7-კაცა რაგბიში მსოფლიო სერიის მესამე ეტაპზე, თასისათვის ბრძოლას საერთო ჩათვლაში პირველ რვა ადგილზე მყოფი გუნდები განაგრძობენ. მათმა უმეტესობამ ჯგუფური ეტაპი უპრობლემოდ განვლო და საკუთარი ბედი ეჭვქვეშ მხოლოდ სამხრით აფრიკამ დააყენა.
შეგახსენებთ, რომ 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია რვა ეტაპად იმართება. თითოეულ ეტაპზე, დაკავებული ადგილის მიხედვით, გუნდებს ჩასათვლელი ქულები ეწერებათ, საბოლოო ცხრილი კი, რვავე ეტაპის დასრულების შემდეგ, დაგროვილი ქულების მიხედვით დგება და გამარჯვებულად ის ნაკრები დასახელდება, რომელსაც საუკეთესო მაჩვენებელი ექნება. ამრიგად, შესაძლოა რომელიმე გუნდმა ვერცერთი ეტაპი ვერ მოიგოს, მაგრამ ჯამში მსოფლიო სერიის გამარჯვებული გახდეს.
დუბაისა და სამხრეთ აფრიკის ეტაპების შემდეგ, მესამე ეტაპს ტრადიციულად ახალმა ზელანდიამ, ველინგტონმა უმასპინძლა. A ჯგუფში უდანაკარგოდ ითამაშა სერიის ლიდერმა ინგლისის ნაკრებმა. მას მხოლოდ მეორე შეხვედრაში გაუჭირდა, რომელშიც აუტსაიდერ კუკის კუნძულებს დაუპირისპირდა და პირველ ტაიმში სამი უპასუხო ლელო გაუშვა, რომელთაგან კუნძულელებმა ერთი რეალიზაცია გამოიყენეს და 17:0 დაწინაურდნენ. ევროპელებმა მეორე ნახევარში საქმეს სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და სამი წუთში ორი ლელო გაქვითეს, გარდასახვები კი ორივეჯერ ზუსტად შეასრულეს. ინგლისელებმა გამარჯვების მომტანი მესამე ლელო შეხვედრეის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მოახერხეს, ეს გარდასახვაც ზუსტი აღმოჩნდა და სერიის ლიდერმა 21:17 იმარჯვა. მანამდე ინგლისმა აშშ-სა და უელსს იოლად სძლია და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე საფეხურზე უელსი გავიდა, ვინაც აშშ-ს და კუკის კუნძულებს იოლად სძლია და თასისთვის ბრძოლას განაგრძობს.
B ჯგუფში ყველა მატჩი იოლად მოიგო მასპინძელმა ზელანდიამ. ჯგუფიდან მას არგენტინა გაჰყვა, რომელიც მასპინძლებთან კი დამარცხდა, მაგრამ მანამდე პაპუას და შოტლანდიის ნაკრებები დაამარცხა. არგენტინელთა ანგარიშებმა არ მოგატყუოთ, ისინი ორივე შემთხვევაში დამაჯერებლად იგებდნენ და მეტოქეებმა ქულების მოგროვება ბოლოსღა შეძლეს, მას შემდეგ, რაც არგენტინელები მოეშვნენ.C ჯგუფში კენიამ ავსტრალიას და სამოას პრობლემები კი შეუქმნა, მაგრამ მაინც ბოლო ადგილზე გავიდა. ფეხმარდი აფრიკელები სამოელებს პირველი ტაიმის შემდეგ 14:5 უგებდნენ, მაგრამ მერე სამოელებისგან ზედიზედ სამი ლელო გაუშვეს და სიტუაციის შემობრუნება ვეღარ მოახერხეს. კენიელებმა პირველი ტაიმი ავსტრალიასაც მოუგეს - 14:7, მეორე ნახევრის დასაწყისში წონასწორობა აღდგა, შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი, აფრიკელებმა მორიგი ლელო გაიტანეს, მაგრამ რეალიზაცია ვერ გამოიყენეს და 19:14 იგებდნენ. ავსტრალიამ ბურთი არ დაკარგა, ბოლომდე უტია და ლელო მაშინ გაიტანა, როდესაც 7 წუთი ერთი წუთის დასრულებული იყო. “კენგურუებმა” რეალიზაციაც ზუსტად შეასრულეს და 2 ქულის სხვაობით იმარჯვეს.
სენსაცია მზადდებოდა D ჯგუფში და მისი შემოქმედი საფრანგეთის ნაკრები უნდა გამხდარიყო, რომელიც 7-კაცაში არცთუ ძლიერია, მაგრამ... პირველი თამაშები ლოგიკურად დასრულდა, ფიჯიმ საფრანგეთს გადაურბინა, სამხრეთ აფრიკამ კანადას, თუმცა, მეორე მატჩში ფრანგებმა აფრიკელების წაქცევა მოახერხეს. პირველ ტაიმში გუნდებმა თითო-თითო ლელო გაიტანეს და რეალიზაციები გამოიყენეს. მეორე ნახევრის დასაწყისში ფრანგები მოედანზე 2 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ და ამით აფრიკამ იხეირა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტად შეასრულა. ევროპელებმა მოინდომეს და მას შემდეგ, რაც დრო უკვე ამოწურული იყო, ლელოთი წონასწორობა აღადგინეს, რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა და ფრანგებს თასისთვის ბრძოლის შანსი მიეცათ. მაგრამ მანამდე ორივე მატჩში დამარცხებულ კანადასთან ძალა აღარ ეყოთ, მეტოქეს ერთი ლელოთი ჩამორჩნენ და რადგან აფრიკელებმა ლიდერ ფიჯისთან ფრედ ითამაშეს, შემდეგ ეტაპზე სწორედ ისინი გავიდნენ. არადა, შეხვედრის დასრულებამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა, როდესაც ფიჯელები 7:0 იგებდნენ და “ქურციკების” საქმე ბუნდოვნად მოჩანდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ სერიას 44 ქულით ინგლისი ლიდერობს, რომელმაც დუბაის სერია მოიგო, სამხრეთ აფრიკაში კი, ფინალში დამარცხდა. მისი იქ მძლეველი ახალი ზელანდია 40 ქულით მეორე საფეხურზეა. 36 ქულით მესამეა სამოა, ოთხით ნაკლები ქულა აქვს ტონგას, სამხრეთ აფრიკას 24 ქულით მე-5 ადგილი უჭირავს, მეექვსე ავსტრალიაა (14 ქული), ხოლო მე-7-მე-8 ადგილებს არგენტინა და უელსი იყოფენ (12-12 ქულა). ათეულის ბოლო ორ საფეხურზე აშშ (6 ქულა) და შოტლანდია (4 ქულა) იმყოფებიან.
A ჯგუფი
ინგლისი - აშშ 31:12
უელსი - კუკის კუნძულები 31:12
ინგლისი - კუკის კუნძულები 21:17
უელსი - აშშ 36:5
აშშ - კუკის კუნძულები 19:14
ინგლისი - უელსი 33:7
1 | ინგლისი | 3 | 3 | 0 | 0 | 85-36 | 9 |
2 | უელსი | 3 | 2 | 0 | 1 | 74-50 | 7 |
3 | აშშ | 3 | 1 | 0 | 2 | 36-81 | 5 |
4 | კუკის კუნძულები | 3 | 0 | 0 | 3 | 43-71 | 3 |
B ჯგუფი
ახალი ზელანდია - შოტლანდია 29:12
არგენტინა - პაპუა ახალი გვინეა 14:10
ახალი ზელანდია - პაპუა ახალი გვინეა 45:0
არგენტინა - შოტლანდია 22:14
შოტლანდია - პაპუა ახალი გვინეა 12:14
ახალი ზელანდია - არგენტინა 34:7
1 | ახალი ზელანდია | 3 | 3 | 0 | 0 | 108-19 | 9 |
2 | არგენტინა | 3 | 2 | 0 | 1 | 43-58 | 7 |
3 | პაპუა ახალი გვინეა | 3 | 1 | 0 | 2 | 24-71 | 5 |
4 | შოტლანდია | 3 | 0 | 0 | 3 | 38-65 | 3 |
C ჯგუფი
სამოა - კენია 24:21
ავსტრალია - ტონგა 47:7
სამოა - ტონგა 17:0
ავსტრალია - კენია 21:19
კენია - ტონგა 10:17
სამოა - ავსტრალია 5:29
1 | ავსტრალია | 3 | 3 | 0 | 0 | 97-31 | 9 |
2 | სამოა | 3 | 2 | 0 | 1 | 46-50 | 7 |
3 | ტონგა | 3 | 1 | 0 | 2 | 24-74 | 5 |
4 | კენია | 3 | 0 | 0 | 3 | 50-62 | 3 |
D ჯგუფი
ფიჯი - საფრანგეთი 42:0
სამხრეთ აფრიკა - კანადა 31:5
ფიჯი - კანადა 38:0
სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი 12:14
საფრანგეთი - კანადა 14:19
ფიჯი - სამხრეთ აფრიკა 7:7
1 | ფიჯი | 3 | 2 | 1 | 0 | 87-7 | 8 |
2 | სამხრეთ აფრიკა | 3 | 1 | 1 | 1 | 50-26 | 6 |
3 | კანადა | 3 | 1 | 0 | 2 | 24-83 | 5 |
4 | საფრანგეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 28-73 | 5 |
1/4 ფინალები IX-XVI ადგილებისათვის
აშშ - შოტლანდია
კანადა - კენია
ტონგა - საფრანგეთი
პაპუა ახალი გვინეა - კუკის კუნძულები
თასის 1/4 ფინალები
ინგლისი - არგენტინა
ფიჯი - სამოა
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა
ახალი ზელანდია - უელსი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია