საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის წინააღმდეგ ისე ითამაშა, რომ დილეტანტსაც კი თავს შეაყვარებდა. ლამაზმა გარღვევებმა, თავდაუზოგავმა ბრძოლამ და კომბინაციურმა ერთსულოვნებამ ის შედეგი უნდა მოიტანოს, რომ 12 მარტს, საქათველოსა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრამ სავსე ტრიბუნების წინაშე ჩაიაროს.
საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი ურთიერთშეხვედრების ისტორიაში სარეკორდო ანგარიშით დაამარცხა. ეს შედეგი იმითაა ღირსშესანიშნავი, რომ მას “ბორჯღალოსნებმა” ლამაზი თამაშით მიაღწიეს. უკანა ხაზის აქტიურობამ, მათმა მოძრაობამ, დაგვანახა ის, რომ ცვლილებები ლოგიკური იყო. დღესდღეობით, საქართველოს ნაკრები თამაშობს იმ რაგბის, რომელიც ყველა ქართველს გულს გაუხარებს.
იყო ხარვეზებიც, ერთი-ორი წაგებული აუტი, მაგრამ ორჯერ მეტი მოგებული, ხელით თამაშის სწორი გადაწყვეტილებები და შედეგიანი შეტევები. იყვნენ ახალბედები - ვასილ კაკოვინი, ანტონ ფეიქრიშვილი, ვახტანგ მაისურაძე, ბექა შეყლაშვილი - რომელთაც დაამტკიცეს, რომ ქართულ რაგბის მომავალი აქვს და ის ვითარდება.
საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი პირველსავე წუთებიდან დაამყარა და მერევე წუთზე, ჯარიმის უფლება მოიპოვა, მაგრამ კვირიკაშვილმა 43 მეტრიდან გასატანი გააფუჭა. მერე რა, ბურთი საქართველოს დარჩა და რამდენიმე დარტყმის შემდეგ, კაკოვინის და ფეიქრიშვილის აქტიურობამ ის შედეგი მოიტანა, რომ რაქიდან სწარაფად გათამაშების შემდეგ, კვირიკაშვილმა ხამაშურიძე, მანაც გუგავა მოძებნა და ალამთან ლელო გავიდა. უნდა ითქვას, რომ ახალბედებმა - კაკოვინმა და ფეიქრიშვილმა, წარმოუდგენლად კარგად ითამაშეს და საქართველოს ნაკრების სამწრთნელო საბჭოს საფიქრალი გაუჩინეს.
ამ პერიოდისთვის, საქართველოს ნაკრები კარგად თამაშობდა ართმევაზე, ბურთზე კონტროლს მუდამ ამყარებდა და საშიშიც არაფერი იყო, მით უმეტეს, რომ ესპანელებმა ჯარიმა ააცილეს. საქართველოს ნაკრების ტერიტორიულმა უპირატესობამ შედეგი 28-ე წუთზე გამოიღო. სწრაფად გათამაშების შემდეგ, ლაბაძემ იაქტიურა და კვირიკაშვილმა ბურთი დაამიწა, მანვე, გარდასახვა გაიტანა. მალევე, მეკომ უეჭველი ჯარიმა 3 ქულაში ასახა და ანგარიში 17:0 გახდა, მერე კი, “ბორჯღალოსნებმა” სულ ლელოზე იზრუნეს და სხვამხრივ ქულების აღებას მოერიდნენ. უკანახაზელების ჩართვით ლელოების გატანის მცდელობამ შედეგი გამოიღო - ზიბზიბაძის მცდელობა ნატრიაშვილმა უყურადღებოდ არ დატოვა, კაჭარავამ არ დააგვიანა, დამცველები მოიცილა და ლელო გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა იგრძნო, ჯარიმა კარში აღარ ურტყა და მალევე, ხამაშურიძემ მეოთხე, პრემიის მომტანი ლელო გაიტანა
მეორე ტაიმში ისევ მთელმა გუნდმა უმაღლესად ითამაშა. ლელო ლელოზე გავიდა და იმედია, ეს ტრადიცია კიდევ გაგრძელდება. უნდა ვთქვათ, რომ ამ ნახევარში, ზედიზედ მეორედ იხეირა ბექა ურჯუკაშვილმა, ვისთვისაც სანაკრებო შეხვედრაში ლელოს გატანა ტრადიციად იქცა და იმედია, ასე გაგრძელდება. ჯერ მეტოქის დაჩაგვრით ნატრიაშვილმა იხეირა, მერე კონტრშეტევაზე კვირიკაშვილმა ზიბზიბაძე სალელოვედ გაჭრა, ამას ხელით თამაშით გართობა, და ხამაშურიძის პასის შემდეგ ლაბაძის ლელო მოჰყვა. და კიდევ... და კიდევ.. ქართველებმა შეუტიეს და ლელოები მიითვალეს.
პრესკონფერენცია
რეჟი სონი (ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ვულოცავ საქართველოს ნაკრებს ამ გამარჯვებას. თქვენ არაჩვეულებრივად ითამაშეთ და ტექნიკის არაჩვეუბლებრივი მაგალითი გვიჩვენეთ. გაგვიხარდება, თუ ჩვენც ასევე შევძლებთ თამაშს. თქვენაირი ერთსულოვნება, მხოლოდ მისაბაძია”.
რიჩი დიქსონი: “ დიდი ანგარიშით მოგება ყოველთვის კარგია, მაგრამ იყო შეცდომები, განსაკუთრებით გადაცემებისას, რაც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ”.
ევროპის 2011-2012 წლების ერთა თასი. პირველი წრე
12 თებერვალი. II ტური
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 10000
საქართველო - ესპანეთი 60:0 (27:0)
საქართველო: 15. ბესიკ ხამაშურიძე (22. ბექა ურჯუკაშვილი 68), 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. მერაბ კვირიკაშვილი (21. ლაშა მალაღურაძე 68), 9. ირაკლი აბუსერიძე (20. ბიძინა სამხარაძე 57); 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი (16. ჯაბა ბრეგვაძე 53), 3. ანტონ ფეიქრიშვილი (17. ბექა შეყლაშვილი 57), 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე (19. ლაშა თავართქილაძე 75), 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გრიგოლ ლაბაძე, 8. გიორგი ჩხაიძე (18. ზვიად მაისურაძე 62).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი (შოტლანდია)
9 ლელო: გუგავა (11), კვირიკაშვილი (25), კაჭარავა (34), ხამაშურიძე (40), ნატრიაშვილი (52), ზიბზიბაძე (63, 72), ლაბაძე (66), ურჯუკაშვილი (79)
6 გარდასახვა: კვირიკაშვილი (4), მალაღურაძე (2)
1 ჯარიმა: კვირიკაშვილი (30)
საქართველო - ესპანეთი 60:0
რუსეთი – პორტუგალია 19:21
უკრაინა - რუმინეთი (გადაიდო)
1. საქართველო | 2 | 2 | 0 | 0 | 122-3 | 10 |
2. პორტუგალია | 2 | 2 | 0 | 0 | 45-36 | 8 |
3. რუსეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 47-45 | 5 |
4. რუმინეთი | 1 | 0 | 0 | 1 | 17-24 | 1 |
5. ესპანეთი | 2 | 0 | 0 | 2 | 24-88 | 1 |
6. უკრაინა | 1 | 0 | 0 | 1 | 3-62 | 0 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია