ამბები

15:41 | 13.02.2011 | ნანახია 2235 - ჯერ

ეშტონმა და ინგლისმა იტალია გაანადგურეს

ინგლისის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა “თვიქნემში” იტალიას 8 ლელო გაუტანა, მეტოქე 59:13 გაანადგურა და ყველას აჩვენა, რომ 2011 წლის “ექვსი ერის” მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.
ინგლისელთა ლელოების ნახევარი საკუთარ ანგარიშზე უკანახაზელმა, მარჯვენა ფლანგელმა კრის ეშტონმა ჩაიწერა, უელსთან გატანილ ორს 4 შემატა, ჯამში 6 მოუგროვდა და დაამტკიცა, რომ მოცემულ მომენტში საუკეთესო ფორმაშია. შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიო თასზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, ეშტონისა და მისი თანაგუნდელების შეჩერება კი, “ბორჯღალოსნებს” 18 სექტემბერს, ქრაისთჩერჩში მოუწევთ.
ეშტონმა პირველი ლელო მე-2 წუთზევე გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა. იტალიელებმა თამაშს დაძაბულობა შემდგომი 10 წუთის განმავლობაში შეუნარჩუნეს, როდესაც 2 ჯარიმა გაიტანეს, შუალედში კი ინგლისისგან ერთი გაუშვეს, 24-ე წუთიდან კი, მასპინძლებმა ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნეს. შესვენებამდე, ხუთწუთიანი ინტერვალით ინგლისელებმა 3 ლელო გაიტანეს, სამივე რეალიზაცია გამოიყენეს და ტაიმი 31:6 მოიგეს. მე-2 ტაიმი შედარებით მშვიდად დაიწყო, იტალიამ 54-ე წუთამდე გაძლო, მერე ეშტონმა თავისი მე-3 ლელო გაიტანა, ხოლო 57-ე წუთზე, კეირმა სტუმართა ჩათვლის მოედანი კიდევ ერთხელ გადაკვეთა და რადგან რეალიზაცია ორივე შემთხვევაში ზუსტი იყო, ანგარიში 45:6 გახდა. იტალიელებმა ერთადერთი საპასუხო ლელო 69-ე წუთზე გაიტანეს, მაგრამ აბა, ეს რას შეცვლიდა. ინგლისელებმა სტუმრებს ასეთი თავხედობა არ აპატიეს, საფინალო სასტვენამდე კიდევ 2 ლელო დადეს და მომხვდური კატასტროფული ანგარიშით დაამარცხეს.
 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074391