საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2011 წლის პირველ შეხვედრაში უკრაინას უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა - 62:3.
მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგისა, ეროვნული გუნდის ხელმძღვანელები და მორაგბეები, თამაშის ხარისხით უკმაყოფილონი დარჩნენ. ისინი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ბევრი შეცდომები დაუშვეს და მის გამოსწორებაზე უშუალოდ მატჩის მსვლელობისასვე იზრუნეს - შედეგიც უკეთესი იყო: პირველ ტაიმში გატანილ ოთხ ლელოს, მეორეში ექვსი შემატეს.
მთლიანობაში, ამ მატჩში უამრავი კარგი რამ მოხდა; საქართველოს ნაკრებმა პრემიალური ქულის მომტანი მეოთხე ლელო პირველსავე ნახევარში გაიტანა და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევროპის “ერთა თასზე” ამ ახალი წესდებით იხეირა; ეროვნული გუნდის თავკაცებმა საქმეში ნახეს ახალბედები, რომელთაგან ერთ-ერთმა ბექა ურჯუკაშვილმა, სადებიუტო მატჩში ლელო მიითვალა; დაამუშავეს ახალი კომბინაციები, რომლების დახვეწაც სწორედ სუსტ მოწინააღმდეგეებთან უნდა მოხდეს და ძლიერ გუნდებთან მათი შესრულების დონე უმაღლესს მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს. მოკლედ, უკრაინამ კარგი სავარჯიშო პარტნიორობა გაგვიწია და იმედია, მომავალ მატჩებში თამაშის ხარისხი კიდევ უფრო მაღალი იქნება, შედეგი კი, ახლაც ყველასათვის მისაღებია.
ისე, “ბორჯღალოსნებს” რომ მოენდომებინათ და აქცენტი ანგარიშის სიდიდეზე გაეკეთებინათ, ალბათ 100 ქულიანი ზღვრის მიღწევაც შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ მათ კარგად ესმით უმთავრესი მიზანი - მსოფლიო თასისთვის მზადება და ამიტომ, რიგ ეპიზოდებში ფორვადებით შეტევას და ძალისმიერად გარდაუვალი ლელოს გატანას, ბურთის ხაზზე ჩათამაშება არჩიეს. მარტო რიჩი დიქსონი კი არა, მისი წინამორბედი მწვრთნელებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს ნაკრების პრობლემა შერკინებისა და უკანა ხაზის თამაშის დაბალანსება იყო (და არის) და ამ კუთხით, უკრაინასთან მატჩმა კარგი სავარჯიშო პირობა შექმნა.
ალბათ, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ მატჩის უმეტესმა ნაწილმა უკრაინელთა ნახევარზე ჩაიარა და ბურთს ძირითადად საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა. “ბორჯღალოსნები” სწრაფად თამაშს და ბურთის გაშლას ცდილობდნენ, რაც პერიოდულად კარგად გამოსდიოდათ, მაგრამ ხანდახან ხარვეზებიც იყო. რიგ შემთხვევებში, ზედმეტი სიჩქარის გამო, გაგრძელების არჩევა არასწორად ხდებოდა და სალელოვე შეტევა უქულოდ სრულდებოდა. დერეფანში უკრაინას სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია (შერკინებაზე საუბარიც ზედმეტია), მაგრამ ერთ-ორ ეპიზოდში შეცდომა დავუშვით და ამ კუთხით რომ სამუშაო ბევრია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ კანადისა და აშშ-ს ნაკრებებთან ნოემბერში გამართული ტესტ-მატჩების დროს, აუტის არასწორად მოწოდების გამო ბურთი რამდენჯერმე დაიკარგა და ძლიერ მეტოქეებთან თამაშისას, მით უმეტეს მსოფლიოს თასზე, მსგავსი შეცდომების დაშვება დაუშვებელია.
თამაში დაიწყო თუ არა, საქართველოს ნაკრებმა ჯარიმა აუტში გადაიტანა, მოწოდება მოიგო, მეტოქეს მოლით მიაწვა, დაახლოებით 7-8 მეტრი წინ წაიწია და ირაკლი ნატრიაშვილმა ლელო გაიტანა, მერაბ კვირიკაშვილმა კი რეალიზაცია შეასრულა. 10 წუთიც არ იყო გასული, როდესაც რაქიდან გამოტანილი ბურთი კვირიკაშვილმა კაჭარავას ლამაზად დაუტოვა და მანაც ჩათვლის მოედნის ხაზი გადაკვეთა, მაგრამ რეფერიმ წინპასი დააფიქსირა და უპირატესობით ჯარიმა დაგვიბრუნა. “ბორჯღალოსნებმა” შერკინება ირჩიეს, მეტოქეს მიაწვნენ, რაქიდან ბურთი ბიძინა სამხარაძემ აიტაცა, პასის იმიტირებით მცველები ჩამოიცილა და ლელო გაიტანა, კვირიკაშვილმა კი რეალიზაცია კვლავ ზუსტად შეასრულა.
საქართველოს ნაკრებმა ტემპს კიდევ უფრო უმატა, რაქიდან ბურთი სწრაფად გადიოდა და შეტევის მიმართულებები იცვლებოდა, ბესიკ ხამაშურიძემ ხაზი გაჭრა, ბოჭვის შემდეგ ვარდნაში ლექსო გუგავას პასი არ დაუგვიანა და 20 წუთის თავზე მესამე ლელო გავიდა, მაგრამ ამ ჯერზე, “მეკოს” გარდასახვა გაუფუჭდა - 19:0. საქართველოს ნაკრები თითქოს მოდუნდა, უკრაინამ მასპინძელთა ნახევარზე გადასვლა მოახერხა და ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც კოსარევმა ვერ გამოიყენა, არადა, გასატანი პოზიცია იყო. გარკვეული დროით სტუმრებმა თამაში ცენტრსა და საქართველოს ნაკრების 22-მეტრა ხაზს შორის გადაიტანეს. ტაიმის ბოლოს, ქართველებს უკრაინელთა შეტევების მოგერიება მოწყინდათ, ირაკლი მაჩხანელი საკუთარი 22-ის ხაზიდან კარგად დაიძრა და ბურთი ცენტრამდე აიტანა, მერე შეტევა მარჯვენა ფლანგიდან განვითარდა და უკრაინელთა ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში შერკინება დაინიშნა, რის შემდეგაც, ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა, კვირიკაშვილმა გვერდით ხაზთან მაჩხანელი მოძებნა და მანაც მეოთხე ლელო გაიტანა, რომლითაც საქართველოს ნაკრებმა ერთი პრემიალური ქულა საწყისი 40 წუთის თავზევე დაიბევა. კვირიკაშვილმა რეალიზაცია ვერ გამოიყენა. სანამ მსაჯი შესვენებისას ჩასტვენდა, ანგარიშის დასველების შესაძლებლობა კოსარევს ერთხელაც მიეცა, მაგრამ ჯარიმა ამჯერადაც არაზუსტად დაარტყა.
მეორე ნახევარი პირველის მსგავსად დაიწყო, საქართველოს ნაკრები მეტოქეს მოლით მიაწვა და ლელო დავით ზირაქაშვილმა მიითვალა, რომელიც საქართველოს ნაკრებს პირველად კაპიტნობდა და იუბილე 5 ქულით აღნიშნა - კვირიკაშვილმა გარდასახვა ამჯერადაც გააფუჭა. ამის შემდეგ, უკანა ხაზი კიდევ უფრო კარგად ათამაშდა და დავით კაჭარავამ ზედიზედ ორი ლელო გაიტანა - მან თავი ჯერ მარცხნივ ჩათამაშების შემდეგ გამოიჩინა, მერე კი, ხამაშურიძემ ცენტრში გაჭრა ხაზი, მას “კაჭი” დროულად მიეხმარა და ძელებსშუა შეხტა. “მეკომ” ორიდან ერთი რეალიზაცია გამოიყენა და ანგარიში 41:0 გახდა. ყველაზე ლამაზი მერვე ლელო გამოდგა. კომბინაციაში თითქმის მთელმა უკანა ხაზმა მიიღო მონაწილეობა, წაქცეულმა მაჩხანელმა ბურთი დებიუტანტს, შეცვლაზე შესულ ბექა ურჯუკაშვილს აუგდო და მანაც ლელო მიითვალა, “მეკომ” კი რეალიზაცია გამოიყენა.
სტუმრებმა ქულების მოპოვება ამის შემდეგღა შეძლეს, როდესაც კარის გასწვრივ 22 მეტრის ხაზთან ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და კოსარევმა მესამე ცდა გამოიყენა - 48:3. ამას, კვლავ ქართველთა იერიშები მოჰყვა. მორიგი შერკინების შემდეგ, ბურთი წინა შემთხვევების მსგავსად ხაზზე ჩათამაშდა, ირაკლი გიორგაძემ ხაზი გაჭრა, მას კვირიკაშვილი წამოეხმარა, საქმეში ისევ აბუსერიძე ჩაერთო და ლამაზი კომბინაცია ლელოთი დააგვირგვინა, კვირიკაშვილმა კი რეალიზაცია გამოიყენა. მალე უკანა ხაზელებს კიდევ მიეცათ თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ სამხარაძემ, რომელიც ამ დროისთვის უკვე ხაზში თამაშობდა, რადგან 9 ნომრის პოზიციაზე აბუსერიძე შევიდა, ფლანგზე თავისუფალი ურჯუკაშვილი ვერ შენიშნა, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო და ბურთი დაკარგა. მატჩის დასრულებამდე კიდევ ერთი ლელო მაინც გავიდა. ამჯერად, 5 ქულა გიორგი ჩხაიძემ ჩაიწერა, ხოლო გარდასახვა ლაშა მალაღურაძემ გამოიყენა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრები “ერთა თასზე” პირველი ტურის შემდეგ გალიდერდა. “ბორჯღალოსნებს” მომდევნო შეხვედრა 12 თებერვალს, კვლავ თბილისში, ესპანეთის წინააღმდეგ ელით, რომელიც უხერხულ მეტოქედ ითვლება, თუმცა მისი დამარცხება და პრემიალური ქულის მოპოვება, სავსებით რეალურია. იმედია, მანამდე ხარვეზების გამოსწორებაც შესაძლებელი იქნება და საქართველოს ნაკრები მორიგ 5 ქულას, ლამაზი და ხარისხიანი თამაშის შედეგად მოიპოვებს.
მატჩის შემდეგ
დავით კაჭარავა (საქართველოს ნაკრების უკანახაზელი): “მიუხედავად ანგარიშისა, თამაშის ხარისხით უკმაყოფილონი ვართ. რიგ ეპიზოდებში, მწვრთნელის დავალებები ვერ შევასრულეთ. ვეცდებით, შეცდომები გამოვასწოროთ და ესპანეთთან უკეთესი თამაში ვაჩვენოთ”.
დავით ზირაქაშვილი (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “კაპიტნობა ძალიან რთულია და ყოჩაღ აბუსერიძეს, ამას მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ უძლებს. საკუთარი თამაშის გარდა სხვებზეც გიწევს ფიქრი და გადაწყვეტილებების მიღება. რაგბი მარტო ანგარიში არაა, ეს თამაშია, რომლითაც სიამოვნება უნდა მიიღო. პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ, მაგრამ მეორე ტაიმი უკეთესი იყო. რიგ ეპიზოდებში, შერკინებით მეტოქეს არ მივაწექით, ბურთი ხაზზე გავიტანეთ და უკანახაზელებს იმ კომბინაციების შესრულების საშუალება მივეცით, რაც მწვრთნელებმა დაგვისახეს. ვეცდებით, მომავალ შეხვედრებში უკეთ ვითამაშოთ”.
პრესკონფერენცია
რიჩარდ დიქსონი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “შესვენების შემდეგ გუნდი პირველად შეიკრიბა და პირველი თამაში ჩაატარა, ამიტომ ხარვეზებიც იყო. გავიმეორეთ ის კომბინაციები, რაც ნოემბრის ტესტ-მატჩების დროს დავამუშავეთ და მოხერული ვარ, რომ ბიჭებმა ისინი ეფექტურად შეასრულეს. დავინახეთ ის ხარვეზებიც, რომლის გამოსწორებაზეც უნდა ვიმუშაოთ. მე ორი მსოფლიო თასის მონაწილე ვარ, ჯონ მაგლტონი კი სამის. გვაქვს გამოცდილება და ვიცით, თუ როგორ შევარჩიოთ მორაგბეები მსოფლიო თასისთვის. მოედანზე გასულ მორაგბეებს ენთუაზიაზმი არ აკლდათ, ამიტომ, თავის გამოჩენის შესაძლებლობა ყველას უნდა მიეცეს. ახალი მორაგბეების თამაშით კმაყოფილი ვარ და მათ მომავალშიც მივცემ თავის გამოჩენის შესაძლებლობას, რათა მომავალში საუკეთესოები გახდნენ. სანაკრებო რეზერვი უნდა გავაფართოვოთ. უკვე იკვეთებიან ის მორაგბეები, რომელთაც გრძელვადიანი პრესპექტივა აქვთ”.
ჯონ მაგლტონი (საქართველოს ნაკრების დაცვის მწვრთნელი): “თამაშის წინ და მისი მსვლებისასაც, გუნდს დავალება მივეცით, რომ ბალანსი დაეცვათ შერკინებისა და უკანა ხაზის მორაგბეებს, სინქრონულად ემოქმედათ. ამის შესრულება, მეტ-ნაკლებად მოხერხდა. უკანახაზელებმა კარგი, გაშლილი რაგბი აჩვენეს. მე ნაკრების დაცვის მწვრთნელი ვარ და ამ კომპონენტშიც კარგად ვითამაშეთ. შეცდომები გვქონდა, ბურთი კონტაქტისას იკარგებოდა, არ ვარგოდა გრძელი გადაცემები, ზოგიერთ შემთხვევაში შეტევები არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, მაგრამ კარგად ვითამაშეთ ფეხით და შერკინებაში. შეცდომების გამოსასწორებლად ერთი გამოსავალი არსებობს - ვარჯიში, ვარჯიში და ვარჯიში. მუშაობით ვეცდებით, რომ მომავალ შეხვედრებში შეცდომები გამოვასწოროთ და განსხვავება დაგანახოთ”.
ზაზა ლეჟავა (უკრაინის ეროვნული ნაკრების კონსულტანტი): “ჩვენ და საქართველოს ნაკრებს განსხვავებული ამოცანები გვაქვს. გვსურდა, მორაგბეებს დაცვაში თავდადებით ეთამაშათ და მათ ეს მოახერხეს. მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა და წინსვლა აშკარად სახეზეა. ჩვენი მიზანი უძლიერესთა შორის დარჩენაა და საამისოდ, უმთავრესი კონკურენტი ესპანეთის ნაკრებია. სწორედ მასთან უნდა ვეცადოთ ქულების აღებას, თუმცა, თუნდაც მცირე სხვაობით წაგებისთვის მოპოვებულ პრემიალურ ქულაზეც არ ვიტყვით უარს”.
პრესკონფერენციის ბოლოს, უკრაინის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ვლად ბულგაკოვმა საქართველოს ნაკრებს “ერთა თასზე” და მსოფლიო თასზე წარმატება უსურვა და საქართველოსგან, როგორც სათამაშო, ისე კავშირის საორგანიზაციო საკითხებში, დახმარების იმედი გამოთქვა. თავის მხრივ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ, ბულგაკოვს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უსურვა, რომელიც 20 თებერვალს გაიმართება.
ევროპის 2011-2012 წლების “ერთა თასი”. I ტური
5 თებერვალი. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 7000
საქართველო - უკრაინა 62:3 (24:0)
საქართველო: 15. ბესიკ ხამაშურიძე (22. ბექა ურჯუკაშვილი 47), 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. ირაკლი გიორგაძე, 11. ლექსო გუგავა (20. ირაკლი აბუსერიძე 67), 10. მერაბ კვირიკაშვილი (21. ლაშა მალაღურაძე 74), 9. ბიძინა სამხარაძე; 1. დავით ხინჩაგაშვილი (17. ვასილ კაკოვინი 61), 2. ირაკლი ნატრიაშვილი (16. ჯაბა ბრეგვაძე 47), 3. დავით ზირაქაშვილი (კაპ), 4. ლევან დათუნაშვილი, 5. შალვა სუთიაშვილი, 6. გრიგოლ ლაბაძე (18. ვახტანგ მაისურაძე 47), 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ბესარიონ უდესიანი (19. ზვიად მაისურაძე 38).
10 ლელო: ნატრიაშვილი, სამხარაძე, გუგავა, მაჩხანელი, ზირაქაშვილი, კაჭარავა (2), ურჯუკაშვილი, აბუსერიძე, ჩხაიძე.
6 გარდასახვა: კვირიკაშვილი (5), მალაღურაძე
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
დაცვის მწვრთნელი: ჯონ მაგლტონი
ტექ. მწვრთნელი: მაიკლ ბრედლი
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: მარკ დიქსონი
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
უკრაინა: 15. ვიაჩესლავ პონომარენკო, 14. სერგეი მონასტიროვი, 21. სერგეი გარკავი (13. ანდრეი გოლიშჩევი 56), 12. პავლო მასიუკოვი, 11. ოლეგ კოსარევი, 10. სერგეი ცერკოვნი (19. დენის მასიუკოვი 41), 9. ზურაბ კიკაჩეიშვილი; 1. სერგეი სუხიხი (16. ევგენი ჩაიკა 56), 2. მიკოლა კირსანოვი (კაპ.) (17. ოლექსანდრ პოლიანსკი 41), 3. ივან ზალიზნიაკი (18. მიკოლა ოლექსანდრიუკი 41), 4. ვიაჩესლავ კრასილნიკი, 5. რომან კულაკივსკი, 6. ბოგდან ვოლოშინი (22. ოლექსი ნოვოკრეშჩენკო 47) , 7. ოლექსანდრ ლომაკინი, 8. ოლექსანდრ ცაპენკო.
1 ჯარიმა: კოსარევი.
მთავარი მწვრთნელი: ვალერი კოჩანოვი
დღეს: ესპანეთი - რუსეთი 24:28, პორტუგალია - რუმინეთი 24:17
12 თებერვალი
საქართველო - ესპანეთი
რუსეთი - პორტუგალია
უკრაინა - რუმინეთი
26 თებერვალი
პორტუგალია - საქართველო
რუმინეთი - რუსეთი
ესპანეთი - უკრაინა
12 მარტი
საქართველო - რუმინეთი
ესპანეთი - პორტუგალია
უკრაინა - რუსეთი
19 მარტი
რუსეთი - საქართველო
რუმინეთი - ესპანეთი
პორტუგალია - უკრაინა
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია