საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ევროპის “ერთა თასის” მეორე შეხვედრაში, ესპანეთს კიდევ უფრო შესუსტებული შემადგენლობით დაუხვდება. სხვადასხვა მიზეზთა გამო, გუნდის შეკრება პირველ ხაზელებმა, დავით ზირაქაშვილმა და დავით ხინჩაგიშვილმა და მესამეხაზელმა ბესიკ უდესიანმა დატოვეს - პირველი ორი ფრანგულ კლუბებს დაუბრუნდნენ, ხოლო უდესიანმა - უკრაინელებთან მატჩის პირველი ტაიმის მიწურლს ხელი მოიტეხა და საოპერაციოა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან შეხვედრის წინ, ნაკრებს მამუკა გორგოძე, გოდერძი შველიძე, აქვსენტი გიორგაძე, დავით ქუბრიაშვილი და მალხაზ ურჯუკაშვილი დააკლდნენ, რომლებიც შემადგენლობაში არც ახლა არიან. სამაგიეროდ, შემადგენლობას დაემატნენ პირველხაზელი ანტონ ფეიქრიშვილი, რომელიც გამოძახებული უკრაინელებთანაც იყო, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვარჯიშებში მონაწილეობა ვერ მიიღო. გუნდშია “აჟენის” პირველხაზელი, ბექა შეყლაშვილიც, რომელსაც აქამდე ნაკრებში მხოლოდ სამი მატჩი აქვს ჩატარებული. “ბორჯღალოსნებს” დაუბრუნდა ილია ზედგინიძე. ილო ტრავმირებულია და მისი ესპანელებთან მონაწილეობა ჯერ კიდე სათუოა. მესამე ხაზში გამოძახებულია რუმინული “ფარულ კონსტანცას” მესამეხაზელი ლაშა თავართქილაძე, ხოლო უკანახაზელებს ირაკლი ჩხიკვაძე დაემატათ.
საქართველოს ნაკრებმა უკრაინელების ძლევის შემდეგ ერთი დღე დაისვენა და ვარჯიში ორშაბათს გააგრძელა. სამშაბათის, დილის ვარჯიშზე კოჭი გადაუტრიალდათ უკანახაზელებს, ფლანგზე მოთამაშე ლექსო გუგავას და ირაკლი მაჩხანელს, რომლებმაც საღამოს საერთო ვარჯიში გამოტოვეს და განმარტოვებით, დარბაზში ძელებით ივარჯიშეს. წესით, მათ პრობლემა არ უნდა შეექმნეთ და სავარაუდოდ, 12 თებერვალს მოედანზე იქნებიან.
ლექსო გუგავა: დღეს დილის ვარჯიშზე კოჭი გადამიტრიალდა და ექიმებმა დასვენება მირჩიეს. დაახლოებით მსგავსი პრობლემა შეექმნა მაჩხანელსაც და ორივენი დარბაზში, ძელებზე ვვარჯიშობთ. მწვრთნელებმა დასვენება გვირჩიეს, რათა მიკროტრავმებს გართულება არ მოჰყვეს.
- როგორ მიდის მომავალი მატჩისთვის მზადება?
- უფრო მობილიზებულები და მონდომებულები ვართ, რადგანაც ესპანელებს ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავთ. ეს გუნდი წლიდან წლამდე უმატებს. ნებისმიერი მეტოქე დაფასებას მოითხოვს, მით უმეტეს, როდესაც ისეთ პროგრესირებად გუნდზე ვსაუბრობთ, როგორიც ესპანეთია.
- ესპანეთის ნაკრები საქართველოსთვის უხერხული მეტოქეა...
- მწვრთნელებმა გარკვეული მონახაზი გააკეთეს, ნახეს ესპანეთი-რუსეთის ჩანაწერი და ვეცდებით, კარგად ვითამაშოთ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ესპანელებთან ფრეც გვითამაშია და მათთან წაგებაც გვაქვს, მაგრამ ვეცდებით, რომ შეცდომები არ დავუშვათ და სასურველი ანგარიშით დავამარცხოთ.
- უკრაინასთან მატჩის შემდეგ უკმაყოფილოები იყავით - რაღაც კომბინაციები არ გამოვიდა.
- იმდენად სუსტი მოწინააღმდეგე გვყავდა, რომ მათ დაცვას პირველი ფაზის შემდეგაც ვჭრიდით და ასეთ დროს ძნელია დამუშავებული კომბინაციები გაითამაშო. უფრო ინდივიდუალურად ვითამაშეთ და იმით ვიყავით უკმაყოფილო, რომ გენერალური რეპეტიცია არ გამოგვივიდა.
- ესპანეთთან მატჩს კვლავ მსოფზლიო თასისთვის მოსამზადებლად გამოიყენებთ თუ შედეგზე გააკეთებთ აქცენტს?
- ჩვენ შედეგისთვის ვთამაშობთ და მოედანზე მუდამ მოსაგებად გავდივართ. დავალებები იქნება და მსოფლიო თასისთვის გარკვეული მონახაზების დახვეწას ვეცდებით, მაგრამ გუნდი ყველა თამაშში მოედანზე მაინც გამარჯვებისთვის გავა.
- ესპანეთის ნაკრების თამაში თუ ნახეთ?
- კი, მათ რუსეთთან შეხვედრას ვუყურე და ნორმალური გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ბოლო წლებთან შედარებით, აშკარად მომატებული აქვთ.
- რაში გამოიხეტება მათი მომატება?
- წინა წლების დარად, ახლაც მშვენიერი, სწრაფი უკანა ხაზი ჰყავთ. შერკინებაც დაალაგეს, გუნდი დაბალანსდა. პირველ ხაზში ქართველი ჰყავთ და აბა, ეს უკვალოდ ხომ არ ჩაივლიდა.
- უკრაინასთან მატჩში, ჩვენი შერკინება მეტოქეს მიზანმიმართულად არ აწვებოდა და ბურთის ხაზზე გატანას ცდილობდა, რათა კომბინაციები დამუშავებულიყო. ახლა როგორ იქნება?
- სამწვრთნელო შტაბი ცდილობს, რომ შერკინებასა და უკანა ხაზს შორის ბალანსი მოძებნოს. მარტო შერკინების ხარჯზე ფონს ვერ გახვალ, საჭიროა, რომ მთელმა გუნდმა ითამაშოს.
- როგორ ფიქრობთ, შევძლებთ ესპანეთის დამარცხებას, ოთხი ლელოს გატანას და პრემიალური ქულის აღებას?
- პრემიალური ქულის აღება თვითმიზანი არ უნდა იყოს. მწვრთნელის დავალების ზედმიწევნით შესრულებაზე და ხარისხიან თამაშზე უფრო უნდა გავაკეთოთ აქცენტი. კარგი თამაში თავად მოიტანს შედეგს და იმედია, ოთხ ლელოსაც გავიტანთ და მეტსაც. ეს სისტემა ძალიან მომწონს და იმედია, პრემიალური ქულის აღებას ბევრჯერ მოვახერხებთ.
ილია ზედგინიძე: მხარი ახლაც მაწუხებს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ესპანეთის წინააღმდეგ ვითამაშებ, თუმცა ცდას არ ვაკლებ და ვნახოთ, იქნებ გამოჯანმრთელება მოვასწრო. გუნდი ესპანეთთან მატჩისთვის სერიოზულად ემზადება. უკრაინასთან მატჩი განვიხილეთ და ვეცდებით, რომ უკეთ ვითამაშოთ. ესპანეთი გაცილებით ძლიერი გუნდია, მათი რუსეთთან თამაში ამის დასტურია და ვეცდებით, რომ უკეთ ვითამაშოთ. ახალი სათამაშო სქემა გვაქვს და იმედია, მიზნის შესრულებას მოვახერხებთ.
- რუსეთისა და ესპანეთის შეხვედრა თუ ნახეთ?
- მწვრთნელებმა ნახეს. ჯერ ჩვენ არ გვინახავს, მაგრამ ხუთშაბათს ყველა საინტერესო მომენტს გვანახებენ და გვეცოდინება რაზე გავამახვილოთ ყურადღება.
- რას ამბობენ, როგორი გუნდია ესპანეთიო?
- სწრაფი და ძლიერი უკანა ხაზის გარდა, ასევე ძლიერი შერკინება ჰყავთ, რომელმაც დიდი პრობლემები შეუქმნა რუსეთს. უნდა მოვემზადოთ მაქსიმალურად კარგად, საჭირო იქნება მაქსიმალური მობილიზაცია, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
- ამბობთ, ესპანელების შერკინება გაძლიერდაო. საქართველოს ნაკრების შერკინება სახეცვლილია და განსაკუთრებით პირველ ხაზში, რამდენიმე ლიდერი გვაკლია...
- ეს ბიჭები, რომლებიც ახლა ჩვენთან შეკრებაზე არიან, საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში თამაშობენ და არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ ნაკლები ნდობა ჰქონდეთ.
- ესპანეთთან მატჩს, მსოფლიოსთვის მზადების ერთ-ერთ ეტაპად განიხილავთ?
- მთავარ აქცენტს თამაშის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე ვაკეთებთ და ამჯერად, ამაზე ვიზრუნებთ. მთავარია, რომ ყოველ მომდევნო შეხვედრაში უკეთესად ვითამაშოთ. შედეგი იმის გარანტი იქნება, რომ დავალებას კარგად ვასრულებთ.
ირაკლი აბუსერიძე: რთული და დაძაბული შეხვედრა გვექნება. სრული სერიოზულობით ვემზადებით. ჩამოთვლას არ დავიწყებ და ძალიან ბევრი წამყვანი მორაგბე გვაკლია, მაგრამ მაქსიმუმს გავიღებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. უკრაინასთან მატჩის შემდეგ, თამაშის ხარისხით უკმაყოფილოები ვიყავით. ახლა, უფრო დავიხვეწეთ, ვცდილობთ, ჩვენი თამაში გავაუმჯობესოთ და მონახაზი უკეთ შევასრულოთ. ესპანელებს კარგი უკანახაზელები ჰყავთ. რეგულარულად თამაშობენ შვიდკაცას. ახლა ფრანგები დაიმატეს და შერკინებაშიც მოძლიერდნენ. ჩვენ ბევრი მორაგბე გვაკლია, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭები ისეთ გუნდებში თამაშობენ, რომ პრობლემა არ უნდა შეგვექმნას. მთავარია ბრძოლა, თავდადება და მერე, ვნახოთ. გვსურს, რომ წელსაც, წინა წლების მსგავსად, წარმატებული თამაშები ჩავატაროთ. მოედანზე მუდამ მოსაგებად გავდივართ და სანამ თამაშის თავი გვექნება, მანამ თავს არ შევირცხვენთ.
საქართველოს ნაკრები საესპანეთოდ: ანტონ ფეიქრიშვილი (“კასტრი”, საფრანგეთი, 6 კეპი), ირაკლი ნატრიაშვილი (“სტიაუა”, რუმინეთი, 30), ჯაბა ბრეგვაძე (“ვისოლი-ყოჩები”, საქართველო, 9), ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი, 9), ბექა შეყლაშვილი (“აჟენი”, საფრანგეთი, 3), ლევან დათუნაშვილი (“ფიჟაკი” საფრანგეთი, 38), ვახტანგ მაისურაძე (“სენ ნაზერი”, საფრანგეთი, 1), შალვა სუთუაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 16), გრიგოლ ლაბაძე (“მარსეი ვიტროლი”, საფრანგეთი, 63), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 44), ლაშა თავართქილაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 9), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი” საქართველო, 27), ბიძინა სამხარაძე (“სტიაუა”, რუმინეთი, 52), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი” საფრანგეთი, 69), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი, 28), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 48), ლექსო გუგავა (“ლელო”, საქართველო, 16), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 39), ირაკლი გიორგაძე (“შამბერი”, საფრანგეთი, 41), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო” საფრანგეთი, 53), ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი, 44), ბესიკ ხა,აშურიძე (“აია”, ქუთაისი, 55), ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 1), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი, 21).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
დაცვის მწვრთნელი: ჯონ მაგლტონი
ტექ. მწვრთნელი: მაიკლ ბრედლი
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
ფიზ მომზადების კონსულტანტი: მარკ დიქსონი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია