მსოფლიოს რაგბის ლეგენდა და ყველა დროის ერთერთი საუკეთესო პირველხაზელი, შონ ბრაიან ფიცპატრიკი 29 იანვარს, თბილისში ჩამოდის. ფიცპატრიკი გახლავთ პირველი მეგავარსკვლავი, რომელიც გამოეხმაურა საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივას, შეიქმნას მსოფლიო რაგბის ცნობილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული “საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო”.
ფიცპატრიკის ჩამოსვლა, ქართული რაგბის ელიტარულ სარაგბო სამყაროში ინტეგრირებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.
“ოლ ბლექსის” ლეგენდარული წევრი, მსოფლიოს სარაგბო სამყაროს ერთერთი ავტორიტეტული პიროვნება – ფიცპატრიკი, სამუშაო შეხვედრებს გამართავს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, ლადო ვარძელაშვილთან და საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელებთან, მოინახულებს “შევარდენის” სანაკრებო ბაზას, საფუძვლიანად გაეცნობა ქართულ რაგბიში არსებულ ვითარებასა და მისი განვითარების პერსპექტივებს.
ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ფიცპატრიკი ქართველი მორაგბეების მსოფლიოს წამყვან ლიგებში დამკვიდრების საკითხებსაც განიხილავს. ამას გარდა, ლეგენდარული ახალზელანდიელის სახით, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს 2011 წელს გასამართი მსოფლიო თასის გათამაშებაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ეყოლება.
ფიცპატრიკი “ოლ ბლექსის” ღირსებას თორმეტი წლის მანძილზე – 1986-დან 1997 წლამდე იცავდა. მისი დებიუტი “ოლ ბლექსში” 1986 წელს, საფრანგეთის წინააღმდევ გამართულ მატჩში შედგა. მას ერთმანეთის მიყოლებით 63 ტესტი აქვს ნათამაშევი, რაც სარაგბო სამყაროს რეკორდია. 1992-1997 წელს, შონი ზელანდიის ნაკრებს კაპიტნობდა. არის მსოფლიო თასის მფლობელი და საკლუბო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული.
1997 წელს, უკვე ლეგენდად ქცეული მორაგბე, ახალი ზელანდიის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. 1999 წელს, ფიცპატრიკი საუკუნის სიმბოლური ნაკრების “ჰუკერად” (№2) დასახელდა. “ოლ ბლექსის” შემადგენლობაში მას 121 საერთაშორისო მატჩი აქვს ნათამაშევი, 51 ტესტ-მატჩში კი, ეროვნული გუნდის კაპიტანი იყო, რაც ახალი ზელანდიისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. უნდა ითქვას, სარეკორდოა შონ ფიცპატრიკის მონაწილეობით მოგებული თამაშების რიცხვიც – 74.
ამჟამად, შონ ფიცპატრიკი ინგლისში ცხოვრობს და წამყვან ტელეკომპანიებთან - BBC-სთან და SKY SPORT-თან თანამშრომლობს.
ჟურნალისტებისა და დაინტერესებულ პირთათვის, საქართველოს რაგბის კავშირი და მისი საპატიო სტუმარი პრესკონფერენციას სასტუმრო “თბილისი მარიოტში” 29 იანვარს, 12:30 საათზე გამართავენ.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია