ამბები

12:39 | 5.02.2011 | ნანახია 2673 - ჯერ

ინგლისმა თასისკენ ნაბიჯი გადადგა

ინგლისის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2011 წლის ექვსი ერის სადებიუტო შეხვედრაში, კარდიფში, გადაჭედილ “მილენიუმზე”, უელსის ნაკრებს 26:19 სძლია და თასის მოპოვების მთავარ პრეტენდენტად იქცა. ახლა ინგლისელებს სამი შეხვედრის საკუთარ მოედანზე გამართვა ელით, სადაც ისინი თითქმის არ მარცხდებიან და უმთავრეს ფავორიტად სწორედ ეს აქცევთ.
არადა, შეხვედრის დებიუტი მასპინძლებს ცუდს არაფერს უქადდა. საწყის წუთებში მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ორჯერ მიეცათ, მაგრამ ჯარიმებიდან ვერ იხეირეს, მე-10 წუთიდან კი, ინგლისმა ბურთი მოიპოვა, საპასუხო შეტევა წამოიწყო და მალე ლელოც გაიტანა. მე-14 წუთი მიდიოდა, როდესაც მეტოქის 22-ის ხაზთან ტობი ფლუდმა დიდებულად ითამაშა, მასპინძელთა დაცვის ხაზი გაჭრა და კრის ეშტონს ბურთი ძელებსშუა შეაყოლა. 20 წუთის შემდეგ, უპირატესობა 10 ქულამდე გაიზარდა, როდესაც, მანამდე რეალიზაციის გამტანმა ტოდი ფლუდმა, 22-ის ხაზიდან ჯარიმაც ზუსტად შეასრულა.
უელსელებმა ამის შემდეგღა მოახერხეს უპირატესობის დაბრუნება და სტეფან ჯონსმა, ორი ჯარიმით, ჩამორჩენა ოთხ ქულამდე დაიყვანა. ამასთან, ინგლისელმა დეაკონმა, მეორე შემთხვევაში, ანუ 28-ე წუთზე, განზრახ ჯარიმისთვის სინბინი დაიმსახურა და სტუმრები 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ. კაცმეტობამ უელსელები ვერ ახეირა, თუმცა, ბევრს ეცადნენ. ინგლისმა დროის ეს მონაკვეთი ტაქტიკურად სწორად ჩაამთავრა, საკუთარი ჩათვლის მოედანი და კარი ხელუხლებლად შეინახა, უფრო მეტიც, ამ პერიოდში ფლუდმა თავისი მეორე ჯარიმა გაიტანა, ტაიმი სტუმრებმა 13:6 მოიგეს. ისე, პირველ ნახევარში უელსელებმა რამდენიმე კარგი შეტევა წამოიწყეს, მაგრამ რატომღაც ჯიქურ ცდილობდნენ შეტევის ფეხით გადაკიდების გაგრძელებას და ამის გამო რამდენიმე სახიფათო შეტევა გაანიავეს, არადა, ისე ჩანდა, ხელდახელ რომ შეეტიათ, ხეირი მეტი იქნებოდა.
დაიწყო მეორე ნახევარი და გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ უელსელი კრეიგ მიჩელი, დაჯარიმებასთან ერთად 10 წუთით დასჯილთათვის განკუთვნილ სკამზე გაემგზავრა და თანაგუნდელები კაცნაკლულები დატოვა. შედეგად, 56-ე წუთზე, ტომ პალმერმა მეტოქის დაცვის ხაზი გაჭრა, მარკ კუეტომ ბურთი ფლანგზე ჩაათამაშა, სადაც სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს და ეშტონმა ინგლისის და თავისი მეორე გაიტანა, ხოლო ფლუდმა რეალიზაცია გამოიყენა - 23:9. უელსელებმა იმედი მალევე დაიბრუნეს, 61-ე წუთზე ინგლისელთა დაცვა გაარღვიეს და მორგან სტოდარტმა მათ ჩათვლის მოედანში შეაღწია, ხოლო ჯონსმა რეალიზაცია გამოიყენა. ამას ორივე გუნდში ცვლილებები მოყვა, 70-ე წუთზე კი, ჯეიმს ჰუკმა, ჯარიმით, ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა და დასკვნით 10 წუთში მასპინძლებს მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ. მაგრამ ინგლისმა ბურთი შეინარჩუნა, 76-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ჯონ უილკინსონმა თავისი წილი ჯარიმა გაიტანა და სტუმრებს 26:19 მოაგებინა.

2011 წლის ექვსი ერი. I ტური
4 თებერვალი

უელსი - ინგლისი 19:26
5 თებერვალი
იტალია - ირლანდია
საფრანგეთი - შოტლანდია
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.187644