საფრანგეთის ჩემპიონმა, დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰეინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, თავისი გასაკეთებელი ხუთიანზე შეასრულა, “სარაცინს” სტუმრად 10 ქულით სძლია, თანაც პრემიის მომტანი 4 ლელო გაიტანა და “ჩელენჯ ქაფის” 1/4-ფინალში თამაში დაიბევა. ამასთან, “ჰეინეკენის თასის” შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსიც შეინარჩუნა, მაგრამ დანარჩენ ჯგუფებში ყველაფერი ისე არ დასრულდა, როგორც საფრანგეთის ჩემპიონს სურდა...
“კლერმონი” ლონდონში ადგილობრივ “სარაცინს” პირველსავე წუთებიდან ეკვეთა და ლელო მესამე წუთზევე გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა. მასპინძლები მეტოქის მიძალების შეჩერებას დიდი ძალისხმევით ახერხებდნენ, ტაიმის შუაწელს კი, სტუმართა ნახევარზეც შეძლეს გადასვლა და 21-ე და 26-ე წუთზე, ჯარიმები გაიტანეს. ტრიბუნაზე შეკრებილი 6 ათასამდე გულშემატკივრის გასახარად, 32-ე წუთზე, ლონდონელებმა ლელო გაიტანეს და დაწინაურდნენ, თუმცა, “კლერმონმა” სამ წუთში თავისი მეორე ლელო მიითვალა და ტაიმი 12:11 მოიგო. მეორე ნახევარი კვლავ სტუმართა შეტევებით დაიწყო, თუმცა, ქულები მასპინძლებმა მოიხვეჭეს, როდესაც 55-ე წუთზე, ჯარიმა გაიტანეს. ფრანგთა ძალისხმევამ შედეგი 64-ე წუთზე გამოიღო, ლელოს ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა და 19:14 დაწინაურდა, რის შემდეგაც, ცხადი გახდა, რომ გამარჯვება მათ დარჩებოდათ, მაგრამ “კლერმონს” პრემიალური ქულა ჭირდებოდა, შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, აუტიდან შეუტია და რამდენიმე ფაზის შემდეგ მეოთხე ლელო გაიტანა.
ამრიგად, “კლერმონმა” 24:14 იმარჯვა და 19 ქულით, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ორ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მაინც ვერ მოხვდა. ლონდონელთა წინააღმდეგ არ უთამაშია საქართველოს 2010 წლის საუკეთესო მორაგბე დავით ზირაქაშვილს, ის განაცხადში არ იყო.
აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრს”, “ჰეინეკენის თასის” ფლეი ოფში გასვლის შანსი აღარ ჰქონდა, მაგრამ მათ შეეძლოთ, რომ ინგლისური “ნორთჰემპტონისთვის” ჯგუფური ეტაპის დაუმარცხელბლად დასრულების საშუალება არ მიეცათ. ტრიბუნაზე 5 ათასი მაყურებელიც საკუთარი გუნდის გამარჯვების იმედად შეიყარა, მაგრამ 27-ე წუთისთვის სტუმრები ორი ლელოთი, ერთი გარდასახვით და ერთიც რეალიზაციით, უკვე 15:0 იგებდნენ. ფრანგებმა საპასუხო ლელო-გარდასახვა შესვენებამდე გაქვითეს და იმედი გაუჩნდათ, მაგრამ 57-ე წუთზე, მესამე ლელო მიიღეს, ხოლო 69-ე წუთზე, სტუმრებმა მონაგარს ჯარიმაც შემატეს. “კასტრმა” თავისი მეორე ლელო მატჩის მიწურულს გაიტანა და 12:23 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელები განაცხადში იყვნენ და გიორგაძე თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო ფეიქრიშვილი 61-ეზე, თუმცა, მათ ფრანგებს ვერ უშველეს. ამრიგად, “კასტრმა”, რომელმაც “ჰეინეკენის თასზე” დასკვნითი სამივე შეხვედრა დათმო, ჯამში 11 ქულა მოაგროვა და ჯგუფში არაფრისმომტან მე-3 ადგილს დასჯერდა.
დავით ქუბრიაშვილის “ტულონს” ჯგუფში პირველი ადგილი და “ჰეინეკენის თასის” 1/4-ფინალში ყოფნა განაღდებული ჰქონდა, მაგრამ უელსში ადგილობრივ “ოსპრეის” მაინც პირველსავე წუთებიდან ეკვეთა და მე-20 წუთისთვის ორი ლელო-გარდასახვით 14:3 იგებდა. მასპინძლებმა, რომელთაც ზურგს 10-ზე მეტი გულშემატკივრის შეძახილი უმხნევებდა, ადრეულ ჯარიმას შესვენებამდე ორი მიაყოლეს და ტაიმი 9:14 დათმეს. მეორე ნახევრის დასაწყისში “ტულონმა” ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ დარჩენილ დროში მხოლოდ “ოსპრეი” აქტიურობდა და შედეგად 29:17 იმარჯვა. მიუხედავად მარცხისა, “ტულონმა” 17 ქულით პირველი ადგილი უპრობლემოდ დაიკავა, მაგრამ 8-გუნდა (6 ჯგუფის პირველადგილოსანი და ორიც საუკეთესო მეორეადგილოსანი) რეიტინგში საუკეთესო ოთხეულში ვერ მოხვდა, რის გამოც, ერთმატჩა ფლეი ოფში სტუმრად ითამაშებს. “ოსპრეის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ქუბრიაშვილი განაცხადშიც არ იყო.
მიუხედავად სტუმრად თამაშისა, “ტულონს” შორს წასვლა არ მოუწევს, რადგანაც მისი მეტოქე ფრანგული “პერპინიანი” იქნება. კიდევ ერთ ფრანგულ დერბიში “ბიარიცი” “ტულუზას” უმასპინძლებს, “ნორთჰემპტონი” “ოლსტერს” დაუხვდება, ხოლო “ლინსტერის” მეტოქე “ლესტერი” იქნება.
“ჰეინეკენის თასი”. მე-6 ტური
I ჯგუფი
კასტრი - ნორთჰემპტონი 12:23
ედინბურგი - კარდიფი 14:21
1. ნორთჰემპტონი | 6 | 6 | 0 | 0 | 155-87 | 25 |
2. კარდიფი | 6 | 3 | 0 | 3 | 107-113 | 14 |
3. კასტრი | 6 | 2 | 0 | 4 | 105-115 | 11 |
4. ედინბურგი |
6 | 1 | 0 | 5 | 98-150 | 8 |
II ჯგუფი
მეტრო რასინგი - ლინსტერი 11:36
სარაცინი - კლერმონი 14:24
1. ლინსტერი | 6 | 5 | 0 | 1 | 179-104 | 24 |
2. კლერმონი | 6 | 4 | 0 | 2 | 114-94 | 19 |
3. მეტრო რასინგი | 6 | 2 | 0 | 4 | 104-151 | 9 |
4. სარაცინი | 6 | 1 | 0 | 5 | 107-155 | 6 |
III ჯგუფი
მანსტერი - ლონდონ აირიში 28:14
ოსპრეი - ტულონი 29:17
1. ტულონი | 6 | 4 | 0 | 2 | 143-134 | 14 |
2. მანსტერი | 6 | 3 | 0 | 3 | 143-122 | 16 |
3. ოსპრეი | 6 | 3 | 0 | 3 | 117-113 | 14 |
4. ლონდონ აირიში | 6 | 2 | 0 | 4 | 107-141 | 9 |
IV ჯგუფი
ბიარიცი - ბათი 26:19
აირონი - ოლსტერი 6:43
1. ბიარიცი | 6 | 4 | 0 | 2 | 140-85 | 22 |
2. ოსლტერი | 6 | 5 | 0 | 1 | 145-93 | 22 |
3. ბათი | 6 | 2 | 0 | 4 | 147-108 | 14 |
4. აირონი | 6 | 1 | 0 | 5 | 65-211 | 4 |
V ჯგუფი
ლესტერი - ბენეტონი 62:15
პერპინიანი - სკარლეტსი 37:5
1. პერპინიანი | 6 | 4 | 1 | 1 | 196-122 | 22 |
2. ლესტერი | 6 | 4 | 1 | 1 | 215-118 | 22 |
3. სკარლეტსი | 6 | 3 | 0 | 3 | 149-191 | 15 |
4. ბენეტონი | 6 | 0 | 0 | 6 | 109-248 | 1 |
VI ჯგუფი
უოსპსი - ტულუზა 21:16
ნიუპორტი - გლაზგო 16:23
1. ტულუზა | 6 | 5 | 0 | 1 | 155-85 | 22 |
2. უოსპსი | 6 | 4 | 0 | 2 | 145-106 | 19 |
3. გლაზგო | 6 | 3 | 0 | 3 | 116-141 | 12 |
4. ნიუპორტი | 6 | 0 | 0 | 6 | 77-161 | 2 |
1/4-ფინალები. 8-10 აპრილი
ნორთჰემპტონი - ოლსტერი
ლინსტერი - ლესტერი
პერპინიანი - ტულონი
ბიარიცი - ტულუზა
ნახევარფინალები
ლინსტერი/ლესტერი - ბიარიცი/ტულუზა
ნორთჰემპტონი/ოლსტერი - პერპინიანი/ტულონი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია