ამბები

16:26 | 6.02.2011 | ნანახია 2603 - ჯერ

გარდასახვის და არეკნის ფასი

...მას შემდეგ, რაც იტალიამ შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე ლელო გაიტანა, ირლანდიელთა თვალებში მარცხის შიში იკითხებოდა. მათდა საბედნიეროდ, გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დავიდა. სამ წუთში რონან ო გარამ არეკნი შეასრულა, სტუმრები წინ გაიყვანა და დაგეგმილი გამარჯვება მოუტანა...
იტალიელები ექვს ერზე მუდამ აუტსაიდერებად ითვლებიან და მათთან ნებისმიერი გუნდი, შინ თუ გარეთ, გამარჯვებას გეგმავს. ბუნებრივია, იოლად მოგების იმედად იყო ირლანდიაც. შეხვედრა მზიან ამინდში, სავსე ტრიბუნების წინაშე გაიმართა და ამან თამაშს დამატებითი ეშხი შესძინა, მით უმეტეს, რომ მირკო ბერგამასკომ მე-9 წუთზე ჯარიმით ანგარიში გახსნა და ტრიბუნები აღფრთოვანებაში მოიყვანა.
ირლანდიელებს ხეირიანი არაფერი გამოსდიოდათ, რაც დიდწილად მასპინძელთა თავგანწირული თამაშითაც იყო განპირობებული. ისინი დაცვაში პრაქტიკულად უშეცდომოდ თამაშობდნენ, მაგრამ 28-ე წუთზე ჯონათან სექსტონს ჯარიმით წონასწორობის აღდგენის შანსი მაინც მიეცა და საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვა. მიუხედავად ამისა, ბერგამასკომ ზედ შესვენების წინ თავისი მე-2 ჯარიმა გაიტანა და იტალიას ტაიმი 6:3 მოაგებინა.
სტუმრები მე-2 ნახევრის პირველივე წუთებიდან გააქტიურდნენ და 44-ე წუთზე ბრაიან ოდრისკოლმა ირლანდია ლელოთი დააწინაურა, სექსტონმა კი რეალიზაციით უპირატესობა 4-ქულიანი გახადა. რადგან უპირატესობის დაბრუნება აღარ გამოსდიოდათ, მასპინძლებმა ცვლილებებს მიმართეს. რაც უფრო ცოტა დრო რჩებოდა, ისინი უფრო მეტი თავგანწირვით ეძალებოდნენ მეტოქის ჩათვლის მოედანს და ირლანდიელებს დაჯარიმებას აიძულებდნენ. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იტალიელებმა მეტოქის 22-ში შეაღწიეს და დენის ლეამიმ განმეორებითი დაჯარიმებისთვის სინბინი დაიმსახურა. ამ დროს 73-ე წუთი მიმდინარეობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ირლანდიელები შეხვედრის ბოლომდე კაცნაკლული დარჩებოდნენ.
ჰოდა, იტალიამაც ჯარიმის გატანას და ჩამორჩენის მინიმუმამდე დაყვანას ლელოზე თამაში არჩია და არც შემცდარა. ბურთის ფლანგზე ჩათამაშების შემდეგ, ირლანდიელთა ჩათვლის მოედნის ხაზი ლუკ მაკლეანმა გადაკვეთა - 11:10. ჯერი გარდასახვაზე მიდგა, რისი გატანის შემთხვევაშიც, მასპინძლები 3-ქულიან უპირატესობას მოიპოვებდნენ და ბოლო წუთებისთვის შედარებით კომფორტულ უპირატესობას მიიღებდნენ, მაგრამ ბურთმა კარის ძელს ოდნავ გვერდით ჩაუარა. იტალიელებს მაინც ჰქონდათ იმედი, რომ კაცნაკლული მეტოქის მიძალებას გაუძლებდნენ. მაგრამ სტუმრებმა 3 ცვლილება განახორციელეს, დასვენებულმა ძალებმა მეტოქის დაჩაგვრა და მათ 22-ის ხაზამდე მისვლა მოახერხეს, მერე ბურთი უკან გაიტანეს, სადაც მას რონან ო გარა ელოდა და მომზადებული არეკნიც ზუსტი აღმოჩნდა. ამან ტრიბუნაზე შეკრებილ იტალიელ გულშემატკივრებს ძარღვებში სისხლი გაუყინა, რადგან შეხვედრის დასრულებამდე ორიოდე წუთიღა რჩებოდა. ახლა იტალიამ სცადა არეკნის მომზადება და ორკუერამ დაჰკრა, მაგრამ სად ირლანდიელი ო გარას და სად იტალიელი ორკუერას ცოდნა - ბურთმა კარამდეც ვერ მიაღწია, ირლანდიელებმა კი, ის ხაზს იქით გაიტანეს და დაძაბულ ბრძოლაში 13:11 იმარჯვეს.

 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.135975