ამბები

15:22 | 10.02.2011 | ნანახია 4768 - ჯერ

ესპანეთმა საქართველოსთვის “ფრანგული ლეგიონი” დარაზმა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, 12 თებერვალს ევროპის ერთა თასის მეორე შეხვედრა ელის. უკრაინელთა განადგურების შემდეგ, ამჯერად თბილისს ესპანეთის ნაკრები ეწვევა. გუნდები შეხვედრას განსხვავებული მიზნებით და ამოცანებით ხვდებიან - თუკი საქართველოსთვის უმთავრესი მსოფლიო თასისთვის სათანადოდ მომზადებაა, ესპანელებს - სიტუაციის გამოყენება და საკუთარი შანსით სარგებლობა სურთ.
“ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელი, რიჩი დიქსონი არც მალავს, რომ “ერთა თასის” შეხვედრების გამოყენებას ახალ ზელანდიაში წასაყვანი მორაგბეების შესარჩევად და ახალი ტაქტიკური მონახაზების დასახვეწად აპირებს. ამ მიზანს ემსახურებოდა უკრაინელებთან გამართული მატჩი და ასე იქნება ესპანეთთანაც, თუმცა, ეს იმის წინაპირობა არ უნდა იყოს, რომ შედეგს ყურადღება არ მიექცევა. პირიქით, შემადგენლობისა და ტაქტიკის სწორად შერჩევა უნდა გახდეს იმის წინაპირობა, რომ საქართველო “ლომებთან” გამართულ მე-11 შეხვედრაში თავის მერვე გამარჯვებას მოიპოვებს.
გამარჯვებას მნიშვნელობა რამდენიმე კუთხით ენიჭება. ერთი, როგორც უკვე ზემოთაც ვახსენეთ, გამარჯვებამ უნდა გაამყაროს კანდიდატებისა და ტაქტიკის შერჩევის მართებულობა; მეორე, საქართველოს ნაკრები “ერთა თასის” მოქმედი გამარჯვებულია და რაც არ უნდა იყოს, ტიტულის შენარჩუნება მისი ერთგვარი ვალდებულებაა; მესამე, ეროვნული ნაკრებების დონეზე გამართული ყველა შეხვედრა სარეიტინგო ხასიათს ატარებს და სუსტ მეტოქესთან მარცხი დიდ ვარდნას გამოიწვევს, რაც ქართული რაგბის საერთაშორისო პრესტიჟს შელახავს, ეს კი დაუშვებელია, და მეოთხე, “ბორჯღალოსნებს” ტესტ მატჩი საქართველოში 2004 წლის შემდეგ არ წაუგიათ და ეს ტრადიცია უნდა შენარჩუნდეს. 2004 წლის 15 თებერვალს, ქართველებმა პორტუგალიას ერთის წილ ორი ლელო კი გაუტანეს, მაგრამ ჯამში 14:19 დამარცხდნენ. მას შემდეგ საქართველოს ნაკრებმა საკუთარ ქვეყანაში 24 მატჩი ჩაატარა, 22 შემთხვევაში გამარჯვება იზეიმა, ერთხელ იმავე პორტუგალიასთან ფრედ ითამაშა - 20:20, ხოლო ერთხელ მარცხი განიცადა. მარცხიანი მატჩი 2006 წლის 4 ივნისს, ვაკეში გაიმართა და “ბორჯღალოსანთა” ძლევა “ბარბაროსებად” წოდებულმა მსოფლიოს ნაკრებმა მოახერხა - 19:28. 2006 წლიდან დღემდე, საქართველოში ჩვენი ქვეყნის უპირველესმა გუნდმა 15 მატჩი გამართა და 2009 წელს, პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის გარდა, ყველა მათგანში გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები ესპანეთს მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხვდება. შემადგენლობაში არ არის თითქმის არცერთი ჭიპმოჭრილი პირველხაზელი. დავით ზირაქაშვილი, აქვსენტი გიორგაძე, დავით ხინჩაგიშვილი, გოდერძი შველიძე, დავით ქუბრიაშვილი - ეს სწორედ პირველი ხაზის დანაკლისია. ამ პოზიციაზე, ყველაზე გამოცდილი ირაკლი ნატრიაშვილი იქნება და მას გვერდს შედარებით ახალგაზრდა და სანაკრებო დონეზე გამოუცდელი მორაგბეები გაუმაგრებენ, თუმცა, მათი უმრავლესობა ფრანგული კლუბების ღირსებას იცავს და ახლა, საკუთარი შესაძლებლობის დამტკიცება ნაკრების კვართით მოუწევთ. შერკინების მესამე ხაზში არ იქნება ესპანელთა რისხვა, საქართველოს 2008 და 2009 წლების საუკეთესო მორაგბე და ერთ-ერთი ლიდერი - მამუკა გორგოძე. უკრაინელებთან ხელი მოიტეხა და გუნდს ვერ დაეხმარება 8 ნომერი, ბესიკ უდესიანი. ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარება მეორეხაზელი გიორგი ნემსაძეც, ხოლო ილია ზედგინიძის თამაში სათუოა. უკანა ხაზში შედარებით ნორმალური სიტუაციაა. ბოლო წლების გამორჩეული მორაგბეებიდან დიქსონი მხოლოდ მალხაზ ურჯუკაშვილს მოისაკლისებს.
რაც შეეხებათ ესპანელებს. ამ ქვეყანაში რაგბის განვითარებას სერიოზულად მოეკიდნენ, სპორტის ამ სახეობაში ფული ჩაიდო და ნაკრებიც მნიშვნელოვნად გაძლიერდა. “ლომებმა” მოახდინეს ფრანგულ კლუბებში მობურთალი მორაგბეების ნატურალიზება და შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააძლიერეს. საქართველოში ესპანელებს 14 ლეგიონერი მოჰყავთ, რომელთაგან 13 ფრანგულ კლუბებში გამოდის, ხოლო ერთი ინგლისური “ლიდსის” ღირსებას იცავს. სხვათა შორის ნატურალიზირებულ მორაგბეთა შორის საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი დავით გურგენიძეცაა, რომელმაც თბილისში ქართველთა წინააღმდეგ ერთხელ უკვე ითამაშა.
ესპანეთი საქართველოსათვის უხერხულ მეტოქედ ითვლება. “ბორჯღალოსნებმა” ეს გუნდი 10-დან 7 შემთხვევაში კი დაამარცხეს, მაგრამ ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ იყო. დანარჩენი სამი მატჩიდან ერთი ფრედ დასრულდა, ხოლო ორჯერ ესპანელებმა იმარჯვეს. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება 2000 წლიდან იღებს სათავეს. მაშინ, მადრიდში, გუნდებმა 5-5 ლელო გაიტანეს, მაგრამ ესპანეთმა 36:32 იმარჯვა. რევანში მომავალ წელს რუსთავში შედგა, “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე 43:10 გაანადგურეს და ერთის წილ 6 ლელო გაუტანეს. 2002 წელს, საქართველომ უკვე მადრიდშიც იმარჯვა (34:18, ლელოებით 5:3), ხოლო 2003 წელს, თბილისში, მეტოქეს 5 უპასუხო ლელო გაუტანა და 34:3 გაუსწორდა.
ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში პირველი და ერთადერთი ფრე 2004 წელს, ტარაგონაში დაფიქსირდა - 6:6. ორწლიანი შესვენების შემდეგ, “ბორჯღალოსნებმა” ვაკეში “ლომებს” 37:23 მოუგეს (4:2), 2007 წელს კი, მეორე მარცხი განიცადეს. მადრიდში გუნდებმა ლელოთა თანაბარი რაოდენობა გაიტანეს (3-3), მაგრამ გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 31:17. 2008 წელს, ესპანელები თბილისში გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. ისინი პირველ ტაიმში 17:0 იგებდნენ, მაგრამ გუნდის თავდადებამ და გორგოძის სამმა ლელომ მათ გასაქანი არ მისცა და “ბორჯღალოსნებმა” დაძაბული ბრძოლა 22:20 მოიგეს. სხვათა შორის, იმ თამაშს ევროპის რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, ჟან კლოდ ბაკეც დაესწრო, რომელმაც თბილისში “ერთა თასი” ჩამოაბრძანა და რომ არა მეორე ნახევარში შეტანილი გარდატეხა და გამარჯვება, ეს თასი იმ წელს საქართველოში ვერ დარჩებოდა.
ამ გამოცდილების ფონზე, ქართველი მორაგბეები მომდევნო შეხვედრას სრული სერიოზულობით მოეკიდნენ და 2009 წელს, ესპანელები მადრიდში 55:11 გაანადგურეს. ეს ამ გუნდების დაპირისპირებაში ყველაზე დიდი სხვაობაა. მაშინ ქართველებმა მეტოქეს 8 ლელო გაუტანეს. ესპანელებმა გასულ წელს თბილისში გაიბრძოლეს, მაგრამ უშედეგოდ. შარშან საქართველოს ნაკრებმა სამი უპასუხო ლელო გაიტანა და 17:9 იმარჯვა.
12 თებერვლის მატჩში დიდი მნიშვნელობა ტრიბუნების მხარდაჭერასაც ექნება. ქართველ მორაგბეებს არასდროს დაუმალავთ, რომ მათზე გამამხნევებელი შეძახილები განსაკუთრებულად მოქმედებს და ეს არაერთხელ საქმითაც დაუმტკიცებიათ. სწორედ ტრიბუნების დამსახურებაა ის, რომ საქართველოში “ბორჯღალოსნები” დაუმარცხებლები არიან და ეს ტრადიცია კიდევ უნდა გაგრძელდეს. დიდი მნიშვნელობა ექნება მატჩის სადებიუტო წუთებსაც. თუ ამ პერიოდში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მოიპოვა, მაშინ თამაშის კონტროლი აღარ გაუჭირდებათ.
აღსანიშნავია, რომ “ერთა თასზე” ქულათა დარიცხვის ახალი ფორმატის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება კი არა, ოთხი, ან მეტი ლელოს გატანა და საპრემიო ქულის აღება სჭირდებათ. პირველ ტურში “ბორჯღალოსნებმა” უკრაინას 10 ლელო გაუტანეს და საპრემიო ქულაც აიღეს. პარალელურ შეხვედრებში, ოთხი ლელოს გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა, მაგრამ 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის პრემიის აღება რუმინეთმა და ესპანეთმა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ესპანელებმა რუსებისგან 3 ლელო მიიღეს და მეორე ნახევრის დასაწყისში 3:22-ს აგებდნენ, მაგრამ გარდატეხის შეტანა მოახერხეს, თავადაც სამი ლელო გაიტანეს და საბოლოოდ, 24:28 დამარცხდნენ.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა, 12 თებერვალს, “მიხეილ მესხზე” 15:00 საათზე დაიწყება. რეფერი ინგლისელი გარნერი იქნება, მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი კი - 2 ლარია.

ესპანეთის ნაკრები: მარტინ ერედია (“ანდალუსია”), იგნასიო გუტიერეს-მიულერი, დიეგო ალვარეს გოროსიტო (ორივე “კასტილია”), სანტიაგო ფერნანდეს რიგა (“მადრიდი”), მარტინ იგნასიო ახენა კოლანერი, მეტიუ ჯეიმს კუკი, როდრიგო მარტინეს სანჩესი (სამივე “ვალენსია”), მატიას პერეტი (“ორდიზია”), ფედერიკო ნეგრილო-კოვაჩევიჩი (“ბიზკაია გერნიკა”), უნაი ლასა არატიბელი (“ბერა ბერა”), გუტიერ ფონტანა (“ბორდო”, საფრანგეთი), სერხი აუბანელ სევილა (“კლერმონი”, საფრანგეთი), ხესუს რეკუერდა ნუნიესი, ხუან კანო როდრიგეს-არიასი (ორივე “ლილი”, საფრანგეთი), სილვიან ანტეკუერა, დავით გურგენიძე (ორივე “ორტეზი”, საფრანგეთი), ადრიან აისტარან ჟანოტი, ანდონი კალავია (ორივე “ბიარიცი”, საფრანგეთი), მატინ ეჩეპარე (“დაქსი”, საფრანგეთი), ბენატ ეჩეპარე (“ტუროსი”, საფრანგეთი), მეტიუ ამოროსი (“ბეზიე”, საფრანგეთი), მეტიუ როხა (“ორილაკი”, საფრანგეთი), პიერ კაზაუ (“კოლომიერი”, საფრანგეთი), ხესუს მორენო როდრიგესი (“ლიდსი”, ინგლისი).   

2011-2012 წლების ევროიპის ერთა თასი. პირველი წრე
I ტური

საქართველო - უკრაინა 62:3
პორტუგალია - რუმინეთი 24:17
ესპანეთი - რუსეთი 24:28
 

1 საქართველო 1 1 0 0 62-3 5
2  პორტუგალია 1 1 0 0 24-17 4
3 რუსეთი 1 1 0 0 28-24 4
4  ესპანეთი  1 0 0 1 24-28 1
5  რუმინეთი 1 0 0 1 17-24 1
6 უკრაინა 1 0 0 0 3-62 0



II ტური. 12 თებერვალი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 15:00 საათი
საქართველო - ესპანეთი

უკრაინა - რუმინეთი
რუსეთი - პორტუგალია
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095574