სანამ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები “მიხეილ მესხზე” ესპანეთს არბევდა, რუსეთისა და პორტუგალიის ნაკრებები სოჭში უძლიერესის გამოსავლენად იბრძოდნენ. პორტუგალიელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ პირველ ტურში რუმინელთა ძლევა შემთხვევითობა არ იყო. ამჯერად, მათ სტუმრად რუსეთი მოინელეს და “ბორჯღალოსანთა” მთავარ კონკურენტებად მოგვევლინენ.
შეხვედრის საწყისმა 20-მა წუთმა სტუმართა უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ ის გატანილ ლელოებში არ ასახულა. პორტუგალია ჯარიმით ორჯერ დაწინაურდა, ორივე შემთხვევაში თავი ჯოზეფ გარდნერმა გამოიჩინა, მაგრამ იური კუშნარიოვმა ორივე შემთხვევაში ჯარიმითვე აღადგინა წონასწორობა, ხოლო 27-ე წუთზე, სულაც “დათვები” დააწინაურა - 9:6. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც მასპინძლები წინ გაიჭრნენ. შესვენებამდე დარჩენილი დროის დიდი ნაწილი მათ მეტოქის ნახევარზე კი გაატარეს, მაგრამ ვერაფრით იხეირეს, პორტუგალიელებმა კი დამსახურებული ლელო 34-ე წუთზე მიითვალეს. თავი სამმეოთხედელმა გონსალო ფორომ გამოიჩინა, გარდნერმა რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და მისმა გუნდმა ტაიმი 4-ქულიანი უპირატესობით დაასრულა.
დაიწყო თუ არა მე-2 ტაიმი, პორტუგალიელები კიდევ უფრო დაწინაურდნენ. ედუარდო აკოსტამ 43-ე წუთზე სტუმართა მეორე ლელო გაიტანა, რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა, თუმცა, გარდნერმა 49-ე წუთზე, ბურთი ჯარიმიდან ძელებსშუა გააძვრინა და ტაბლოზე 21:9 აენთო. რუსებმა ერთი საპასუხო ლელო მალევე, 57-ე წუთზე გაიტანეს, მაგრამ ამის შემდეგ სტუმართა დაცვა მედგრად დადგა და მატჩის ბოლომდე გაძლო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ვასილი არტიომოვმა თავისი და გუნდის მეორე ლელო მიითვალა. შედეგად, ჩამორჩენა სარაგბო საზომებით მინიმუმამდე დავიდა და ჯერი რეალიზაციაზე მიდგა, მაგრამ მასპინძლების დარტყმა პირველის მსგავსად არაზუსტი აღმოჩნდა და რუსეთი მხოლოდ ერთ პრემიალური ქულას დასჯერდა, ხოლო პორტუგალიამ გამარჯვების ოთხი ჩაიწერა. რუსეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყვნენ წარმოშობით ქართველი, რუსეთის პასპორტის მქონე პირველხაზელები - კარლო მაღლაკელიძე და ვალერი ცნობილაძე. პირველი 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე სრულად გაისარჯა.
სუფთა სატურნირო თვალსაზრისით თუ ვიფიქრებთ, საქართველოს ნაკრებისთვის ფრე უფრო მისაღები შედეგი იქნებოდა, მაგრამ ეგ არაფერი - მომდევნო ტურში საქართველო პორტუგალიას ლისაბონში ეთამაშება და თავისი სიძლიერე იქ კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს. მარცხი არ შეიძლება, რადგან პორტუგალიამ რთული მეტოქეები უკვე მოილია და საქართველოსთან მატჩის შემდეგ დარჩენილ ორ შეხვედრაში, სავარაუდოდ, ქულათა მაქსიმუმის აღება არ გაუჭირდება. როგორც “ბორჯღალოსანთა” დამრიგებელმა, რიჩი დიქსონმა ესპანეთთან მატჩის შემდეგ განაცხადა, სელექცია უკვე დასრულებულია და საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს, ეს კი წარმატების იმედს იძლევა.
რუსეთი - პორტუგალია 19:21
უკრაინა - რუმინეთი (გადაიდო)
1. საქართველო 2 2 0 0 122-3 10
2. პორტუგალია 2 2 0 0 45-36 8
3. რუსეთი 2 1 0 1 47-45 5
4. რუმინეთი 1 0 0 1 17-24 1
5. ესპანეთი 2 0 0 2 24-88 1
6. უკრაინა 1 0 0 1 3-62 0
III ტური. 26 თებერვალი
პორტუგალია - საქართველო (ლისაბონი)
რუმინეთი - რუსეთი
ესპანეთი - უკრაინა
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია