ამბები

17:35 | 4.02.2011 | ნანახია 9421 - ჯერ

უკრაინას ახალი კაპიტნით შევუტევთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, 2011 წლის პირველ შეხვედრაში, რომელსაც “ბორჯღალოსნები” 5 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ გამართავენ, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი დავით ზირაქაშვილი უკაპიტნებს.
გადაწყვეტილება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა მიიღო და ის მარტივი ასახსნელია. შოტლანდიელი მსოფლიო თასისთვის მზადებას აქედანვე იწყებს და შედარებით სუსტ მეტოქეებთან ახალ მორაგბეებს ცდის. შესაბამისად, ირაკლი აბუსერიძე სათადარიგოთა სკამზე იქნება, ზირაქაშვილი კი, მოედანზე პირველივე წუთებიდან გავა. ამასთან, ქართველ პირველხაზელს, რომელმაც გასულ წელს მსოფლიოს ნაკრებში ითამაშა, საფრანგეთის ჩემპიონ “კლერმონისთვის” არაერთხელ უკაპიტნია და ამ კუთხით გარკვეული გამოცდილებაც აქვს.
“ეს სერიოზული ტვირთი და დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც მხოლოდ ერთ შეხვედრაში გაგრძელდება. ქვეყნის უპირველესი გუნდის კაპიტნობა, სხვაგვარ განცდას ვერც მოგიტანს. როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ბიჭებს ვუთხარი, რომ ყველა მათგანი კაპიტანი იქნება და თანაგუნდელების მხარდაჭერის იმედი მაქვს” - თქვა ზირაქაშვილმა.
27 წლის პირველხაზელი ეროვნულ გუნდს მხოლოდ უკრაინასთან მატჩში დაეხმარება, მერე კი კლუბს დაუბრუნდება, რომელსაც 12 თებერვალს თოპ 14-ში “მონპელიესთან” უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის. ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს რაგბის კავშირისა და “კლერმონის” ხელმძღვანელობამ ურთიერთშეთანხმებით მიიღეს. 12 თებერვალს ზირაქაშვილის დათმობის სანაცვლოდ, ფრანგები “ბორჯღალოსანთა” ლიდერს ზაფხულში გაათავისუფლებენ, როდესაც სამსოფლიოსჩემპიონატო მზადება დასკვნით ფაზაში შევა და პირველხაზელსაც თანაგუნდელებთან შესათამაშებლად მეტი დრო ექნება.
საკუთარი კაპიტნობის გარდა, ზირაქაშვილმა მომავალ მეტოქეზეც ისაუბრა: “უკრაინის ნაკრები ის გუნდი არაა, რომელმაც შეიძლება პრობლემა შეგვიქმნას, მაგრამ მოდუნება არ შეიძლება. რაგბი ის თამაშია, სადაც შეცდომას არცერთი მეტოქე არ გაპატიებს და ამიტომ, უკრაინელთა დაუფასებლობა არ შეიძლება”.
“ამაყი ვარ იმით, რომ ხვალ გუნდის კაპიტანი ისეთი დონის მორაგბე იქნება, როგორიც ზირაქაშვილია. ამ ჯერზე აბუსერიძე შეცვლაზე იქნება, ჩვენ კი, გუნდში ლიდერები მრავლად უნდა გვყავდეს. დათოს გვერდით გამოცდილი თანაგუნდელები ეყოლებიან და ისინი მას ყველანაირად დაეხმარებიან” - თავის მხრივ დაამატა რიჩი დიქსონმა.
შოტლანდიელმა 2011 წლის მიზნებზე და “ერთა თასის” მნიშვნელობაზეც ისაუბრა, ამასთან, გუნდის ახალბედებს გარჯა მოუწონა. რიჩიმ იმ მორაგბეების მდგომარეობა შეაფასა, რომლებსაც სხვადასხვა სახის პრობლემების გამო ვარჯიშები გაუცდებით, მერე კი, უკრაინელთა დაფასებაზე ისაუბრა:
“ამ სეზონის მნიშვნელობა ყველასთვის ნათელია. “ერთა თასი” დიდი დატვირთვის მქონე ტურნირია და მას სერიოზულად ვეკიდებით, თუმცა, მეტოქეთა სიძლიერის გათვალისწინებით, თავის გამოჩენის შესაძლებლობას ახალბედებსაც მივცემთ. სწორედ აქ უნდა დავინახოთ მათი შესაძლებლობები და მსოფლიო თასისათვის საუკეთესო შემადგენლობა შევაგროვოთ. შემადგენლობას თუ გადახედავთ, უკანა ხაზში სიახლეებს შეამჩნევთ, თუმცა, შერკინების ხაზში გამოცდილი მორაგბეები გვყავს. მათ უნდა შექმნან უპირატესობა და თამაშის გაშლის საფუძველი შექმნან. სათადარიგოთა შორის 2 დებიუტანტია და მათ მოედანზე გასვლის შანსი აუცილებლად ექნებათ. ნასიამოვნები ვარ ახალწვეულებით. ისინი ლიდერებს კარგად შეეწყვნენ და დავალებებიც სათანადოდ აითვისეს. ნაკრების გამოცდილი წევრები ახლებს გამოცდილებას უზიარებენ და გუნდური პრინციპით ვემზადებით. გარკვეული პერიოდით, ურჯუკაშვილს სიცხე აწუხებდა და გუნდს ამის გამო ჩამოვაშორეთ, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. იგივე პრობლემა ჰქონდა ფეიქრიშვილსაც, მაგრამ უკეთესობა მასაც ეტყობა. ზიბზიბაძემ ოპერაცია გაიკეთა და მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება უკრაინის ნაკრებს, მათ “ერთა თასის” ჩვენ დონეზე თამაშის უფლება ბრძოლით მოიპოვეს და შეიძლება ითქვას, ახლა ერთი დონის გუნდები ვართ. რადგან მათ თავიანთი სიძლიერე დაამტკიცეს, პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ”.
დავით კაჭარავა: “5 დღეა, რაც ერთად ვვარჯიშობთ. ვარჯიშთან ერთად, ხარისხიანი დასვენებაც მოვასწარით, რაც აუცილებელია, რადგან ერთ კვირაში მეორე თამაში გველის. ვფიქრობ, მწვრთნელები კმაყოფილნი უნდა იყვნენ”.
გია ლაბაძე: “ნაკრებში თამაშისას, ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო დროის სიმცირის ფაქტორი. ახალმა მწვრთნელებმა მოახერხეს და მცირე დროში ტექნიკური კომპონენტებიც დავხვეწეთ და კოლექტიურადაც შევთამაშდით. ახლა ვხედავ, რომ ნაკრების მზადების პროცესი პროფესიულ დონეზეა აყვანილი, ისევე, როგორც ფრანგულ და ინგლისურ კლუბებში”.  
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რომ ორი დებიუტანტია, ამაზე ადრეც ვისაუბრეთ - მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე და უკანახაზელი ბექა ურჯუკაშვილი. გუნდშია პირველხაზელი ვასილ კაკოვინიც, რომელსაც ნაკრებში აქამდეც კი უთამაშია, მაგრამ გამოცდილი მაინც არ ეთქმის. ეროვნულ გუნდში დაბრუნდა მესამეხაზელი ზვიად მაისურაძეც. ძირითად შემადგენლობაში 9 ნომრის პოზიციაზე ითამაშებს ბიძინა სამხარაძე, რომელსაც ბოლო დროს ძირითადად შეცვლაზე უწევდა თამაში.
მთლიანობაში, შემადგენლობას თუ გადავხედავთ, “ბორჯღალოსნებს” რამდენიმე მაღალი დონის მოთამაშე აკლიათ. ტრავმების გამო უკრაინის წინააღმდეგ ვერ თამაშობენ მამუკა გორგოძე, აქვსენტი გიორგაძე, გიორგი ნემსაძე და ილია ზედგინიძე. მწვრთნელმა ნაკრებში არ უხმო დავით ქუბრიაშვილს და გოდერძი შველიძეს, თუმცა, ზემოთნახსენები ყველა მორაგბე საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის კანდიდატად მოიაზრებიან და სავარაუდოდ, სამსოფლიოსჩემპიონატო განაცხადშიც იქნებიან.
მიუხედავად ასეთი დანაკლისა, საქართველოს უკრაინელთა საჭირო ანგარიშით ძლევა არ უნდა გაუჭირდეთ. შეგახსენებთ, რომ “ერთა თასზე” წლეულს ქულათა დარიცხვის ახალი სისტემა დაინერგება: გამარჯვებული გუნდი 4 ქულას მიიღებს, ფრეზე 2 ქულა იწერება, ხოლო 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის, ან 4 და მეტი ლელოს გატანისთვის ერთი საპრემიო ქულა იწერება. ამრიგად, “ბორჯღალოსნებმა” უკრაინის ნაკრებს 4 და მეტი ლელო უცილობლად უნდა გაუტანონ, რათა “პრემიაც” ჩაიწერონ, მერე იგივე ესპანეთთან გაიმეორონ, რომელსაც 12 თებერვალს ასევე თბილისში ვეთამაშებით და მთავარ კონკურენტებთან ჯახს ქულათა მაქსიმუმით უნდა შეხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ “ერთა თასი” 2000 წლიდან იმართება და მისი გამარჯვებული ხან ერთი წლის შედეგით ირკვეოდა, ხანაც ორწლიანი ციკლის შედეგად. საქართველოს ნაკრები ერთა თასს სამჯერ ფლობდა, ისევე, როგორც რუმინეთის ნაკრები, ხოლო ერთხელ პორტუგალიამ იპირველა. “ბორჯღალოსნებმა” ერთა თასის” ბოლო ორი გათამაშება მოიგეს და ახლა ამ ჯილდოს შენარჩუნება მართებთ.
საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების შეხვედრა “მიხეილ მესხზე” გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 2 ლარია.

ევროპის 2011-2012 წლების “ერთა თასი”. I ტური
5 თებერვალი. თბილისი. “მიხეილ მესხი”
საქართველო - უკრაინა (15:00 საათი)
საქართველო:
1. დავით ხინჩაგაშვილი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი (კაპ), 4. ლევან დათუნაშვილი, 5. შალვა სუთიაშვილი, 6. გრიგოლ ლაბაძე, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ბესარიონ უდესიანი; 9. ბიძინა სამხარაძე, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 11. ლექსო გუგავა, 12. ირაკლი გიორგაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. ირაკლი მაჩხანელი, 15. ბესიკ ხამაშურიძე.
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. ვასილ კაკოვინი, 18. ვახტანგ მაისურაძე, 19. ზვიად მაისურაძე, 20. ირაკლი აბუსერიძე, 21. ლაშა მალაღურაძე, 22. ბექა ურჯუკაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
დაცვის მწვრთნელი: ჯონ მაგლტონი
ტექ. მწვრთნელი: მაიკლ ბრედლი
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: მარკ დიქსონი
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე

5 თებერვალი
ესპანეთი - რუსეთი
პორტუგალია - რუმინეთი
 

12 თებერვალი
საქართველო - ესპანეთი
რუსეთი - პორტუგალია
უკრაინა - რუმინეთი
 

26 თებერვალი
პორტუგალია - საქართველო
რუმინეთი - რუსეთი
ესპანეთი - უკრაინა
 

12 მარტი
საქართველო - რუმინეთი
ესპანეთი - პორტუგალია
უკრაინა - რუსეთი
 

19 მარტი
რუსეთი - საქართველო
რუმინეთი - ესპანეთი
პორტუგალია - უკრაინა

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.113788