საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა პრინციპულმა მეტოქე რუსეთის ნაკრებმა, რომელიც თებერვალ-მარტის მატჩებისთვის ახალ ზელანდიაში ემზადება, მეორე საკონტროლო შეხვედრა გამართა ზელანდიურ კლუბთან და კვლავ გამარჯვებული გამოვიდა. “ტარანაკის” 33:24 დამარცხების შემდეგ, “დათვები” ნიუ პლიუთში სამხრეთ კენტერბერის გუნდს დაუპირისპირდნენ და ამჯერად, 31:7 იმარჯვეს.
თამაშის პირველი ტაიმი კოკისპირულ წვიმაში გაიმართა. “დათვები” მე-8 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც გრესევმა ბურთი 5-მეტრიანი შერკინებიდან აიტაცა და ხაზი გადაკვეთა. ზელანდიელებმა პირველივე სახიფათო შეტევა ლელოთი დააგვირგვინეს. ლელო ფლანგური გარღვევის შემდეგ გავიდა და მასპინძლები ზუსტი რეალიზაციის შემდეგ დაწინაურდნენ. შესვენებამდე აღარაფერი რჩებოდა, მასპინძლები შერკინებაში რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და რეფერიმ საჯარიმო ლელო ჩათვალა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და რუსებმა ტაიმი 12:7 მოიგეს.
მეორე ტაიმში, “დათვებმა” კიდევ სამი ლელო გაიტანეს, რეალიზაცია ორჯერ გამოიყენეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ ორივე ტაიმში გუნდური ჩხუბები გაიმართა და რეფერიმ ორივე გუნდის თითო-თითო მორაგბე გაასინბინა. მეორე ტაიმში, რუსთა მხრიდან ვალერი ცნობილაძე დაისაჯა, რომელმაც შეცვლაზე ითამაშა. ძირითად შემადგენლობაში იყო პირველხაზელი კარლო მაღლაკელიძე.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია