საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ევროპის ერთა თასის მეორე შეხვედრას, პირველისგან განსხვავებული შემადგენლობით დაიწყებს. 12 თებერვალს, “ბორჯღალოსნები” “მიხეილ მესხზე” ესპანეთს 15:00 საათიდან დაუხვდებიან და ეცდებიან, რომ საკუთარი უპირატესობა კიდევ ერთხელ დაამტკიცონ, ოღონდ, ამჯერად გადახალისებული შერკინების ხაზით.
უკრაინასთან მატჩისგან განსხვავებით, შერკინების პირველ ხაზში არ იქნებიან დავით ხინჩაგიშვილი და დავით ზირაქაშვილი, რომელთა ადგილებსაც ვასილ კაკოვინი და ანტონ ფეიქრიშვილი დაიკავებენ. საქართველოს ნაკრების ლიდერები კლუბებში დაბრუნდნენ და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი ახალბედებს მიეცათ. 21 წლის კაკოვინი “ბრივის” პირველხაზელია, კლუბში წლეულს სისტემატურად თამაშობს, მაგრამ სანაკრებო დონეზე სულ 9 მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა. ფეიქრიშვილი 23 წლისაა, ის “კასტრის” ღირსებას იცავს და ნაკრების კვართი სულ 7-ჯერ აქვს მორგებული. შედარებით გამოცდილია 2 ნომერი ირაკლი ნატრიაშვილი, რომლის ანგარიშზეც 29 სანაკრებო შეხვედრაა. ერთი ცვლილებაა შერკინების მეორე ხაზში - ლევან დათუნაშვილი ძველებურად 4 ნომერზე ითამაშებს, ხოლო მეორე მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე იქნება, რომელსაც სანაკრებო დებიუტი გასულ მატჩში, უკრაინის წინააღმდეგ ჰქონდა და იქ შეცვლაზე ითამაშა.
შალვა სუთიაშვილმა ამჯერად მესამე ხაზში გადაინაცვლა, საიდანაც ხელმოტეხილი ბესიკ უდესიანი “ამოვარდა”. უდესიანის ნაცვლად, 8 ნომრად გიორგი ჩხაიძე ითამაშებს. ვეტერანი გრიგოლ ლაბაძე ძველებურად ძირითად შემადგენლობაშია. 9 ნომერზე დაბრუნდა და გუნდს უკაპიტნებს ირაკლი აბუსერიძე, “ძირითადშია” მერაბ კვირიკაშვილიც. მთლიანობაში, უკანა ხაზში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა - ირაკლი გიორგაძის ნაცვლად, რომელიც ამჯერად განაცხადში არაა, უკანა ხაზის ცენტრში გაირჯება თედო ზიბზიბაძე, რომელმაც წინა შეხვედრა სახის ოპერაციის გამო გამოტოვა. ორი სიახლეა სათადარიგოთა შორის - შერკინების პირველ ხაზში თამაშის შანსი აქვს ბექა შეყლაშვილს, რომელსაც ნაკრების მაისურით მხოლოდ სამჯერ უთამაშია. ეროვნულის მაისური სულ მეცხრედ მორგების შანსი აქვს მესამეხაზელ ლაშა თავართქილაძეს.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელები და მორაგბეები, ესპანეთთან წინაზე საინტერესო ბრძოლას ელიან და იმედოვნებენ, რომ დავალებებს ამჯერად უკეთ შეასრულებენ და თავიანთი გარჯით მაყურებელსაც ასიამოვნებენ.
რიჩი დიქსონი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. შეამჩნევდით, ესპანელთა წინააღმდეგ განსხვავებული შემადგენლობით ვაპირებთ თამაშს. შერკინების ხაზში ახალ მორაგბეებს გამოვცდით. მთლიანობაში, 2 კვირიანი მუშაობით კმაყოფილი ვარ და მომავალში სანაკრებო კანდიდატების სიას კიდევ უფრო გავზრდით. დარწმუნებული ვარ, ესპანეთთან უკეთ ვითამაშებთ, ვიდრე უკრაინასთან. ბიჭები მზად არიან, რომ თავისი თავი უკეთ წარმოაჩინონ. ესპანეთთან უკრაინისგან განსხვავებული თამაში გველის. გუნდებმა ერთმანეთის შესაძლებლობა კარგად იციან და მაღალი დონის დაპირისპირება გველის. ნაკრების ყველა წევრს კარგად აქვს გათვითცნობიერებული ხვალინდელი თამაშის მნიშვნელობა და გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გაიღებენ. თანამედროვე რაგბიში მნიშვნელოვანია, რომ შენი მომენტი დაიჭირო. არგენტინის “იაგურებთან” საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა, მაგრამ მეორე ტაიმში არგენტინელებმა სწორედ რომ მომენტი დაიჭირეს და წარმატებამდე ცოტა დააკლდათ. ვცდილობთ, რომ თამაშიდან თამაშამდე ხარისხი გავაუმჯობესოთ. უნდა ვისწავლოთ მომენტების დაჭერა და ყველა სახიფათო სიტუაციის ქულებში ასახვა. მოედანზე გადაწყვეტილებებს გუნდის კაპიტანი და მორაგბეები იღებენ და ისინი გადაწყვეტენ, რა მომენტში დაარტყან ჯარიმა კარში და რა სიტუაციაში გაიტანონ ბურთი აუტში”.
ირაკლი აბუსერიძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “ხვალინდელ თამაშს საბრძოლო განწყობით ვხვდებით. მართალია, ბევრი წამყვანი მორაგბე გვაკლია, მაგრამ წარმატების იმედს სულაც არ ვკარგავთ. კარგად მოვემზადეთ და პირველიდან ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ. მეტოქის დაუფასებლობა აღარ იქნება და რა ანგარიშიც არ უნდა იყოს, ჩვენ კონცენტრაციას არ დავკარგავთ. ვუყურეთ რუსეთისა და ესპანეთის შეხვედრის ფრაგმენტებს და შემიძლია გითხრათ, რომ ესპანეთი იმავე რუსეთს, რუმინეთს და პორტუგალიას არაფრით ჩამოუვარდება”.
ირაკლი მაჩხანელი: “მართალია, გუნდში ბევრი ახალბედა მორაგბე გვყავს, მაგრამ გამოცდილები მათ გვერდში ვუდგავართ და მაქსიმალურად ვეხმარებით, რომ შერწყმა მარტივად მოხდეს”
ბესიკ ხამაშურიძე: “ესპანეთის ნაკრები არასდროს იყო ისეთი გუნდი, რომ მათთან რაიმე გაგვჭირვებოდა. მერე დაუფასებლობამ იჩინა თავი და მათთან გამარჯვების მიღწევა გაჭირდა. ახლა ვიცით, რომ ესპანეთი უხერხული მეტოქეა, ლეგიონერებით გაძლიერდა და ბრძოლისათვის და თავდადებისთვის მზად ვართ. როგორც ვიცი, ესპანელები აქცენტს მომავალზე აკეთებენ, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სურთ გასვლა და გუნდის შენებას აქედანვე იწყებენ. შეიძლება იყოს მომენტი, როდესაც მაყურებელს ეგონოს, რომ რაღაც მომენტში ვდუნდებით, მაგრამ დამიჯერეთ, მოედანზე მთელი 80 წუთით ვართ კონცენტრირებული. უბრალოდ, დიდი გუნდებისგან იმით განვსხვავდებით, რომ მთელი თამაშის განმავლობაში არ გამოგვდის ის, რაც გვსურს. ახლა სწორედ იმაზე ვმუშაობთ, რომ ეს ხარვეზი გამოვასწოროთ და ვფიქრობ, მსოფლიოსთვის მზად ვიქნებით. ესპანეთის ნაკრები შეტევაში უფრო ძლიერია, ვიდრე დაცვაში. როდესაც ისინი ბურთს კარგავენ, გადაწყობა უჭირთ და ამით უნდა ვისარგებლოთ. ბურთზე კონტროლს თუ დავამყარებთ, სასურველი შედეგის მიღწევა არ გაგვიჭირდება”.
ევროპის 2011-2012 წლების ერთა თასი. პირველი წრე
12 თებერვალი. II ტური
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 15:00 საათი
საქართველო - ესპანეთი
საქართველო: 15. ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, ქუთაისი), 14. ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), 12. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო” საფრანგეთი), 11. ლექსო გუგავა (“ლელო” თბილისი), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი); 1. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), 2. ირაკლი ნატრიაშვილი (“სტიაუა”, რუმინეთი), 3. ანტონ ფეიქრიშვილი (“კასტრი”, საფრანგეთი), 4. ლევან დათუნაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), 5. ვახტანგ მაისურაძე (“სენ ნაზერი”, საფრანგეთი), 6. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), 7. გრიგოლ ლაბაძე (“მარსეი ვიტროლი”, საფრანგეთი), 8. გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი).
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე (“ვისოლი-ყოჩები”, თბილისი), 17. ბექა შეყლაშვილი (“აჟენი”, საფრანგეთი), 18. ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), 19. ლაშა თავართქილაძე (“ფარული”, რუმინეთი), 20. ბიძინა სამხარაძე (“სტიაუა”, რუმინეთი), 21. ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), 22. ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი (შოტლანდია)
უკრაინა - რუმინეთი
რუსეთი - პორტუგალია
1. საქართველო 1 1 0 0 62-3 5
2. პორტუგალია 1 1 0 0 24:17 4
3. რუსეთი 1 1 0 0 28:24 4
4. ესპანეთი 1 0 0 1 24:28 1
5. რუმინეთი 1 0 0 1 17-24 1
6. უკრაინა 1 0 0 0 3-62 0
III ტური. 26 თებერვალი
პორტუგალია - საქართველო (ლისაბონი)
რუმინეთი - რუსეთი
ესპანეთი - უკრაინა
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია