5 თებერვალს, “ერთა თასის” საწყის რაუნდში, როდესაც საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრები უკრაინელებს უმასპინძლებს, რუსეთის ეროვნული გუნდი მადრიდს ესტუმრება და ესპანელებს შეერკინება. “დათვების” მთავარმა მწვრთნელმა, ნიკოლაი ნერუშმა მომავალი მატჩისთვის 24 მორაგბეს უხმო, რომელთა შორის, უკვე ტრადიციულად, ორი ქართველი მოთამაშეც მოხვდა.
რუსები 2011-2012 წლების ტურნირისთვის მზადებას ადრეულადვე იწყებენ და პირენეებზე უკვე 31 იანვარს ჩავლენ, ასე რომ, ესპანელებთან მოსამზადებლად საკმარისი დრო ექნებათ. გუნდი მეტწილად ადგილობრივი მორაგბეებით გახლავთ დაკომპლექტებული, ლეგიონერი კი მხოლოდ ორია – “ორიაკელი” ანდრეი ოსტრიკოვი და “სტად ფოსიენის” წევრი კონსტანტინ რაჩკოვი, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისური ბოლოს 2006 წლის ოქტომბერში, პორტუგალიასთან ჯახში მოირგო.
რუსული გუნდებიდან ყველაზე მეტი – 15 წარმომადგენელი, მონინოს “ვვა-პოდმოსკოვიეს” ჰყავს, ქართველი მორაგბეები კი ნაკრებში საკუთარი გუნდების ერთადერთი წარგზავნილები არიან. კარლო მაღლაკელიძე პენზას “იმპერიას” ღირსებას იცავს, ხოლო ვალერი ცნობილაძე ეროვნულ გუნდში “ნოვოკუზნეცკმა” მიავლინა.
შეგახსენებთ, რომ “ერთა თასის” მომავალი გათამაშებისთვის ქულათა დარიცხვის ახლებური სისტემა იმოქმედებს. გუნდები გამარჯვებისთვის 4 ქულას მიიღებენ, ყაიმისთვის – 2-ს, ხოლო მარცხისთვის – 0-ს. ერთი ბონუს-ქულაა გათვალისწინებული 4 ან მეტი ლელოს გატანისა და 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია