ექვსი ერის მოქმედმა გამარჯვებულმა საფრანგეთმა, მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში, შოტლანდიას პარიზში უმასპინძლა და მომხვდური ლამაზ სტილში დაამარცხა. მხოლოდ ამ თამაშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, “მამლებს” ტიტულში ძნელად თუ ვინმე შეეცილება, რადგანაც ფრანგებმა აჩვენეს სწრაფი, ლამაზი, გაშლილი რაგბი და ძალისმიერი თამაშით ცნობილ მეტოქეს, ამ კომპონენტშიც არაფერი დაუთმეს.
წინა შეხვედრაში ავსტრალიასთან განცდილი კატასტროფული მარცხის შემდეგ, ფრანგებმა უდიდესი პროგრესი განიცადეს. უსწრაფეს თამაშში მათ თითქმის ყველაფერი გამოსდიოდათ, მეტოქეს ერთი შეცდომაც არ აპატიეს და 3 ლელო კონტრშეტევებზე გაიტანეს, მე-4 ლელო კი, საჯარიმო იყო. შოტლანდიის განთქმულმა შერკინებამ “მამლებს” ოდნავი წინააღმდეგობაც ვერ გაუწია. იშვიათად ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ სკოტები ვინმეს ასე დაეჩაგრა, მაგრამ ახლა, ნებისმიერ მომენტში ისინი ან უკან იხევდნენ, ანაც მათი პირველი ხაზი ძირს ეცემოდა და მასპინძლები უპირატესობას იღებდნენ.
მასპინძლები შეხვედრის დებიუტშივე დაწინაურდნენ. მე-2 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ფრანგებმა ბურთი პირველად მოიხელთეს და შეტევა მედარდის ლელოთი დაგვირგვინდა, მორგან პარამ კი რეალიზაცია გამოიყენა. მალე ტრინ დიუკმა ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ მე-18 წუთზე, მასპინძლებს შოტლანდიელების შეტევა გაეპარათ და კელოკმა საპასუხო ლელო მიითვალა, ხოლო დანიელ პარკსმა გარდასახვა გამოიყენა. მიუხედავად ამისა, მატჩის მსვლელობა ცხადყოფდა, რომ იმ დღეს, მოედანზე ფავორიტი საფრანგეთი იყო და 29-ე წუთზე, მათი უპირატესობა მე-2 ლელოში აისახა. შოტლანდიელთა შერკინება საკუთარი ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში, ზედიზედ სამჯერ დაჯარიმდა და სტუმრები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, პარამ კი ზედ რეალიზაციაც დაუმატა.
ტაიმი 17:7 დასრულდა და მე-2 ნახევრის საწყისმა 15-მა წუთმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, მერე კი კონტრშეტევაზე არინორდოკმა იხეირა და ლელო გაიტანა, ხოლო რეალიზაცია შეცვლაზე შესულმა ქართული ფესვების მქონე დიმიტრი იაშვილმა გამოიყენა. შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, კელი ბრაუნმა ფრანგებს ლელოთი უპასუხა და პარკსმა გარდასახვით ჩამორჩენა ათ ქულამდე დაიყვანა, თუმცა, 68-ე წუთზე, სტატუსკვო აღდგა. ამჯერად, ლელო დამიენ ტრაილეს ანგარიშზე ჩაიწერა, იაშვილის გარდასახვა კი კვლავ ზუსტი იყო.
გამარჯვებულის ვინაობა აქ საბოლოოდ გაირკვა, მაგრამ თამაში არ დასრულებულა. შოტლანდიელებმა გაიბრძოლეს და 76-ე წუთზე, სეან ლამონტმა სტუმართა მე-3 ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა. შეხვედრას წერტილი იაშვილმა დაუსვა, რომელმაც ჯარიმიდან ზუსტად დაჰკრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 34:21.
მომავალ შეხვედრას ფრანგები 13 თებერვალს, ირლანდიის წინააღმდეგ, დუბლინში გამართავენ. ერთი დღით ადრე, ინგლისი იტალიას, ხოლო შოტლანდია უელსს დაუხვდება.
2011 წლის ექვსი ერი. I ტური
უელსი - ინგლისი 19:26
იტალია - ირლანდია 11:13
საფრანგეთი - შოტლანდია 34:21
1 | საფრანგეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 34-21 | 2 |
2 | ინგლისი | 1 | 1 | 0 | 0 | 26-19 | 2 |
3 | ირლანდია | 1 | 1 | 0 | 0 | 13-11 | 2 |
4 | იტალია | 1 | 0 | 0 | 1 | 11-13 | 0 |
5 | უელსი | 1 | 0 | 0 | 1 | 19-26 | 0 |
6 | შოტლანდია | 1 | 0 | 0 | 1 | 21-34 | 0 |
II ტური
12 თებერვალი
ინგლისი - იტალია
შოტლანდია - უელსი
13 თებერვალი
ირლანდია - საფრანგეთი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია