ამბები

17:48 | 4.02.2011 | ნანახია 3764 - ჯერ

უკრაინული რაგბი ქართულ ნაკვალევზე

უკრაინის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვალერი კოჩანოვს კარგად ესმის, რომ მისი გუნდი საქართველოს ნაკრებთან უშანსოდაა, მაგრამ თავს მაინც გამარჯვებულად მიიჩნევს. მის ქვეყანაში სარაგბო კუთხით ახლა ის მოძრაობა დაიწყო, რაც საქართველომ დამოუკიდებლობის პირველ დღეებში გაიარა, ამ დროს კი, საქართველოს დარი გუნდის წინააღმდეგ თამაში ფასდაუდებელ გამოცდილებად მიაჩნია.
სანამ უკრაინელები გეზს საქართველოს დედაქალაქისკენ აიღებდნენ, მათ რაგბიში მნიშვნელოვანი მომენტი მოხდა, რომლის ფესვებიც ჩვენს ქვეყანას უკავშირდება. უკრაინის ეროვნული ნაკრების კონსულტანტად ზაზა ლეჟავა დაინიშნა, რომელიც უკრაინაში წლების განმავლობაში თამაშობდა, მერე ამ ქვეყნის ნაკრების წევრიც იყო, ახლა კი ოდესის “კრედო 63”-ის მთავარი მწვრთნელია. კოჩანოვი და ლეჟავა და ქართველი ჟურნალისტების წინაშე წარდგნენ და საუბარი უკრაინის რაგბის კავშირში არსებულ არცთუ სახარბიელო სიტუაციით დაიწყეს.
“ჩვენთან ახლა ის პრობლემებია, რაც თქვენთან 90-იანი წლების დასაწყისში იყო. ჩვენ იმ გზის სათავეში ვართ, რომელიც თქვენ თავის დროზე გაიარეთ. იმედია, ზაზასთან ერთად ამ გზის გავლას თქვენზე ორჯერ ნაკლებ დროს მოვანდომებთ. უკრაინის ნაკრების ბირთვს ჩვენი ქვეყნის ორი წამყვანი კლუბის მორაგბეები შეადგენენ (ხარკოვის “ოლიმპი” და ოდესის “კრედო”). კარგად გვესმის, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვების შანსი არ გვაქვს, მაგრამ გარკვეულწილად უკვე მოგებულები ვართ. საქართველოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ყველაზე ძლიერი სარაგბო სკოლა აქვს და მათთან თამაშით უდიდეს გამოცდილებას შევიძენთ. თქვენთან თამაში განვითარებისთვის წაგვადგება” - თქვა კოჩანოვმა.
ლეჟავამ იმ ქართველ მორაგბეებზე ისაუბრა, რომლებიც უკრაინულ კლუბებში გამოდიან, ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს და მის სახელს იცავენ. მათგან საქართველოში მხოლოდ ერთი - 9 ნომერი ზურაბ კიკაჩეიშვილი ჩამოვიდა.
“ჯაბა მალაღურაძე (ის საქართველოს ნაკრების 10 ნომრის, ლაშა მალაღურაძეს ძმაა - რედ.) ტრავმირებულია და ამის გამო გვაკლია, კიკაჩეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იქნება. არიან სხვა მორაგბეებიც, რომლებიც შესაძლოა უკრაინის ნაკრებში გამოჩნდნენ, მაგრამ ამას მომავალი გვიჩვენებს” - განაცხადა ლეჟავამ.
ლეჟავამ ისიც გვითხრა, რომ საქართველოსთან და რუმინეთთან მის გუნდს გამარჯვების იმედი არ აქვს. ამ მატჩებს უკეთ მოსამზადებლად გამოიყენებს და ძირითად აქცენტს ესპანელთა ძლევაზე გააკეთებს, რათა სამომავლოდ უძლიერესთა შორის დარჩენა დაიბევოს.  
საქართველოსა და უკრაინის მატჩს ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. რეფერი სირილ ლაფონი იქნება, რომელსაც ასისტენტობას ერიკ სულანი და ლორან ვალენი გაუწევენ.

ევროპის 2011-2012 წლების “ერთა თასი”. I ტური
5 თებერვალი. თბილისი. “მიხეილ მესხი”
საქართველო - უკრაინა (15:00 საათი)
უკრაინის ნაკრები:
1. სერგეი სუხიხი, 2. მიკოლა კირსანოვი (კაპ.), 3. ივან ზალიზნიაკი, 4. ვიაჩესლავ კრასილნიკი, 5. რომან კულაკივსკი, 6. ბოგდან ვოლოშინი, 7. ოლექსანდრ ლომაკინი, 8. ოლექსანდრ ცაპენკო; 9. ზურაბ კიკაჩეიშვილი, 10. სერგეი ცერკოვნი, 11. ოლეგ კოსარიევი, 12. პავლო მასიუკოვი, 13. სერგეი გარკავი, 14. სერგეი მონასტიროვი, 15. ვიაჩესლავ პონომარენკო.
სათადარიგოები: ევგენი ჩაიკა, ოლექსანდრ პოლიანსკი, ოლექსი ნოვოკრეშჩენკო, ანდრეი გოლიშჩევი, სერგეი იანჩი, ვადიმ მისიკი, დენის მასიუკოვი, ოლექსანდრ მიშინოვი.
 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081658