შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ დიქსონმა უკრაინისა და ესპანეთის ეროვნულ გუნდებთან გასამართი “ერთა თასის” მატჩებისთვის, ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიძახა.
მომავალი მატჩებისთვის გამოძახებულ 23 მორაგბეს შორის, ორი ისეთია, ეროვნული გუნდის კვართი ჯერ რომ არ მოურგია, დანარჩენთა შორის კი, საცდელი ვარიანტები ისახება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შოტლანდიელი სპეციალისტი ახალ ზელანდიაში წამსვლელთა სიაზე აქედანვე ფიქრობს და პრინციპში, ეს გამართლებულიცაა. დიქსონმა და მისმა სამწვრთნელო გუნდმა, საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრაში უკვე გაწვრთნა, მაგრამ კანადასთან და აშშ-სთან გამართული შეხვედრები პრინციპული იყო, ძლიერ მეტოქეებთან აქცენტი შედეგზე გაკეთდა და თანაც, შოტლანდიელმა საქართველოს ნაკრების ძირითადი ბირთვი გაიცნო, ახლა კი, ექსპერიმენტების დრო დადგა.
დებიუტანტები “ბორჯღალოსანთათვის” პრობლემატურ პოზიციებზე გაისინჯებიან. 23 წლის ვახტანგ მაისურაძე მეორეხაზელია და საფრანგეთის ფედერალ 1-ში წლეულს კარგ სეზონს ატარებს. მან მესამე დივიზიონის 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდთან ერთად, აღსაზევებელი ფლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის. კლუბში თამაშისას მაისურაძემ ორჯერ დაიმსახურა სინბინი, ახლა კი, თავის გამოჩენის შანსი ეროვნულ გუნდში ექნება და იმედია, ამას სინბინების გარეშე მოახერხებს. მეორე ახალწვეული 20 წლის ბექა ურჯუკაშვილია, რომელსაც 15 ნომრად შეუძლია თამაში. მან წლეულს ფედერალ 1-ის 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 ლელო გაიტანა, 14-ჯერ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ერთხელ არეკნიც დაჰკრა, სულ კი, გუნდს 69 ქულა შესძინა. მაისურაძის მსგავსად, სინბინი მანაც ორჯერ დაიმსახურა, მაგრამ დისციპლინის გამოსწორების შემთხვევაში, ახალ ზელანდიაში, ეს ახალგაზრდები გუნდისთვის დამატებით ძალად უნდა იქცნენ.
სანაკრებო მატჩების გამოცდილება აქვთ, მაგრამ საკუთარი ადგილისთვის იბრძვიან ანტონ ფეიქრიშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ვასილ კაკოვინი და შალვა სუთიაშვილი. ამ ახალგაზრდა მორაგბეებს საკლუბო პრაქტიკა არ აკლიათ, მაგრამ სანაკრებოდ ჯერ მხოლოდ კანდიდატებად მოიაზრებიან და საკუთარი ძალა ახლა უნდა დაამტკიცონ. გამოძახებულთა შორის არ არიან გუნდის უდავო ლიდერი, მამუკა გორგოძე, რომელიც ტრავმას იშუშებს, “ჰუკერი” აქვსენტი გიორგაძე, ვის პოზიციაზეც ახალი მორაგბეების გამოცდა იგეგმება, პირველხაზელი გოდერძი შველიძე და დავით ქუბრიაშვილი. მათი შესაძლებლობები ყველასათვის ცნობილია და სავარაუდოდ, მწვრთნელმა ახალი ძალების შემოწმება იმიტომ გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მეტი არჩევანი ჰქონდეს.
როგორც ყოველთვის, მედალს ორი მხარე აქვს და ამ შემთხვევაშიც საქმე ამასთან გვაქვს. მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ფორუმამდე სულ ცოტა დრო რჩება და მწვრთნელებს საქმეში კანდიდატების ნახვა სურთ, თუმცა, მეორე მხრივ, გუნდის შესათამაშებლად მათ კიდევ უფრო ცოტა დრო და ცოტა თამაში დარჩებათ. მიუხედავად ამისა, ახალი კანდიდატების გამოცდა მაინც სასიამოვნო უნდა იყოს და რა გამოვა აქედან, სულ მალე გამოჩნდება. ისიც აღსანიშნავია, რომ “ერთა თასის” ახალი ფორმატის გათვალისწინებით, როდესაც გამარჯვებისათვის გუნდი 4 ქულას იღებს, ფრისთვის 2-ს, ხოლო ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის, ან თუნდაც 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის ერთ პრემიალურ ქულას მიითვლის, აუტსაიდერებად მიჩნეული უკრაინასთან და ესპანეთთან ჩვენს გუნდს მაქსიმალური მობილიზება და ქულათა მაქსიმუმის, 10 ქულის აღება მართებთ.
ამ კუთხით, სანაკრებო კანდიდატებს მოტივაცია არ უნდა დააკლდეთ და ქართველი გულშემატკივარიც ტრიბუნაზე მხოლოდ ლამაზი, შემტევი რაგბის სანახავად შეიკრიბება. შეხვედრები, 5 თებერვალს, უკრაინასთან და ხოლო 12 თებერვალს - ვაკეში, “მიხეილ მესხზე”, 15:00 საათზე ესპანეთის წინააღმდეგ გაიმართება, მათზე დასასწრები ბილეთის ფასი კი, სულ რაღაც 2 ლარია.
საქართველოს ნაკრები: დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 31 კეპი, 15 ქულა), ანტონ ფეიქრიშვილი (“კასტრი”, საფრანგეთი, 6), ირაკლი ნატრიაშვილი (“სტიაუა”, რუმინეთი, 29, 10), ჯაბა ბრეგვაძე (“ვისოლი-ყოჩები”, საქართველო, 8), ვასილ კაკოვინი (“ბრივი” საფრანგეთი, 8), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 24, 25), ლევან დათუნაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 37, 10), ვახტანგ მაისურაძე (“სენ ნაზერი”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 15, 5), გრიგოლ ლაბაძე (“მარსეი ვიტროლი”, საფრანგეთი, 62, 55), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 43, 25), ბესარიონ უდესიანი (“მაკონი”, საფრანგეთი, 41, 70), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, საქართველო, 26, 30), ბიძინა სამხარაძე (“სტიაუა”, რუმინეთი, 51, 20), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 68, 30), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი, 27, 87), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 47, 218), ლექსო გუგავა (“ლელო”, საქართველო, 15, 10), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 38, 35), ირაკლი გიორგაძე (“შამბერი”, საფრანგეთი, 40, 16), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 52, 65), ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი, 43, 80), ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, საქართველო, 54, 60), ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
დაცვის მწვრთნელი: ჯონ მაგლტონი
ტექ. მწვრთნელი: მაიკლ ბრედლი
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: მარკ დიქსონი
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია