ამბები

16:05 | 29.01.2011 | ნანახია 4681 - ჯერ

ლეგენდა ქართული რაგბის სამსახურში

მსოფლიოს რაგბის ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პირველხაზელი, ახალზელანდიელი შონ ბრაიან ფიცპატრიკი, ქართული რაგბის სამსახურში ოფიციალურად ჩადგა. ის არის პირველი მეგავარსკვლავი, რომელიც გამოეხმაურა საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივას, შეიქმნას მსოფლიო რაგბის ცნობილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული “საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო” და გამოხმაურებას საქმეც მალევე მიაყოლა.
ფიცპატრიკის თბილისში ვიზიტი, ქართული რაგბის ელიტარულ სარაგბო სამყაროში ინტეგრირებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ახლა ის ქართულ რაგბს არა მარტო საკუთარ ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში გაუთქვამს სახელს. “ოლ ბლექსის” ლეგენდარულმა წევრმა, მსოფლიოს სარაგბო სამყაროს ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა წარმომადგენელმა ფიცპატრიკმა, შეხვედრები გამართა საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან, მოინახულა “შევარდენის” სანაკრებო ბაზა. ის საფუძვლიანად ეცნობა ქართულ რაგბიში არსებულ ვითარებასა და მისი განვითარების პერსპექტივებს.
ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ფიცპატრიკი ქართველი მორაგბეების მსოფლიოს წამყვან ლიგებში დამკვიდრების საკითხებსაც განიხილავს. ამას გარდა, ლეგენდარული ახალზელანდიელის სახით, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს 2011 წელს გასამართ მსოფლიო თასის გათამაშებაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ეყოლება. სანამ ფიცპატრიკის, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძისა და “ბორჯღალოსნების” მთავარ მწვრთნელ რიჩი დიქსონის პრესკონფერენციას ნაუბარს შემოგთავაზებთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თბილისის სტუმრის ბიოგრაფიას:
ფიცპატრიკი 1963 წლის 4 ივნისს დაიბადა. “ჰუკერის” პოზიციაზე მობურთალი შონის სარაგბო მეტსახელი “ლაბრადორი” იყო. ის “ოლ ბლექსის” ღირსებას თორმეტი წლის განმავლობაში (1986-1997 წლებში) იცავდა. მისი დებიუტი “ოლ ბლექსში” 1986 წელს, საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. მას ერთმანეთის მიყოლებით 63 ტესტი აქვს ნათამაშევი, რაც სარაგბო სამყაროს რეკორდია. 1992-1997 წლებში, შონი ზელანდიის ნაკრებს კაპიტნობდა. არის მსოფლიო თასის მფლობელი და საკლუბო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული.
1997 წელს, უკვე ლეგენდად ქცეული მორაგბე, ახალი ზელანდიის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. 1999 წელს, ფიცპატრიკი საუკუნის სიმბოლური ნაკრების “ჰუკერად” (№2) დასახელდა. “ოლ ბლექსის” შემადგენლობაში მას 121 საერთაშორისო მატჩი აქვს ნათამაშევი, 51 ტესტ-მატჩში კი, ეროვნული გუნდის კაპიტანი იყო, რაც ახალი ზელანდიისათვის სარეკორდო მაჩვენებელია. უნდა ითქვას, სარეკორდოა შონ ფიცპატრიკის მონაწილეობით მოგებული თამაშების რიცხვიც - 74. ამჟამად, შონ ფიცპატრიკი ინგლისში ცხოვრობს და წამყვან ტელეკომპანიებთან - BBC-სთან და SKY SPORT-თან თანამშრომლობს.
მიუხედავად იმისა, რომ ფიცპატრიკმა რაგბის თამაშს თავი თითქმის 15 წელიწადია დაანება, ის ახლაც ინარჩუნებს სპორტულ აღნაგობას და უცხო თვალი ვერ იტყვის, რომ მას თავის დროზე “ჰუკერის” პოზიციაზე აქვს ნათამაშები. ახალზელანდიელი მხიარული ადამიანია, ბევრს ხუმრობს, მაგრამ საქმის ცოდნაც არ ეშლება.
გიორგი ნიჟარაძე: “დღეს ძალიან კარგი დღე გვაქვს. ამ კაცმა შექმნა მთელი სარაგბო ეპოქა და მისი საქართველოში სტუმრობა, ჩვენთვის უდიდესი პატივია. ფიცპატრიკი ის მორაგბეა, რომელმაც “ჰუკერის” ახალი სათამაშო სტილი შექმნა. მას ყოფილი მორაგბის, ლევან ვასაძის მეშვეობით დავუკავშირდით და ქართული რაგბის განვითარებაში დახმარება ვთხოვეთ. ახლა “საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში” უკვე ორი კაცია - რიჩი დიქსონი და შონ ბრაიან ფიცპატრიკი. ისინი ჩვენი ელჩები იქნებიან მსოფლიოში”.
შონ ბრაიან ფიცპატრიკი: “ქართულ სარაგბო ოჯახში სტუმრობა ძალიან დიდი პატივია. თქვენი ქვეყანა ზელანდიას ძლიერ წააგავს, ოღონდ ჩვენთან უფრო მეტი ცხვარია. არა მგონია რაგბის კავშირის მხარდაჭერისთვის საქართველოზე უკეთესი ქვეყნის არჩევა ყოფილიყო შესაძლებელი და მაქსიმალურად ვეცდები, რომ თქვენს შესახებ სიტყვა მთელს სამყაროს მივაწვდინო. ჩემთვის მარტივი იქნებოდა ზელანდიაში ან ინგლისში დარჩენა, მაგრამ რაგბის პოპულარიზაციისთვის საქართველოში სტუმრობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. კარგად მახსოვს თქვენი ნაკრების გამოსვლა 2007 წლის მსოფლიო თასზე, სადაც ირლანდიის ნაკრების დამარცებამდე სულ ცოტა დაგაკლდათ და მიხარია, რომ 2011 წელს, ახალ ზელანდიაში ზედიზედ მესამედ მიიღებთ მონაწილეობას მსოფლიო თასზე. რაგბი მსოფლიოს საუკეთესო თამაშია და ჩემი მიზანია, რომ რიჩისთან ერთად, საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა უკეთესი რაგბი ითამაშონ. ქართულ რაგბისთან ჩემი სახელის დაკავშირებით, მისდამი ინტერესი თავისთავად გაიზრდება. მე თქვენს გვერდით ვიქნები მანამ, სანამ საქართველოს ნაკრებისგან საფრთხე “ოლ ბლექსს” არ შეექმნება. ქართველები, ზელანდიელები და შოტლანდიელები, თავმდაბალი ხალხი ვართ და რაგბს დიდი ვნებით ვთამაშობთ. ქართული რაგბის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ დიდი შრომა ჩავდოთ ახალგაზრდებში. განვიხილავთ საკითხს, ქართველი მორაგბეების ზელანდიაში და სხვა ქვეყნებში სტაჟირებაზე გაშვების შესაძლებლობას”.
რიჩი დიქსონი: “კარგად მახსოვს შონის სულისკვეთება. მისი ვიზიტი იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში რაგბის დონე იზრდება. სასიამოვნოა, რომ ასეთი დონის პიროვნება მზადაა ქართული რაგბის სამსახურში ჩადგეს და მისი სახელი გაიტანოს მთელს მსოფლიოში”.
გარდა ამისა ფიცპატრიკმა ახალი ზელანდიის ნაკრებზეც ისაუბრა, რომელსაც თითქმის ყოველთვის საუკეთესო ნაკრები ჰყავს, მაგრამ მსოფლიო თასი მხოლოდ ერთხელ მოიგო. ფიცპატრიკმა ეს უიღბლობას დააბრალა. მან იმედი გამოთქვა, რომ წლევანდელი ჩემპიონატი განსხვავებული იქნება, რადგანაც “ოლ ბლექსი” მომავალი ტურნირისთვის განსხვავებულად ემზადება. შონის თქმით, ევროპის ექვსი ერი და სამხრეთ ნახევარსფეროს სამი ერის გათამაშებები, ჩაკეტილი კომერციული ტურნირებია და საქართველოს მსგავსი ქვეყნების იქ დასაშვებად აუცილებელია ხანგრძლივი მუშაობა და საკუთარი სიძლიერის დამტკიცება. მაგალითად ფიცპატრიკმა და რიჩი დიქსონმა იტალიისა და არგენტინის ნაკრებების შემთხვევები მოიყვანეს, რომლებიც შესაბამისად, ექვსიერის თასზე და სამი ერის გათამაშებაში, 25-30 წლიანი ბრძოლის შემდეგ დაუშვეს.
პრესკონფერენციის დასასრულს, გიორგი ნიჟარაძემ ფიცპატრიკს საქართველოს ნაკრების კვართი გადასცა.

ზურა ქსოვრელი  

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.122441