საფრანგეთის ჩემპიონმა, დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის XVII ტურში, საჩემპიონო რბოლაში ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი “რასინგ მეტრო” 31:15 დაამარცხა, თანაც, მეტოქეს სამი უპასუხო ლელო გაუტანა, რისთვისაც ერთი საპრემიო ქულაც მიიღო და სანაკრებო მატჩებით გამოწვეულ ორკვირიან შესვენებაზე მეორე ადგილით გავიდა.
აღსანიშნავია, რომ “კლერმონი” საკუთარ მოედანზე განსაკუთრებით კარგად თამაშობს და მიმდინარე სეზონში Top 14-ის ცხრიდან ცხრა, ხოლო “ჰეინეკენის თასზე” სამიდან სამივე შეხვედრა მოიგო. ამასთან, ზირაქაშვილის გუნდს წლეულს “რასინგ მეტროსთან” მეოთხე ჯახი უწევდა, რადგან ეს გუნდები საფრანგეთის პირველობის გარდა ევროთასებზეც ერთ ჯგუფში მოხვდნენ და ახლა ანგარიში გათანაბრდა - საკუთარ მოედანზე გუნდები შეუდარებლად კარგად თამაშობენ და ერთმანეთთან ორ-ორი გამარჯვება დაუგროვდათ.
“კლერმონისა” და “რასინგ მეტროს” შეხვედრა დაძაბულად დაიწყო და მოედანი პირველივე წუთებიდან ბრძოლის ველს დაემსგავსა. გუნდის ნახევარმცველებმა (9 ნომრებმა), მორგან პარამ და ჟერომელ ფილომ ერთმანეთის გასაცნობად დრო არ დაკარგეს და პირველივე წუთებიდან ხელჩართული ჩხუბი გამართეს. მასპინძელი პარა ფეხზე სამ წუთში წამოდგა, მას წარბი ჰქონდა გახეთქილი, ხოლო სტუმარ ფილოს - პირიდან სისხლი სდიოდა. როგორც ჩანს, სტუმართა გამთამაშებელმა ნერვები ვერ მოთოკა და მე-20 წუთზე, რეფერის სინბინი დასტყუა, რამაც მისი გუნდი მძიმე დღეში ჩააგდო. პარამ მანამდე გატანილ ერთ ჯარიმას მეორე შემატა, ხუთ წუთში კი, მასპინძლებმა კაცმეტობა გამოიყენეს, ხაზი გაჭრეს, დროული პაუზის შემდეგ, კანალეს მისამართით გადაცემა არ დააგვიანეს და მანაც ლელო გაიტანა - 11:0. ტაიმის ბოლო 10 წუთში, სტუმრებმა ორი ჯარიმა და ერთი ლელო გაიტანეს და სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანეს. ამასთან, 35-ე წუთზე, ჩხუბი ერთხელაც ატყდა და რეფერიმ ამჯერად, 10-10 წუთით ორივე გუნდის მორაგბე დასაჯა.
დაიწყო მეორე ტაიმი და სტუმრებმა თავისი მეორე არეკნი გაიტანეს, რითაც ერთი ქულით დაწინაურდნენ. მერე გუნდებმა 10 წუთის ინტერვალით, ჯარიმები გაცვალეს და “რასინგ მეტრო” 55-ე წუთისთვის კვლავ ერთი ქულით იგებდა. მასპინძლებმა საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდეს და 57-ე წუთზე, მეორე ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და უპირატესობა დაიბრუნეს. ამას “კლერმონმა” მალევე ჯარიმა დაურთო, 77-ე წუთზე კი, მესამე ლელო გაიტანა, რითაც პრემიული ქულა გაინაღდა, ზუსტი რეალიზაციით კი - საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ამ საინტერესო შეხვედრაში, ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 68 წუთი გაატარა. მის “კლერმონს” 49 ქულა დაუგროვდა და “რასინგ მეტროსთან” მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, ლიდერს კი, 7 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ზირაქაშვილის გუნდს ქართული დერბი ელის. კლერმონელები ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “მონპელიეს” უნდა ეწვიონ.
ტურის კიდევ ერთ ცენტრალურ შეხვედრაში, ქართველთა “მონპელიე” ლიდერ “ტულუზას” ეწვია, მაგრამ მისი შეჩერება ვერ მოახერხა და 9:29 დამარცხდა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია მეორე-მესამეხაზელ მამუკა გორგოძეს, რომელმაც ბარძაყის ტრავმა მიიღო. განაცხადში არ იყვნენ პირველხაზელი გოდერძი შველიძე და მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე, ხოლო კიდევ ერთი პირველხაზელი, გიორგი ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 63 წუთი გაატარა. სტუმრებმა პირველ ტაიმში იბრძოლეს, მხოლოდ თითო-თითო ლელო, რეალიზაცია და ჯარიმა გაუშვეს, თავად ჯარიმიდან ორჯერ იხეირეს და ტაიმი 6:10 დათმეს. 51-ე წუთზე, “მონპელიემ” მესამე ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. მაგრამ 10 წუთში, 58-ედან 68-ე წუთამდე, მათი იმედები საბოლოოდ გაქრა. დროის ამ მონაკვეთში, “ტულუზამ” 3 ლელო გაიტანა, ორი რეალიზაცია გამოიყენა და თამაშმაც აზრი დაკარგა. “მონპელიეს” 47 ქულა დარჩა და მე-5 ადგილამდე დაქვეითდა.
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ (ორი Top 14-ში, ორი “ჰეინეკენის თასზე”), გამარჯვება იზეიმა აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “სტად ფრანსეს” 34:12 სძლია და პრემიული ქულაც მიითვალა. მასპინძლები ჯარიმით პირველსავე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ მე-9 წუთისთვის ორი ჯარიმა მიიღეს და მდევრის როლში აღმოჩნდნენ. ორ წუთში “კასტრმა” თავისი პირველი ლელო გაიტანა და წინ გაიჭრა, თანაც რეალიზაციაც გამოიყენა. შესვენებამდე მასპინძლებმა კიდევ ორი ჯარიმა გამოიყენეს, ხოლო მანამდე, ერთი თავადაც გაუშვეს და ტაიმი 16:9 მოიგეს. დაიწყო მეორე ტაიმი და გუნდებმა კვლავ ჯარიმები გაცვალეს, რის შემდეგაც “კასტრი” საბოლოოდ დაეუფლა უპირატესობას და 55-ე წუთზე, მეორე ლელო გაიტანა, ხოლო პრემიის მომტანი მესამე ლელო 77-ე წუთზე მიითვალა. ძირითად შემადგენლობაში იყო და 53 წუთი ითამაშა ფეიქრიშვილმა, ხოლო გიორგაძე განაცხადში არ იყო. “კასტრს” ამ წარმატებამ მე-6 ადგილზე აღზევების საშუალება მისცა, მას 46 ქულა აქვს.
ერთ-ერთ აუტსაიდერ “ლა როშელთან” მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა დავით ქუბრიაშვილის “ტულონს”, რომელიც საჩემპიონო ფლეი ოფში გამსვლელ ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის. ტულონელები პირველი ტაიმის შემდეგ 0:9 აგებდნენ, მაგრამ დასკვნით 20 წუთში მობილიზება შეძლეს, ორი ლელო გაიტანეს, ერთი რეალიზაცია გამოიყენეს და 12:9 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ეს ანგარიში 67-ე წუთზე დაფიქსირდა, მაგრამ მასპინძლებმა დარჩენილ დროში პრემიის მომტანი მესამე ლელოს გატანა ვერ მოახერხეს. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 51 წუთი ითამაშა, მისი “ტულონი” კი - 45 ქულით მე-7 ადგილზეა.
აუტსაიდერ “ბურგონს” 26:9 მოუგო Top 14-ში დარჩენისთვის მებრძოლმა ბექა შეყლაშვილის “აჟენმა”, მაგრამ პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხა. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა და მასპინძლებმა მხოლოდ მინიმალური სხვაობით მოიგეს - 10:9. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში მათ მეტოქეს გასაქანი არ მისცეს, ჯარიმებით ქულები მეთოდურად აგროვეს, ზედ საფინალო სასტვენის წინ კი, თავისი მეორე ლელო გაიტანეს. “აჟენი” 28 ქულით მე-11 ადგილზეა და დაქვეითების საფრთხე ჯერ კიდევ ემუქრება.
საკუთარ მოედანზე დამარცხდა უძლიერესთა შორის დარჩენისთვის მებრძოლი, დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივი”, არადა, ქართველებს საკუთარი გუნდის წარმატებისთვის ცდა არ დაუკლიათ. “ბრივი” 6:3 იგებდა, მაგრამ ზედ შესვენების წინ, ჯარიმა გაუშვა და საწყისი 40 წუთი თანაბრად დასრულდა, ამასთან, დაჯარიმების მომენტში, მასპინძელთა კაპიტანმა ყვითელი ბარათი მიიღო და თანაგუნდელები 10 წუთით, 14 კაცის ამარა დატოვა. როგორც შემდგომში გაირკვა, ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა.
მეორე ტაიმის საწყის 10-წუთეულში, სანამ “ბრივის” შემადგენლობა შეივსებოდა, სტუმრებმა სამი ლელო გაიტანეს, ბოლო რეალიზაცია გამოიყენეს და 23:6 დაწინაურდნენ, ხუთ წუთში კი, ჯარიმა მიითვალეს. მხოლოდ ამის შემდეგ მოეგნენ გონს მასპინძლები და 57-ე წუთზე, ხინჩაგიშვილმა გარღვევა ლელოთი დააგვირგვინა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. “ბრივმა” მეორე ლელო 75-ე წუთზე გაიტანა და ამჯერად რეალიზაციაც გამოიყენა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო და რადგან ჩამორჩენა 7 ქულაზე მეტი იყო, პრემიალური ქულის გარეშე დარჩა. ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე, ის კაკოვინმა შეცვალა. “ბრივს” 26 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-13 ადგილზეა.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 56, 2. კლერმონი - 49, 3. რასინგ მეტრო - 49, 4. ბიარიცი - 48, 5. მონპელიე - 47, 6. კასტრი - 46, 7. ტულონი - 45, 8. ბაიონი - 44, 9. სტად ფრანსე - 40, 10. პერპინიანი - 36, 11. აჟენი - 28, 12. ლა როშელი - 27, 13. ბრივი - 26, 14. ბურგონი - 5.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია