საფრანგეთის მორაგბეთა მეორე დივიზიონ Pro D2-ის XVIII ტურში, ქართველ ლეგიონერთა სამი კლუბიდან ორმა გაიმარჯვა და Top 14-ის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.
გურამ კავთიძის “ლიონმა” სტუმრად, “დაქსს” 36:29 აჯობა, მაგრამ ოთხი ლელო ვერ გაიტანა და პრემიალური ქულის გარეშე დარჩა. ქართველ მორაგბეს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, მისი გუნდი კი 62 ქულით, მეორე ადგილზეა. მას ერთი ქულით უსწრებს “ალბი”, რომელმაც მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი” 45:18 გაანადგურა, 6 ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც მოინაგრა. მირცხულავა განაცხადში არ იყო, მაგრაქველიძე კი - მოედანზე 53-ე წუთზე გამოჩნდა და 74-ე წუთზე, სინბინი დაიმსახურა. “ტარბის” 41 ქულა დარჩა, მე-9 პოზიციამდე დაქვეითდა და ფლეი ოფში გამსვლელ მეხუთე ადგილს ხუთი ქულით ჩამორჩება.
სტუმრად, მეხუთეადგილოსან “კარკასონს” მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგო გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლმა”. ქართველ ლეგიონერს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, მისმა გუნდმა კი 22:18 იმარჯვა და 55 ქულით, მესამე ადგილზე პოზიციები გაიმყარა.
რანგით მესამე, ნახევრადპროფესიულ ფედერალ 1-ის A ჯგუფში, მორიგი გამარჯვება იზეიმა ლიდერმა, შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, სანდრო ესაკიასა და არჩილ კობაურის “მასმა”, რომელმაც ავთო კოპალიანის “ორლეანს” 25:16 აჯობა, 53 ქულა მოაგროვა და მდევარს კვლავ 7 ქულით უსწრებს. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო კოპალიანი, ხოლო სტუმართა რიგებში 66-ე წუთიდან ითამაშა სუთიაშვილმა, კობაური კი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა. მეორე ადგილი შეინარჩუნა ელიზბარ ყუფარაძის და დევი დათუნაშვილის “მონლუსონმა”, რომელმაც დიმიტრი ხოჭოლოვას “სერჟ პონტუაზს” 37:24 მოუგო და პრემიალური ქულაც მიითვალა. სტუმართა რიგებში სრულად გაისარჯა ხოჭოლავა, ხოლო მასპინძელთა მხრიდან ბოლო 20 წუთი შეცვლაზე ითამაშა ყუფარაძემ. ირაკლი მაჩხანელის, ბესო უდესიანისა და შოთა მელიქიძის “მაკონის” სტუმრად უნდა ეთამაშა “სტრასბურგთან”, მაგრამ ეს შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო.
B ჯგუფში ლიდერმა “ბეზიემ” საკუთარ მოედანზე 39:6 სძლია “ნიცას”, პრემიალური ქულაც მიითვალა და თავი 46 ქულას მოუყარა. მასპინძელთა რიგებში 65-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ლაშა მალაღურაძემ და 75-ე წუთზე, გარდასახვა გამოიყენა. “ნიცას” შემადგენლობაში 48-ე წუთზე, დავით კაჭარავა გამოჩნდა. ოთარ ელოშვილის “გრასისა” და გიორგი ნემსაძის “მონტობანის” დაპირისპირება ფრედ 18:18 დასრულდა. ელოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა, ნემსაძე კი ტრავმირებულია და განაცხადში ვერ მოხვდა. “მონტობანი” 41 ქულით, მეორე ადგილზეა, ხოლო “გრასი” 11 ქულით, უიმედო აუტსაიდერია. გია ლაბაძის “ლა სიენმა” 24:15 სძლია “ლავორს”. ქართველი მესამეხაზელი, თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, მისმა გუნდმა კი 30 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილზეა. “ვალანსესთან” 18:19 დამარცხდა ნიკოლოზ გიორგაძის “გროლე”. ქართველმა პირველხაზელმაც 53-ე წუთიდან ითამაშა. 15:20 დამარცხდა დიმიტრი ბასილაიას და ნიკოლოზ მაღალდაძის “ობენი” “ბლანიკთან”. ბასილაია ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს, ხოლო მაღალდაძემ მეორე ტაიმი სრულად ითამაშა. გიორგი კუთარაშვილის “შატორენარიმ” 41:10 გაანადგურა “რომანი”. ქართველი პირველხაზელი მოედანზე მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან გამოჩნდა.
C ჯგუფში 62 ქულით, პირველ ადგილზეა თედო ზიბზიბაძის, ირაკლი ნინიძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის “პერიგო”, რომელმაც სტუმრად 41:6 გაანადგურა აუტსაიდერი “ტური”. სტუმართა რიგებში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მარგველაშვილი მოხვდა. სტუმრად “რიბერაკთან” 20:29 წააგო ირაკლი გუნდიშვილისა და შოთა საყვარელიძის “ნიორმა”. ქართველი მესამეხაზელები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და სრულად ითამაშეს. 26:33 დამარცხდა ირაკლი ნატრიაშვილის “სენ ჟუნიენი”, რომელიც “სენ მედარის” მასპინძლობდა. ნატრიაშვილი თამაშში პირველივე წუთებიდან ჩაერთო და 51-ე წუთზე შეცვალეს. ვახტანგ მაისურაძის “სენ ნაზერიმ” 16:7 მოუგო “მარმანდის”. ქართველი მეორეხაზელი სრულად გაისარჯა.
D ჯგუფში, ქართველი ლეგიონერების გარეშე, 29:25 მოიგო დავით ბოლღაშვილისა და სოსო ნიკოლაენკოს “ლილმა”, რომელიც კარლენ ასეიშვილის “ორტეზს” სტუმრობდა. მასპინძელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს ასეიშვილი. მერაბ კვირიკაშვილის, დავით ბალანჩივაძის, ლევან დათუნაშვილის, რეზო გიგაურისა და ბექა ურჯუკაშვილის “ფიჟაკი” სტუმრად 13:25 დამარცხდა “კაორთან” და ფლეი ოფში გასვლის შანსი საბოლოოდ დაკარგა. კვირიკაშვილის გარდა, ოთხივე ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველხაზელმა ბალანჩივაძემ, მეორეხაზელმა დათუნაშვილმა და უკანახაზელმა (15) ბექა ურჯუკაშვილმა სრულად ითამაშეს, ხოლო ასევე უკანახაზელი გიგაური 55-ე წუთზე შეცვალეს. ამასთან, ურჯუკაშვილმა მე-8 წუთზე, სინბინი დაიმსახურა, 31-ეზე ჯარიმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 37-ე წუთზე, რეალიზაცია გამოიყენა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმცა “ფიკაჟმა” უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია