“ზუსტად ისე არ მითქვამს, როგორც დაიწერა. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ნაკრები პროგრესირებს და ევროპის “ერთა თასის” მოგების ერთ-ერთი ფავორიტია. საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფში ყველაზე ძლიერი გუნდია და თასის მოგება მასაც შეუძლია. ჩემ ნათქვამს პოლიტიკურ დატვირთვას ნუ მისცემთ” - ჩაიცინა და განაცხადა ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა, რეჟი სონმა.
თითქოს ამ კითხვას ელოდა და პასუხიც მომზადებული ჰქონდა... ეს მისი კომენტარი იყო იმ კითხვაზე, რომელიც მას პრესკონფერენციაზე ქართველმა ჟურნალისტებმა დაუსვეს - “როგორც რუსეთთან მატჩის წინ განაცხადეთ, მართლა რუსეთის ნაკრებს მიიჩნევთ “ერთა თასის” მოგების მთავარ ფავორიტად”?
ამას გარდა, სონმა, რომელმაც ესპანეთი გასული წლის ივლისში ჩაიბარა, გუნდის შემადგენლობის ცვლილებაზე, ნაკრებში ლეგიონერების გამოძახებაზე და რუსეთთან განვლილ მატჩზე ისაუბრა.
“ივლისიდან ნაკრების შემადგენლობის განახლება დავიწყეთ და ლეგიონერების სიმრავლე ამით აიხსნება. ახალ გუნდს ვაშენებ, მაქვს საინტერესო პროექტები და გვინდა რომ შედეგს მივაღწიოთ. განვლილ 4 შეხვედრაში პროგრესი ნათლად გამოჩნდა, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ სწორ გზაზე ვდგევართ. ჯერ ყველაფერი დასრულებული არაა და გუნდი შენების პროცესშია. რუსეთის ნაკრებთან მატჩში მერჩივნა, რომ თამაში კარგად დაგვეწყო და ბოლო წუთებში გარდატეხის შეტანაზე არ მეფიქრა. ესპანეთის ნაკრები ახალგაზრდა გუნდია, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მსგავსი გამოცდილება არ გვაქვს და მოედანზე პირველივე წუთებიდან სათანადო განწყობით ვერ გავდივართ. ნელ-ნელა ვიზრდებით და მჯერა, მალე ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა გავხდებით” - თქვა სონმა.
“საქართველოს 7-კაცა ნაკრების წინააღმდეგ რამდენჯერმე მაქვს ნათამაშები. 15-კაცა ნაკრების დონეზე, ორი წლის წინათ განაცხადში ვიყავი, მაგრამ მოედანზე გასვლამ არ მომიწია. ჩვენს შემადგენლობაში 7-კაცა ნაკრებიდან 4-5 კაცი თამაშობს და მათ დიდი გამოცდილება აქვთ” - ეს სიტყვები ესპანეთის ნაკრების კაპიტან მარტინ ერედიას ეკუთვნის, რომელიც უკანახაზელია და 12 ნომერზე თამაშობს.
ესპანეთის ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთთან შედარებით, ცვლილებებით ითამაშებს. პირველ ხაზში გამოჩნდნენ ხესუს როდრიგეს მორენო და დავით გურგენაძე. მეორე ხაზში ძირითადში იქნება სილვენ ანტეკერა, ხოლო მესამე ხაზში კაპიტან მარტინ აკენას ნაცვლად როკა ითამაშებს, რუსებთან მე-8 ნომრად მობურთალი კუკი 7-ნომერზე დადგება, ხოლო 8 ნომრად კოვაჩევიჩი მოგვევლინება. 9-10 ნომრები უცვლელად დარჩება, უკანა ხაზში კი, ცენტრის ორი მარგბის გარდა, ძირითად შემადგენლობაში თავის გამოჩენას ახალი სახეები ეცდებიან.
ესპანეთის ნაკრები: 15. მეტიე ამოროსი (“ბეზიე”, საფრანგეთი), 14. იგნასიო გუტიერესი (“კესოს ენტრეპინარესი”, ესპანეთი), 13. ხუან როდრიგეს არიას კანო (“ლილ მეტროპილი”, საფრანგეთი), 12. მარტინ ემირ ერედია (“კოსტა დელ სოლ”, ესპანეთი), 11. პიერ კაზო ბელსუნსე (“კოლომიე”, საფრანგეთი), 10. ანდონი კალავია ხორახურია (“ბიარიცი”, საფრანგეთი), 9. ადრიან ჟანო აიესტარანი (“ბიარიცი”, საფრანგეთი); 1. ხესუს როდრიგეს მორენო (“ლიდსი”, ინგლისი), 2. ბენა ეჩეპარე აუსკი (“ტიროსი”, საფრანგეთი), 3. დავით გურგენაძე (“ორტეზი”, საფრანგეთი), 4. ხესუს ნუნიეს რეკუერდა (“ლილი”, საფრანგეთი), 5. სილვენ ანტეკერა (“ორტეზი”, საფრანგეთი), 6. მატიე როხა (“ორიაკი”, საფრანგეთი), 7. მეტიუ ჯეიმს კუკი (“ლა ვილა”, ესპანეთი), 8. ფედერიკო კოვაჩევიჩი (“ბისკაია გერნიკა”, ესპანეთი).
სათადარიგოები: დიეგო ხოროსიტო ალვარესი (“კესოს ენტრეპინარესი”, ესპანეთი), სანტიაგო რიხა ფერნანდესი (“ალკობენდასი”, ესპანეთი), მარტინ იგნასიო კოლანერი ასენია (“ლა ვილა”, ესპანეთი), როდრიგო სანჩეს მარტინესი (“ლა ვილა”, ესპანეთი), მატიას პერეტ ტუდელა (“ამპო ორდისია”, ესპანეთი), უნაი არატიბელ ლასა (“ბერა ბერა”, ესპანეთი), გოტიე ფონტანა ჟიბუენი (“ბორდო ბეგლასი”, საფრანგეთი), სერხი სევილია ობანელი (“კლერმონი” საფრანგეთი).
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია