საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა უმთავრესმა კონკურენტმა ევროპის ერთა თასზე 2011 წლის მსოფლიო თასზე რუმინეთმა, ლისაბონში უცუდესი პირველი ტაიმი ჩაატარა და იმას, რომ პორტუგალიიდან ერთი პრემიალური ქულა წამოიღო, მსაჯს უნდა უმადლოდეს.
შეხვედრა 48 წამის დაწყებული იყო, როდესაც მასპინძლებმა “მუხის ფოთლების” პირველი შეცდომა გამოიყენეს და ლელო გაიტანეს. კალაფეტეანუმ ზურგში გადაკიდებული ბურთის ფეხით შეჩერება სცადა, მაგრამ ის საკუთარი ჩათვლის მოედნისკენ აისხლიტა. პედრო სილვა ეპიზოდს არ გამოეთიშა, ბოლომდე ირბინა, რუმინელ მცველებს დაასწრო, სისწრაფეში ბურთი ცალი ხელით აიტაცა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. კალაფეტეანუმ სიტუაციის გამოსწორება სცადა და სილვას ფეხებში ჩაუხტა, მაგრამ მისი მცდელობა დაგვიანებული იყო. გარდნერმა რეალიზაცია გამოიყენა და მასპინძლებმა პირველსავე წუთებზე 7 ქულიანი ფორა მიიღეს.
რუმინელებმა ჯარიმით მე-13 წუთზე უპასუხეს. პორტუგალიის შერკინება მეტოქისას ვერ დაუდგა, დაჯარიმდა და დუმბრავამ კარის გასწვრივ 24 მეტრიდან გაიტანა. არადა, იმ ეპიზოდში შერკინებაში ბურთი მასპინძლებს შეყავდათ. პორტუგალიამ ჯარიმითვე ორ წუთში უპასუხა. სტუმრები ცენტრის სიახლოვეს, მეტოქის ნახევარზე დაჯარიმდნენ, გარდნერმა დაახლოებით 52 მეტრიდან კარში დაარტყა და შორეული ჯარიმა ძელებსშუა გააძვრინა - 10:3. 21-ე წუთზე მასპინძლებმა მეორე ლელო გაიტანეს. მათ ამჯერადაც რუმინელების შეცდომით ისარგებლეს. რაქიდან ბურთი ჟოსე პინტომ აიტაცა, პასის ნაცვლად გარღვევა თავად სცადა, ის შებოჭეს, მაგრამ სანამ წააქცევდნენ აკუილარისთვის გადაცემის გაკეთება მოახერხა. მანაც ცოტა წაიფინტა, რუმინელი მცველები სტატისტებივით იდგნენ, ხოდა გაძვრა პორტუგალიელიც მათ შორის და ლელო ძელებსშუა თითქმის წინაღობის გარეშე გაიტანა, გარდნერმა ამჯერადაც გარდასახა - 17:3.
ოთხ წუთში რუმინელებმა მორიგი შეცდომა დაუშვეს. ისინი შეტევაში იყვნენ, მაგრამ არაზუსტი გადაცემა გაკეთდა, ოლივეირამ ბურთი აიტაცა, მაღალი სიჩქარე განავითარა, საკუთარი ნახევრიდან დაახლოებით 65 მეტრი ირბინა, ბოლოსკენ მას მცველი წამოეწია და ფეხებში ხელი გამოკრა, მაგრამ ოლივეირა ინერციით მეტოქის ჩათვლის მოედანში შეგორდა და გარდნერმა ესეც გარდასახა. მთლიანობაში, რუმინელებმა პირველი ტაიმი საშინლად ჩაატარეს. ისინი ბურთს თითქმის ვერ აკონტროლებდნენ და ტექნიკური წუნიც ხშირი ჰქონდათ. ამით კარგად ისარგებლეს მასპინძლებმა, რომლებსაც გამორჩეული, სწრაფი და ტექნიკური უკანახაზელები ჰყავთ და ტაბლოზეც 24:3 დაფიქსირდა.
რუმინელთა უბედურება პირველ ნახევარში ამით არ დასრულებულა. მის მიწურულს რეფერიმ ოვიდიუ ტონიტა გაასინბინა და მეორე ნახევარი “მუხის ფოთლებმა” კაცნაკლულებმა დაიწყეს. ამ დროს პორტუგალიას მეოთხე ლელოს გატანის და პრემიალური ქულის აღების კარგი შანსი მიეცა, სამი მორაგბე ერთი მცველის წინააღმდეგ დარჩა, მაგრამ ხელსაყრელი მომენტით ვერ იხეირეს. სტუმრებმა გარდატეხა დასკვნით 20 წუთში შეძლეს, როდესაც ბურთს დაეუფლნენ და მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდნენ.
მათ პირველი ლელო 65-ე წუთზე გაიტანეს. რაქიდან ბურთი მარჯვენა გვერდით ხაზთან ჩათამაშდა, იქ მას შეცვლაზე შესული კაზანი დაუხვდა, ორ მცველს დაუსხლტა და ჩათვლის მოედანში შესულმა ლამის ძელებსშუამდეც მიაღწია. გარდასახვა ზუსტი აღმოჩნდა სხვაობა 14 ქულამდე დავიდა. რუმინელებმა პრემიალური ქულა ბოლო წუთზე მიიღეს. ამჯერად ბურთი მარცხენა გვერდით ხაზთან ჩათამაშდა, ნიკოლაე წინ გაიჭრა და რადგან აუტში გადასვლის საფრთხე დაემუქრა პასის გაკეთება სცადა. მას პორტუგალიელმა დაუფარა, ნიკულაე გვერდით ხაზს გადასული იყო, მაგრამ ბურთი აიტაცა და ლელო გაიტანა, რომელიც მსაჯმა უსამართლოდ ჩათვალა. რთულად გასატანი რეალიზაცია ზუსტი აღმოჩნდა, პორტუგალიამ 24:17 იმარჯვა, რუმინელებს კი ბოლო წუთების გარჯის საფასურად ერთი პრემიალური ქულა დარჩათ.
რუმინეთი მომდევნო შეხვედრას უკრაინაში გამართავს, ხოლო პორტუგალია II ტურის ცენტრალურ მატჩში რუსეთს სოჭში ესტუმრება. თამაშები 12 თებერვალს გაიმართება. ამ დღეს საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს. ფეხმარდ პორტუგალიელებთან “ბორჯღალოსნებს” 26 თებერვალს, ლისაბონში უწევთ დაპირისპირება, ხოლო რუმინეთს ერთა თასზე 12 მარტს თბილისში უმასპინძლებენ. წელსვე საქართველოს ნაკრები რუმინელებს ახალ ზელანდიაში, მსოფლიოს თასზე შეხვდება. ეს ის მატჩი იქნება, რომელიც ქართველმა მორაგბეებმა ზელანდიაში უცილობლად უნდა მოიგონ. შეხვედრა 28 სექტემბერს, პამერსთონში გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია