე გუნდი მასპინძლის უფლებით სარგებლობს და ერთმატჩიან ჯახში გამარჯვებული კლუბები, გადამწყვეტ მატჩს ნეიტრალურ მოედანზე მართავენ.
Top 14-ის საგზურის მოპოვების ყველაზე კარგი შანსი გურამ კავთიძის “ლიონს” აქვს, რომელიც 58 ქულით, “ალბისთან” პირველ-მეორე ადგილს იყოფს, უახლოეს მდევარს კი, 8 ქულით უსწრებს. 17 მატჩში, ლიონელებმა 10 შეხვედრა მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ოთხჯერ დამარცხდნენ. განვლილ ტურში, მათ ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი, მეხუთეადგილოსანი “კარკასონი” მძიმე ბრძოლაში 15:12 დასცეს. აღსანიშნავია, რომ “ლიონმა” ბოლო 6 თამაშიდან 5-ში გამარჯვება მოიპოვა, აქედან სამში პრემიალური ქულის აღება მოახერხა, ერთი კი ფრედ დაასრულა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ განვლილ ტურში “ალბიმ” 8 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, საკუთარ მოედანზე გასავადნი ზონის სიახლოვეს მყოფ “დაქსთან” 3 ქულით დამარცხდა, მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა და კავთიძის გუნდს გათანაბრების შანსი მისცა. რაც შეეხება 23 წლის ქართველ პირველხაზელს, მან წლეულს Pro D2-ში სულ 5 თამაში ჩაატარა და ჯამში მოედანზე 102 წუთი გაატარა. ბოლო სამი ტურია ის განაცხადში ვერ ხვდება.
მესამე ადგილზეა და პირდაპირ თუ ვერ აღზევდება, ფლეი ოფში მოხვედრის კარგი შანსი აქვს გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლს”, ოღონდ, ქართველ ლეგიონერს მონაწილეობა არცერთ შეხვედრაში არ მიუღია. XVII ტურში, “გრენობლმა” ქართველების “ტარბი” 37:10 დაამარცხა. მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბს” 41 ქულა აქვს და საფლეიოფო ხუთეულში მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. ამ წაგებულ შეხვედრაში, ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმი ითამაშა მაგრაქველიძემ. 33 წლის პირველხაზელი, მამუკა მაგრაქველიძე Pრო D2-ის “ტარბიში” მესამე სეზონს ატარებს. წლეულს მან 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 9-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე სულ 618 წუთი გაატარა. ირაკლი მირცხულავას ძირითად გუნდში ჯერ ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია. Pro D2-ის მომდევნო ტურის შეხვედრები 22-23 იანვარს გაიმართება.
ყველაზე მეტი ქართველი ლეგიონერი, საფრანგეთის რანგით მესამე, ნახევრადპროფესიულ დივიზიონ ფედერალ 1-ში გამოდის, სადაც 49 გუნდი ოთხ ჯგუფადაა დაყოფილი. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის ოთხი საუკეთესო ფლეი ოფში გადაინაცვლებს და Pრო D2-ის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. ფლეი ოფის ფინალში გასული ორი გუნდი, მომავალ სეზონს რანგით მეორე დივიზიონში იწყებს.
აღზევებისა რა გითხრათ, მაგრამ ფლეი ოფში მოხვედრის შანსი არაერთი ქართველი ლეგიონერის გუნდს აქვს. A ჯგუფში 12 თამაშის შემდეგ, 49 ქულით პირველ ადგილზეა შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, სანდრო ესაკიასა და არჩილ კობაურის “მასი”, რომელმაც გასულ ტურში მესამეადგილოსანი “ბობინი” 28:19 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში იყვნენ პირველხაზელი, აშვეთია და მეორეხაზელი, შალვა სუთიაშვილი - პირველმა სრულად ითამაშა, მეორე 58-ე წუთზე შეცვალეს. განვლილი 12 შეხვედრიდან 11-ში მიიღო მონაწილეობა 35 წლის აშვეთიამ, აქედან 8-ში, ის ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 586 წუთი გაატარა. 7-დან 4 შემთხვევაში, 26 წლის სუთიაშვილი ძირითადში იყო, მოედანზე სულ 337 წუთი დაჰყო და ერთხელ ლელოც გაიტანა. ესაკიამ მიმდინარე სეზონში, “მასის” 8 თამაშში (3 ძირითადში, 234 წუთი) მიიღო მონაწილეობა, ხოლო არჩილ კობაური ერთხელ გამოჩნდა მოედანზე და შეცვლაზე 26 წუთი ითამაშა.
41 ქულით, მეორე ადგილზეა ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის “მონლუსონი”, რომელმაც გასულ ტურში, “ბრესანთან” სტუმრად 9:25 წააგო. აღსანიშნავია, რომ რეფერიმ სტუმართა ოთხი მორაგბე გაასინბინა და თითქმის მთელი მატჩი “მონლუსონმა” კაცნაკლულმა გაატარა. ძირითად შემადგენლობაში იყო 26 წლის პირველხაზელი, ელიზბარ ყუფარაძე და მოედანზე 55 წუთი გაატარა. მთლიანობაში, მან გუნდის 12-დან 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მოედანზე 440 წუთი გაატარა, ხოლო დევი დათუნაშვილმა შეცვლაზე ერთადერთხელ, 6 წუთით ითამაშა.
ქართულ დერბიში, ირაკლი მაჩხანელის, ბესო უდესიანისა და შოთა მელიქიძის “მონლუსონმა”, ავთანდილ კოპალიანის “ორლეანი” 25:15 დაამარცხა. მასპინძელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი დაიდო მაჩხანელმა, რომელმაც 42-ე წუთზე, მაშინ, როდესაც ანგარიში 6:6 იყო, ლელო გაიტანა. მაჩხანელმა 12 ნომერზე სრულად ითამაშა. ძირითად შემადგენლობაში იყო და 7 ნომერზე, 56 წუთი ითამაშა უდესიანმა. 29 წლის მაჩხანელისთვის ეს ამ გუნდის შემადგენლობაში ჩატარებული მე-8 შეხვედრაა და მან თავისი მეორე ლელო გაიტანა, ერთხელ კი, სინბინი დაიმსახურა. უდესიანმა მიმდინარე გათამაშებაში, 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. “ორლეანის” ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა კოპალიანი, რომელმაც წლეულს მე-12 მატჩი ჩაატარა (11 ძირითადში) და ერთხელ სინბინი დაიმსახურა. “ორლეანი” 33 ქულით მე-6 ადგილზეა და ოთხეულს 3 ქულა აშორებს. “მაკონს” მეტოქეებზე ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული და 26 ქულით მე-8 საფეხურზეა.
A ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერია, მეორეხაზელ დიმიტრი ხოჭოლავას “სერჟ პონტუაზი”, რომელიც გასულ ტურში საკუთარ მოედანზე “სურესნესთან” 10:13 დამარცხდა. ხოჭოლავამ სრულად ითამაშა. “სერჟ პონტუაზის” შემადგენლობაში ეს მისი მეხუთე მატჩი იყო. კიდევ ერთი აუტსაიდერის, “სტრასბურგის” შემადგენლობაში 51 წუთი გაატარა პირველხაზელმა, თემურ გელანტიამ. 32 წლის გელანტიასთვის ეს სტრასბურგელთა რიგებში ჩატარებული მე-10 შეხვედრა იყო, მისი გუნდი კი, “ანესისთან” ფრეს დასჯერდა - 22:22.
მიუხედავად იმისა, რომ განვლილ ტურში, სტუმრად “რომანთან” 30:32 დამარცხდა, B ჯგუფში პირველ ადგილზეა ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის “ბეზიე”. მალაღურაძემ 13 ნომრის პოზიციაზე სრულად ითამაშა და გუნდს 17 ქულა შესძინა. მან ოთხი ჯარიმა, ერთი არეკნი და ერთიც გარდასახვა გამოიყენა. ისე, მალაღურაძეს ბოლო წუთზე მეორე რეალიზაციაც ზუსტად რომ შეესრულებინა, მისი გუნდი, ერთი პრამიალურის ნაცვლად, ფრისთვის ორ ქულას მიიღებდა. შერკინების პირველხაზელი მჭედლიშვილი განაცხადში იყო და თამაშში 71-ე წუთიდან ჩაერთო. მთლიანობაში, მალაღურაძემ “ბეზიეს” შემადგენლობაში, მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრა ჩაატარა, 4-ჯერ “ძირითადში” იყო, მოედანზე 312 წუთი გატარა და გუნდს 50 ქულა შესძინა (13 ჯარიმა, 1 არეკნი, 4 რეალიზაცია). მჭედლიშვილმა შეცვლაზე მეორედ ითამაშა და სულ მოედანზე 39 წუთი აქვს გატარებული. “ბეზიეს” 41 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ “მონტობანს” 2 ქულით უსწრებს.
გიორგი ნემსაძის “მონტობანმა” საკუთარ მოედანზე დიმიტრი ბასილაიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის “ობენა” 57:10 გაანადგურა. 26 წლის მეორეხაზელი ნემსაძე, რომელმაც წლეულს “მონტობანის” მაისური 7 შეხვედრაში მოირგო, ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო. “ობენის” ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს მაღალდაძე. განაცხადში არ იყო 25 წლის მესამეხაზელი ბასილაია, რომელმაც მიმდინარე სეზონის 8 შეხვედრაში 2 ლელოს გატანა მოახერხა. “მონტობანი” 39 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო “ობენი” 26 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
წლეულს ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმო დავით კაჭარავას “ნიცამ” და 32 ქულით მე-5 ადგილამდე დაქვეითდა. ის საკუთარ მოედანზე გია ლაბაძის “ლა სიენთან” 12:19 დამარცხდა. ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა მასპინძელთა უკანახაზელი კაჭარავა, ისევე, როგორც სტუმართა რიგებში სრულად იბურთავა მესამეხაზელმა ლაბაძემ. კაჭარავასთვის ეს მიმდინარე სეზონში მე-11 შეხვედრა იყო, ხოლო ლაბაძემ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი ლელო გაიტანა, ერთხელ კი სინბინი დაიმსახურა.
C ჯგუფს 57 ქულით ლიდერობს თედო ზიბზიბაძის, დავით დადუნაშვილის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და ირაკლი ნინიძეს “პერიგო”, რომელმაც განვლილ ტურში “რიბერაკი” 31:12 დაამარცხა. ზიბზიბაძე ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ 21-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. თამაშში 36-ე წუთზე ჩაერთო დადუნაშვილი და 54-ე წუთზე სინბინი დაიმსახურა, მარგველაშვილი მოედანზე 51-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ნინიძე განაცხადში არ იყო. საქართველოს ნაკრების უკანახაზელ ზიბზიბაძეს, “პერიგოს” რიგებში 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 3 ლელო გაიტანა. დადუნაშვილმა 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ ანგარიშზე 2 ლელო ჩაიწერა.
ირაკლი ნატრიაშვილის “სენტ ჟუნიენმა” სტუმრად 20:15 აჯობა შოთა საყვარელიძის “ნიონს”. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ორივემ სრულად ითამაშა. სტუმრად 18:11 იმარჯვა მეორეხაზელ ვახტანგ მაისურაძის “სენტ ნაზერმა” და ქართველი ლეგიონერი აქაც სრულად გაისარჯა.
ქართული დერბი შედგა D ჯგუფში. მერაბ კვირიკაშვილის, ლევან დათუნაშვილის, რევაზ გიგაურის, ბექა ურჯუკაშვილისა და დავით ბალანჩივაძის “ფიჟაკმა”, კარლენ ასეიშვილის “ორტეზს” 26:15 აჯობა. კვირიკაშვილი 4 ჯარიმითა და 2 გარდასახვით გუნდს 16 ქულით შეეწია. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა, ისევე, როგორც გიგაური და დათუნაშვილი. ძირითად შემადგენლობაში იყო პირველხაზელი ბალანჩივაძე და 59-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ურჯუკაშვილი მოედანზე 32-ე წუთზე გამოჩნდა. სტუმართა რიგებში, ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 46 წუთი გაატარა ასეიშვილმა. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ კვირიკაშვილმა “ფიჟაკის” რიგებში 13 შეხვედრა ჩაატარა და გუნდს 113 ქულა შესძინა, აქედან 15 ლელოზე (3) მოდის. გუნდს ამ სეზონში 64 ქულა შესძინა 20 წლის ურჯუკაშვილმა, რომლის ანგარიშზეც 4 ლელო, 13 ჯარიმა, 1 ერთი არეკნი და ერთიც რეალიზაციაა. სამწუხაროდ, “ფიჟაკს” 29 ქულით მე-9 ადგილი უჭირავს და ფლეი ოფში მოხვედრის შანსი არ აქვს.
P.S. სტატიაში ფედერალ 1-ში მოთამაშე ყველა ქართველი ნახსენები არ არის
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია