ამბები

16:44 | 3.02.2011 | ნანახია 4450 - ჯერ

ტრადიციული გამარჯვების მოლოდინში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 2011 წლის პირველ შეხვედრას 5 თებერვალს, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და დიდი ალბათობით, საკუთარ მოედანზე წაუგებელი მატჩების სერიას კიდევ ერთით გაახანგრძლივებს.
მხოლოდ ტესტ მატჩებს თუ მივიღებთ მხედველობაში, საქართველოში, თბილისსა და ქუთაისში, “ბორჯღალოსნებს” 2004 წლიდან მოყოლებული, მარცხი არ უწვნევიათ. 2004 წლის 15 თებერვალს, ქართველებმა პორტუგალიას ერთის წილ ორი ლელო კი გაუტანეს, მაგრამ ჯამში 14:19 დამარცხდნენ. მას შემდეგ საქართველოს ნაკრებმა საკუთარ ქვეყანაში 23 მატჩი ჩაატარა, 21 შემთხვევაში გამარჯვება იზეიმა, ერთხელ იმავე პორტუგალიასთან ფრედ ითამაშა - 20:20, ხოლო ერთხელ - მარცხი განიცადა. მარცხიანი მატჩი 2006 წლის 4 ივნისს, ვაკეში გაიმართა და “ბორჯღალოსანთა” ძლევა “ბარბაროსებად” წოდებულმა მსოფლიოს ნაკრებმა მოახერხა - 19:28. 2006 წლიდან დღემდე, საქართველოში ჩვენი ქვეყნის უპირველესმა გუნდმა 14 მატჩი გამართა და 2009 წელს, პორტუგალიასთან ფრედ 20:20 დასრულებული შეხვედრის გარდა, ყველა მათგანში გამარჯვება მოიპოვა.
უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრებმა აქამდე 7 შეხვედრა გამართა და ყველა შემთხვევაში გამარჯვებული დარჩა. ამ ქვეყნის ნაკრებების ნაცნობობა 1991 წელს შედგა და საქართველოში ჩვენმა გუნდმა ორივე შეხვედრა მოიგო - 19:15 და 6:0. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნებს” უკრაინელთა სტუმრობამდე სულ სამი თამაში ჰქონდათ გამართული და სამივე შემთხვევაში ზიმბაბვეს დაუპირისპირდნენ. უკრაინელებთან დაპირისპირება 1992 წელს, კიევში გაგრძელდა და საქართველოს ნაკრებმა ამჯერადაც ორივე მატჩი მოიგო - 18:13 და 15:0. მეხუთე შეხვედრა 1998 წელს, კვლავ კიევში შედგა და საქართველოს ნაკრებმა 31:17 იმარჯვა. ამ გუნდების ბოლო ჯახი 2005-2006 წლების “ერთა თასზე” გაიმართა. თბილისში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 65:0 გაანადგურა, მომდევნო წელს კი - ოდესაში 32:12 იმარჯვა. შეგახსენებთ,, რომ ბოლო ორ თამაშში “ბორჯღალოსნებმა” 15 ლელო გაუტანეს და თავად ერთიც არ გაუშვიათ (11 თბილისში, 4 ოდესაში). აღსანიშნავია, რომ 2009 წელს, უკრაინის ეროვნული ნაკრები თბილისს ერთხელაც ეწვია და მაშინ საქართველოს A ნაკრებს გაეჯიბრა. დაძაბულ მატჩში “ბორჯღალოსანთა” უახლოესმა რეზერვმა ორი ლელო გაიტანა და 26:10 იმარჯვა.
2006 წლის ბოლოს, უკრაინის ნაკრები “ერთა თასის” უძლიერეს დივიზიონს დაემშვიდობა და ის ჩეხეთმა ჩაანაცვლა. ორი წლის წინ, ჩეხების ადგილი გერმანიამ დაიკავა, ხოლო წლეულს უკრაინელები უძლიერესთა შორის დაბრუნდნენ.
რადგან საქართველოს ნაკრები “ერთა თასის” მოქმედი ჩემპიონია, თებერვალ-მარტში მას საუკეთესო კალენდარი აქვს და მეტოქეებს სიძლიერის მიხედვით შეხვდება. უსუსტეს უკრაინას მასზე ძლიერი, მაგრამ სხვებზე ჯაბანი ესპანეთი მოყვება, მერე პორტუგალიის ჯერი დგება, მარტში კი, 2011 წლის მსოფლიო თასის მონაწილენი - რუმინეთის და რუსეთის ნაკრებები გველის. აღსანიშნავია, რომ წლეულს “ერთა თასზე” ქულათა დარიცხვის სისტემა შეიცვალა, გამარჯვებისთვის გუნდი 4 ქულას იღებს, ფრისთვის 2-ს, ხოლო 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის, ან 4 და მეტი ლელოს გატანისთვის, ერთ საპრემიო ქულას. შესაბამისად, წელს ყველა გუნდი ყველა თამაშში ბოლომდე დაიხარჯება, რათა პრემიალური ქულები არ დაკარგოს და იმედია, საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ პრემიალურ ქულას სწორედ უკრაინასთან მატჩში მიიღებს.
შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრების მსურველებს ბილეთში 2 ლარის გადახდა მოუწევთ. საქართველოს ნაკრების ექსპერიმენტალური შემადგენლობის შესახებ ორიდე დღის წინ მოგახსენეთ, ახლა კი, სტუმართა შემადგენლობას გაგაცნობთ. გუნდის ძირითად ბირთვს ხარკოვის “ოლიმპისა” და ოდესის “კრედო 63”-ის მორაგბეები შეადგენენ. უკრაინელთა შორის ერთი ლეგიონერია, რომელიც პენზის “რუსკოე რეგბის” ღირსებას იცავს, ხოლო თითო-თითო - ლვოვის “სოკოლსა” და კიევის “ავიატორს” წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ უკრაინელთა 9 ნომერი ნატურალიზირებული ქართველი, ზურაბ კიკაჩეიშვილია.

უკრაინის ნაკრები: სერგეი სუხიხი, მიკოლა კირსანოვი, ივან ზალიზნიაკი, ოლექსანდრ ლომაკინი, ვიაჩესლავ კრასილნიკი, ოლექსანდრ მიშინოვი, ვიაჩესლავ პონომარენკო, სერგეი გარკავი, სერგეი ცერკოვნი, ოლეგ კოსარიევი, ოლექსანდრ ცაპენკო, ვადიმ მისიკი (ყველა “ოლიმპი”), რომან კულაკივსკი, პავლო მასიუკოვი, დენის მასიუკოვი, ევგენი ჩაიკა, სერგეი მონასტიროვი, ოლექსანდრ პოლიანსკი, ზურაბ კიკაჩეიშვილი, ოლექსი ნოვოკრეშჩენკო (ყველა “კრედო 63), ბოგდან ვოლოშინი (“სოკოლი”), სერგეი იანჩი (“ავიატორი”), ანდრეი გოლიშჩევი (“რუსკოე რეგბი”).
მთავარი მწვრთნელი: ვალერი კოჩანოვი
მწვრთნელი: არტურ გერასიმჩუკი

“ერთა თასის” 2011 წლის კალენდარი
5 თებერვალი

ესპანეთი - რუსეთი
პორტუგალია - რუმინეთი
საქართველო - უკრაინა
 

12 თებერვალი
საქართველო - ესპანეთი
რუსეთი - პორტუგალია
უკრაინა - რუმინეთი
 

26 თებერვალი
პორტუგალია - საქართველო
რუმინეთი - რუსეთი
ესპანეთი - უკრაინა
 

12 მარტი
საქართველო - რუმინეთი
ესპანეთი - პორტუგალია
უკრაინა - რუსეთი
 

19 მარტი
რუსეთი - საქართველო
რუმინეთი - ესპანეთი
პორტუგალია - უკრაინა
  

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.106344