საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მომავალმა მეტოქე ესპანეთმა, რუსეთთან კარგი შეხვედრა ჩაატარა, მეტოქეს სამის წილ 3 ლელო გაუტანა, მაგრამ ადრეული შეცდომების გამოსასწორებლად დრო აღარ დარჩა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა.
მასპინძლებმა მეტოქე სტატიკაში დაჯაბნეს, მაგრამ პირველ ტაიმში ამ უპირატესობის და სალელოვე მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს და სტუმრებს 12 ქულით ჩამორჩნენ, რომელიც მე-2 ნახევრის დასაწყისში 19-მდე გაიზარდა. ესპანელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიწურულს მათ ინიციატივის დაბრუნება მოახერხეს და სხვაობაც მნიშვნელოვნად შეამცირეს, მაგრამ მატჩის გადარჩენა მაინც ვერ მოახერხეს - 24:28.
შეხვედრა რუსეთის ნაკრების აქტიურობით დაიწყო, ესპანელები პირველსავე წუთებზე დაჯარიმდნენ და იური კუშნარიოვმა ახლო ჯარიმით ანგარიში გახსნა. ესპანელები არ დაიბნენ და შეტევაზე გადავიდნენ. მათ მეტოქის დერეფანი მათსავე 22-ში მოიგეს და დროის დიდი ნაწილი შეტევაში გაატარეს, მაგრამ მათი გარჯა ანგარიშში არ აისახა. იყო მომენტი, როდესაც მასპინძლებს ჯარიმის კარში დარტყმა შეეძლოთ, მაგრამ ბურთი აუტში გადაიტანეს და ლელოზე ითამაშეს - უშედეგოდ.
რადგან ლელოს გატანა არ გამოვიდა, ესპანელებმა 21-ე წუთზე წონასწორის აღდგენა ჯარიმით სცადეს, მაგრამ დამრტყმელს ბოლო მომენტში ფეხი დაუცდა და მიზანს დიდი მანძილით ააცილა. ამის შემდეგ ესპანეთის დაცვა აირია და რუსებმაც შეცდომით ისარგებლეს. შერკინების ნახევარმცველი იანუშკინი ორ ესპანელს შორის გაძვრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა. მერე სტუმრები შერკინებაში დაჯარიმდნენ და მასპინძლებმა 34-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს. მაგრამ ზედ შესვენების წინ, ესპანელებმა კუზინი ფლანგზე უმეთვალყურეოდ დატოვეს და მანაც რუსების მე-2 ლელო გაიტანა. რეალიზაცია არაზუსტი იყო და ტაიმი სტუმრებმა 15:3 მოიგეს.
დაიწყო მე-2 ნახევარი და უპირატესობა კიდევ უფრო საგანგაშო გახდა. რამდენიმე ფაზის შემდეგ, ლელო გრესევმა გაიტანა და რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა. შეხვედრის დასრულებამდე 35 წუთით ადრე, სხვაობამ 19 ქულას მიაღწია. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა რეჟი სონმა ცვლილებებს მიმართა და ესპანეთის თამაში კიდევ უფრო სწრაფი გახდა, ხოლო ფეხით ზურგსუკან გადაკიდებები - კიდევ უფრო სახიფათო. მასპინძლებმა პირველი საპასუხო ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს. რუსებმა საფრთხე იყნოსეს და კუშნარიოვმა ჯარიმით ანგარიში 25:10-მდე გაზარდა. მერე კვლავ ესპანეთის ჯერი დადგა, პირველხაზელმა ძმებმა კარგად ითამაშეს და მე-2 ლელო გამოაცხვეს, ხოლო ზუსტი გარდასახვის შემდეგ, შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ანგარიში 17:25-მდე შემცირდა. ამას რუსებმა 67-ე წუთზე კვლავ ჯარიმით უპასუხეს. მასპინძლები არ დანებდნენ, ბოლომდე იბრძოლეს და შეხვედრის მიწურულს თავისი მე-3 ლელო მიითვალეს, ზუსტმა რეალიზაციამ კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 28:24 რუსეთის სასარგებლოდ.
ამრიგად, ამ შეხვედრამაც დაგვანახა, რომ 12 თებერვალს საქართველოს ნაკრებს ესპანეთის სახით სერიოზული მეტოქე ეყოლება. ესპანელებს კარგად გამოსდით სწრაფი, გაშლილი თამაში და ლელოზე დაგეშილი ფეხმარდი ბეკები მუდამ მზად არიან, რომ ფეხით გადაკიდებულ ბურთს აჰყვნენ და შეტევის სათანადოდ დაგვირგვინებაზე იზრუნონ. როგორც ჩანს, ესპანელებს სტატიკაშიც მოუმატებიათ და შესაძლოა, მათი შერკინებისა და დერეფნის დაჩაგვრა ისე მარტივად ვეღარ მოხერხდეს, როგორც ადრე ხდებოდა. მით უმეტეს, რომ დერეფანში საქართველოს ნაკრებს ბოლო დროს საქმე არცთუ კარგად მისდის, შერკინებაში კი, ესპანელებთან დავით ზირაქაშვილი არ გვეყოლება. აღსანიშნავია, რომ დაგვაკლდება ესპანელთა უმთავრესი რისხვა მამუკა გორგოძეც, რომელიც ტრავმირებულია, არადა, ყველას ახსოვს “გულივერას” გარღვევები და ესპანელებთან 0:17-ის შემდეგ, ლამის მარტო შემოტრიალებული თამაში.
მოკლედ, 12 თებერვალს, “მიხეილ მესხზე” “ბორჯღალოსნებს” იოლი შეხვედრა არ ელით. იმედია, საქართველოს ნაკრები საკუთარი შეცდომების გამოსწორებას მოახერხებს და წლის მეორე გამარჯვებით, აქტივს, ოთხთან ერთად ერთ პრემიალურ ქულას კიდევ შემატებს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია