საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ერთა თასის პირველ მატჩში უკრაინელებს 10 ლელო გაუტანა და 62:3 გაანადგურა, თუმცა, ვინაიდან მეტოქეს რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) რეიტინგში მთელი 13.86 ქულით უსწრებდა და თანაც შინ თამაშობდა, განახლებულ კლასიფიკაციაში წინსვლა არ განუცდია.
“ბორჯღალოსანთა” აქტივში კვლავაც 68.21 ქულაა და ისინი მე-15 ადგილზე რჩებიან, მათ უმთავრეს სამიზნედ კი კანადის ნაკრები რჩება, რომლის აქტივშიც 69.19 ქულა გახლავთ. მოგეხსენებათ, 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული გუნდი თბილისში ესპანელებს დაუხვდება, თუმცა, ვინაიდან მომავალი მეტოქეც საგრძნობლად ჩამოგვრჩება, რეიტინგში მათი ნებისმიერი ანგარიშით ძლევაც ვერაფერს შეგვმატებს.
განახლებულ კლასიფიკაციაში სულ ორი ცვლილება მოხდა, რომელთაგან ერთი “ერთა თასზე” ქართველთა კიდევ ერთ მეტოქეს, პორტუგალიას შეეხო. პირენეელებმა ლისაბონში რუმინელებს უმასპინძლეს და მოულოდნელად, 24:17 იმარჯვეს, რისი წყალობითაც თავი 62.10 ქულას მოუყარეს და მე-20 პოზიციიდან ურუგვაი ჩამოაქვეითეს.
წინსვლა განიცადა საფრანგეთის ნაკრებმაც, რომელმაც ექვსი ერის გათამაშების საწყის შეხვედრაში, “სტად დე ფრანსეზე” შოტლანდიელებს 34:21 მოუგო. აღნიშნულის წყალობით, “ლე ბლემ” მე-5 პოზიცია ირლანდიელებს აართვა, რომელთაც იტალიაში “სტადიო ფლამინიზე” 13:11 კი იმარჯვეს, მაგრამ ვინაიდან შედარებით სუსტი მეტოქე ჰყავდათ, საკმარისი სარეიტინგო ქულები ვერ შეიმატეს.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) რეიტინგი
1 (1). ახალი ზელანდია 93.19
2 (2). ავსტრალია 87.45
3 (3). სამხრეთ აფრიკა 86.44
4 (4). ინგლისი 83.24
5 (6). საფრანგეთი 82.32
6 (5). ირლანდია 82.25
7 (7). შოტლანდია 80.55
8 (8). არგენტინა 78.97
9 (9.). უელსი 76.29
10 (10). ფიჯი 74.05
11 (11). სამოა 74.02
12 (12). იტალია 72.86
13 (13). იაპონია 71.45
14 (14). კანადა 69.19
15 (15). საქართველო 68.21
16 (16). აშშ 67.69
17 (17). ტონგა 67.35
18 (18). რუსეთი 66.17
19 (19). რუმინეთი 64.38
20 (21). პორტუგალია 62.10
21 (20). ურუგვაი 60.94
22 (22). ნამიბია 60.66
23 (23). ესპანეთი 58.03
24 (24). ჩილე 56.68
25 (25). ბელგია 56.44
26 (26). მაროკო 56.11
27 (27). ყაზახეთი 55.20
28 (28). ბრაზილია 54.56
29 (29). უკრაინა 54.35
30 (30). გერმანია 54.26
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია