ამბები

20:09 | 2.02.2011 | ნანახია 3081 - ჯერ

მსოფლიოსთვის მზადება უკრაინით იწყება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ევროპის “ერთა თასს” და მის ხუთივე შეხვედრას, 2011 წლის მსოფლიო თასისთვის უკეთ მოსამზადებლად გამოიყენებს. მწვრთნელები ნაკრების კანდიდატებს დააკვირდებიან და ახალი კომბინაციების დამუშავებას ეცდებიან.
ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ “ბორჯღალოსნები” მომავალ ხუთ მატჩში შედეგს ყურადღებას არ მიაქცევენ. რიჩი დიქსონმა და მისმა დამხმარეებმა, უკრაინისა და ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ 23 მორაგბე უკვე შეკრიბეს და ინტენსიურ წვრთნას გადიან. სიტუაციიდან გამომდინარე, ეროვნული ნაკრების კანდიდატებს საქართველოს A ნაკრების წევრებიც დაემატნენ და “შევარდენის” აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ერთობლივად ივარჯიშეს.
ხალხის სიმრავლე აუცილებელია, რომ კომბინაციების დამუშავებისას ძირითადი გუნდის კანდიდატებს შესაფერისი წინააღმდეგობა დახვდეთ. ამასთან, ვინმეს დაშავების შემთხვევაში, მისი შემცვლელი მალევე უნდა გამოიძებნოს. ოთხშაბათს, ეროვნულ გუნდში გამოძეხებულ ორ მორაგბეს არ უვარჯიშია. დებიუტანტი ბექა ურჯუკაშვილი გაციებულია და მწვრთნელებმა მას დასვენების საშუალება მისცეს. სავარაუდოდ, ის უკრაინელთა წინააღმდეგ  ითამაშებს. ტრავმირებულია უკანახაზელი თედო ზიბზიბაძე და დიდი ალბათობით, უკრაინელთა წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.
“მსოფლიო სპორტი” 20 წლის დებიუტანტ ბექა ურჯუკაშვილს და ნაკრების ვეტერან გია ლაბაძეს გაესაუბრა.
ბექა ურჯუკაშვილი: გაციებული ვარ და ამიტომ ვერ ვვარჯიშობ. დღეს დილით სიცხე მქონდა, ახლა გამიარა, მაგრამ ექიმებმა დასვენება მირჩიეს.
- შაბათს შეძლებ მოედანზე გასვლას?
- დიახ, წესით ყველაფერი რიგზე უნდა იყოს და იმედია, თამაშს მოვახერხებ.
- თუ ელოდი, რომ ნაკრებში დაგიძახებდნენ?
- მთლად სიურპრიზი არ იყო, რადგანაც ნოემბრის ტესტებზეც დამიძახეს. მაშინ ჩამოსვლა ვერ მოვახერხე, რადგან კლუბმა არ გამომიშვა.
- ფედერალ 1-ში რეგულარულად თამაშობთ.
- წინა წლებთან შედარებით, აშკარად პროგრესი მაქვს. ასაკის მატებასთან ერთად მოედანზეც ხშირად მიწევს გამოსვლა და სათამაშო პრაქტიკის არქონას არ ვუჩივი.
- კლუბში 15 ნომრის პოზიციაზე თამაშობ, რომელიც ჩვენი ნაკრებისთვის ბოლო დროს პრობლემატურად იქცა.
- უკანა ხაზში ყველგან შემიძლია თამაში. კლუბში ძირითადად 15 ნომერზე ვდგევარ, თუმცა, გარემარბადაც მათამაშებენ (14 ნომრად). მთლიანობაში, ჩემი პოზიცია მაინც უკანა მცველის ადგილია და ვნახოთ, ნაკრებში სიტუაციის გამოსწორებას მოვახერხებ თუ ვერა.
- მწვრთნელები რომელ ადგილზე გიპირებენ დაყენებას?
- დარწმუნებით ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, რომ 15 ნომრად ვითამაშებ. შეიძლება სხვაგანაც დამაყენონ. ცენტრშიც მითამაშია და მთავარია, მოედანზე გასვლა მომიწიოს, დანარჩენს კი, ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.
- “ფიჟაკში” ხუთი ქართველი ხართ და ფედერალ 1-ში საქმე არცთუ კარგად გაქვთ.
- ამის მიზეზი მწვრთნელები არიან, მე სხვას ვერავის დავაბრალებ. ცალკეულად რომ ავიღოთ, ძლიერი მოთამაშეები გვყავს, მაგრამ შედეგი მაინც არ ჩანს. მწვრთნელებს თავიანთი პრინციპები აქვთ, რომლისგანაც გადახვევას არ აპირებენ და საბოლოოდ, გუნდი ზარალდება.
- კლუბში ჯარიმებს თქვენ და მერაბ კვირიკაშვილი ასრულებთ. თქვენ შორიდან უკეთ ურტყამთ თუ ახლო მანძილიდან?
- ძირითადად შორიდან ვურტყამ. კლუბში ჯარიმების შესრულება უფრო იმიტომ დამეკისრა, რომ “მეკო” ნაკრებში იყო გამოძახებული, ან რაიმე მიზეზის გამო ვერ თამაშობდა. ახლაც ძირითადი დამრტყმელი ალბათ ის იქნება, მაგრამ თუ დარტყმა არ წაუვიდა, მზად ვარ ეს მისია ვიკისრო.
- მომავალ წელს “ფიჟაკში” აპირებ დარჩენას თუ უკეთესი წინადადებები გაქვს?
- ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თუმცა სავარაუდოდ, კლუბს გამოვიცვლი. ახლაც მაქვს ფედერალ 1-ის უკეთესი გუნდებიდან წინადადებები, სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, იმედია, უფრო ძლიერი გუნდებიც გამოჩნდებიან და არჩევანს ამის შემდეგ გავაკეთებ.
გია ლაბაძე: სრული სერიოზულობით ვემზადებით. წელს ეს ჩვენი პირველი შეკრებაა და პრინციპში, მსოფლიო თასისთვის მზადებაც აქედან იწყება. მართალია, ახლა შეკრებაზე ყველა ის მორაგბე არაა, რომელიც მსოფლიო თასზე წავა, მაგრამ ახალი ზელანდიისთვის მზადება სწორედ აქედან იწყება. მწვრთნელებს სანაკრებო კანდიდატების საქმეში ნახვის საშუალება ეძლევათ.
- უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებები დიდ ძალას არ წარმოადგენენ. მათთან მატჩს ალბათ “ერთა თასზე” უფრო ძლიერ მეტოქეებთან მოსამზადებლადაც გამოიყენებთ.
- რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი მიზანი მაინც მსოფლიო თასზე წარმატებული თამაშია და “ერთა თასსაც” ძირითადად სწორედ მისთვის უკეთ მოსამზადებლად გამოვიყენებთ.
- ორი უახლოესი მეტოქე ისეთია, რომ მათთან თამაშში ბურთი ალბათ ძირითადად ჩვენ გვექნება და უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალ შეტევით კომბინაციებს გამოიყენებთ.
- მაინცდამაინც სიახლეებს არ უნდა ელოდოთ. არის ერთი-ორი ახალი დეტალი, მაგრამ ძირითადად მაინც ჩვენი უპირატესობის გამოყენებას ვეცდებით.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.235052