ისევე, როგორც “ჩელენჯ ქაფის” მიმდინარე გათამაშების დაწყების წინ, ამ თასის მოპოვების შანსი, ქართველ ლეგიონერთა სამ ფრანგულ კლუბს აქვს.
მართალია, დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” “ჰეინეკენის თასის” 1/4-ფინალის საგზურისთვის იბრძოდა, მაგრამ ორ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის ვერ მოხვდა, სამაგიეროდ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მეორეადგილოსნებს შორის, რეიტინგით მეოთხე აღმოჩნდა და მესამე-მეხუთე მეორეადგილოსნებთან ერთად, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ფლეი ოფში გადაინაცვლა, სადაც ფრანგულ “ლა როშელს” სტუმრად გაეჯიბრება.
“ჩელენჯ ქაფის” ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდა ყველაზე ქართულ გუნდ “მონპელიეს”. მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჩხაიძის “მონპელიეს”, ფლეი ოფში გასასვლელად, ინგლისურ “ექსეტერთან” საკუთარ მოედანზე მინიმუმ, ფრედ უნდა ეთამაშა. სტუმრებმა კარგად იცოდნენ, რომ მათ მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ და პირველივე წუთიდან შეტევაზე გადავიდნენ. შედეგად, მე-6 წუთზე ლელოთი დაწინაურდნენ და რეალიზაციაც გამოიყენეს. მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მასპინძლებმა მეორე ჯარიმაც მიითვალეს, მაგრამ “ექსეტერმა” 22-ე წუთზე, მეორე ლელო მიითვალა, გარდასახვაც გამოიყენა და 11 ქულით დაწინაურდა. ტაიმის ბოლომდე “მონპელიემ” თავისი წილი ლელო-გარდასახვა გაიტანა და შესვენებაზე ოთხქულიანი დეფიციტით გავიდა - 13:17.
მეორე ტაიმის დასაწყისში, ფრანგებმა ჯარიმით მინიმუმამდე დაიყვანეს ჩამორჩენა, მაგრამ 50-ე წუთზე, მესამე ლელო მიიღეს, გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო და სხვაობა კვლავ სახიფათო გახდა. მალე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე მასპინძლები სრული ძალით ამოქმედდნენ და 64-ე და 68-ე წუთებზე, კიდევ ორი ჯარიმა მიითვალეს, რითაც მეტოქეს მაქსიმალურად მიუახლოვდნენ - 25:27, მაგრამ ინგლისელები დანებებას არ აპირებდნენ და 72-ე წუთზე, გატანილი ჯარიმით, უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდეს. დარჩენილ დროში “მონპელიე” მეტოქეს მიეძალა და 75-ე წუთზე, ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, ზუსტი რეალიზაციით კი, წინ გაიჭრა და საქმე საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა - 32:30.
გუნდის წარმატებაში საკუთარი წვლილი ქართველ ლეგიონერებსაც მიუძღვით. შველიძე და ჩხაიძე განაცხადში იყვნენ და მოედანზე გადამწყვეტ მომენტში გამოჩნდნენ - პირველხაზელი შველიძე საქმეში 51-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო მესამეხაზელი ჩხაიძე მოედანზე 59-ე წუთიდან გამოჩნდა. “მონპელიე” “ჩელენჯ ქაფზე” უძლიერესი შემადგენლობით არ თამაშობს და ჟღენტი და გორგოძე განაცხადშიც არ იყვნენ. ამრიგად, “მონპელიემ” 21 ქულით, პირველი ადგილი კი დაიკავა, მაგრამ ჯგუფის პირველადგილოსნებში ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა, რის გამოც 1/4-ფინალურ მატჩს (იმართება ერთი შეხვედრა) სტუმრად გამართავს. მისი მეტოქე ფრანგული “სტად ფრანსე” იქნება.
დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივს”, 1/4-ფინალის საგზური განაღდებული კი ჰქონდა, მაგრამ იტალიაში მოგების შემთხვევაში, დაგროვილი ქულები ამ გუნდს ფლეი ოფში მასპინძლის სტატუსს დაუბევებდა, თანაც, ექვსიდან ექვსივე მატჩის მოგება ურიგო არ იქნებოდა და ფრანგებმაც მოინდომეს. მე-14-დან 21-ე წუთამდე, მათ მასპინძლებს ერთმანეთის მიყოლებით ჯარიმა და ორი ლელო გაუტანეს, ორივე გარდასახვა გამოიყენეს და 17:0 დაწინაურდნენ. ტაიმი ასევე დასრულდა. მეორე ნახევარში, “პეტრარკამ” ორი ჯარიმა გაიტანა და მატჩის გადარჩენის იმედი ჩაესახა, მაგრამ ეს იმედი 62-ე წუთზე მოკვდა, როდესაც “ბრივმა” მესამე ლელო გაიტანა და რეალიზაციაც გამოიყენა. ამის შემდეგ ფრანგები მოეშვნენ და იტალიელებმა ორი ლელო გაიტანეს, თუმცა, ამით “ბრივის” გამარჯვება ეჭვქვეშ ერთი წუთითაც არ დამდგარა. შედეგად, ფრანგებმა 24:20 იმარჯვეს, 27 ქულით, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და 1/4-ფინალში ირლანიურ “მანსტერს” უმასპინძლებენ. “პეტრარკას” წინააღმდეგ, 53-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა კაკოვინმა, ხინჩაგიშვილი კი, განაცხადში არ იყო.
ამრიგად, შარშანდელის მსგავსად, ევროთასებზე წელსაც ფრანგული კლუბები დომინირებენ. “ჰეინეკენის თასის” ფლეი ოფში ოთხი ფრანგული კლუბი გავიდა, მაგრამ მათ ერთმანეთთან უწევთ თამაში და ნახევარფინალში მხოლოდ ორი გუნდი გავა. “ჩელენჯ ქაფის” 1/4-ფინალში ერთბაშად ხუთი ფრანგული კლუბი იბურთავებს, აქედან ოთხს ერთმანეთთან უწევს ჯახი.
“ჩელენჯ ქაფი”. მეექვსე ტური
I ჯგუფი
ჰარლექუინსი - ბაიონი 39:17
კონახტი - კავალიერი 83:7
1 | ჰარლექუინსი | 6 | 5 | 0 | 1 | 189-84 | 24 |
2 | კონახტი | 6 | 3 | 0 | 3 | 173-99 | 15 |
3 | ბაიონი | 6 | 3 | 0 | 3 | 163-116 | 15 |
4 | კავალიერი | 6 | 1 | 0 | 5 | 77-303 | 4 |
II ჯგუფი
პეტრარკა - ბრივი 20:24
ელ სალვადორი - სეილ შარქსი 5:50
1 | ბრივი | 6 | 6 | 0 | 0 | 257-54 | 27 |
2 | სეილ შარქსი | 6 | 4 | 0 | 2 | 279-58 | 21 |
3 | პეტრარკა | 6 | 1 | 0 | 5 | 88-213 | 6 |
4 | ელ სალვადორი | 6 | 1 | 0 | 5 | 69-368 | 4 |
III ჯგუფი
ბურგონი - ნიუკასლი (გადაიდო)
მონპელიე - ექსეტერი 32:30
1 | მონპელიე | 6 | 5 | 0 | 1 | 147-101 | 21 |
2 | ექსეტერი | 6 | 3 | 0 | 3 | 154-113 | 16 |
3 | ნიუკასლი | 5 | 2 | 0 | 3 | 66-114 | 9 |
4 | ბურგონი | 5 | 1 | 0 | 4 | 91-130 | 6 |
IV ჯგუფი
ლიდსი - ბუქარესტი 26:6
კროსიატი - სტად ფრანსე 17:34
1 | სტად ფრანსე | 6 | 6 | 0 | 0 | 216-73 | 29 |
2 | ლიდსი | 6 | 4 | 0 | 2 | 171-88 | 19 |
3 | ბუქარესტი | 6 | 1 | 0 | 5 | 74-148 | 5 |
4 | კროსიატი | 6 | 1 | 0 | 5 | 70-224 | 5 |
V ჯგუფი
ლა როშელი - როვიგო 71:17
გლოსტერი - აჟენი 60:7
1 | ლა როშელი | 6 | 5 | 0 | 1 | 197-91 | 24 |
2 | გლოსტერი | 6 | 4 | 0 | 2 | 255-77 | 21 |
3 | აჟენი | 6 | 3 | 0 | 3 | 167-158 | 15 |
4 | როვიგო | 6 | 0 | 0 | 6 | 55-348 | 0 |
1/4-ფინალი. 8-10 აპრილი
სტად ფრანსე - მონპელიე
ლა როშელი - კლერმონი
ბრივი - მანსტერი
ჰარლექუინსი - ლონდონ უოსპსი
ნახევარფინალები. 30 აპრილი - 1 მაისი
სტად ფრანსე/მონპელიე - ლა როშელი/კლერმონი
ბრივი/მანსტერი - ჰარლექუინსი/ლონდონ უოსპსი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია