საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ TOP-14-ის XVIII ტურში, ქართველი ლეგიონერების 6 გუნდიდან გამარჯვება მხოლოდ ორმა მოიპოვა. ზემოთნახსენები ექვსეულიდან ამ ტურში 4 ერთმანეთს დაუპირისპირდა და ქართული დერბები მასპინძელთა გამარჯვებებით დასრულდა.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის “მონპელიემ” საფრანგეთის ჩემპიონს, დავით ზირაქაშვილის “კლერმონს” უმასპინძლა და 29:9 იმარჯვა. შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ორმა ქართველმა მიიღო. ძირითად შემადგენლობაში იყო და 58 წუთი ითამაშა შერკინების პირველხაზელმა ჟღენტმა. მასპინძელთა მეორე ქართველი პირველხაზელი შველიძე განაცხადში არ იყო. ტრავმას იშუშებს მეორე-მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, ხოლო ჩხაიძე ეროვნული გუნდის მაისურით თბილისში ესპანელებს არბევდა. სტუმართა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა ზირაქაშვილმა, რომელიც ნაკრებს სწორედ ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად დაემშვიდობა, მაგრამ გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
ანგარიში სტუმრებმა მე-4 წუთზე გახსნეს, ბრუკ ჯეიმსმა არეკნი გაიტანა, რაზეც მასპინძლებმა ოთხ წუთში ჯარიმით უპასუხეს. “მონპელიე” გააქტიურდა და კიდევ ათ წუთში ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა, ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი, მეორე ლელოც გაიტანა და პირველი ნახევარი 15:3 მოიგო.
მე-2 ტაიმის საწყის ათ წუთში, ბრუკ ჯეიმსმა 2 ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ “კლერმონმა” მეტი ვეღარ შეძლო, “მონპელიემ” კი დასკვნით 15 წუთში კიდევ 2 ლელო მიითვალა და პრემიალური ქულაც აიღო. ამრიგად, “მონპელიეს” ჯამში 52 ქულა დაუგროვდა და მე-3 ადგილზე აღზევდა, ხოლო “კლერმონს” 49 დარჩა და მე-5 პოზიციამდე დაქვეითდა.
მეორე ქართულ დერბიში, ჩემპიონობის მაძიებელმა “ტულონმა” უძლიერესთა შორის დასარჩენად მებრძოლი “ბრივი” დაამარცხა. საწყის წუთებში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ტაიმის შუაწელს კი მასპინძლებმა ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს. სტუმრებმა ჯარიმით ჩამორჩენა 34-ე წუთზე შეამცირეს, მე-2 ნახევრის დასაწყისში კი, ჯარიმითვე ანგარიში მინიმუმამდე დაიყვანეს. “ტულონმა” 2 საპასუხო ჯარიმა 55-ე წუთამდე გამოიყენა და კვლავ 7 ქულით დაწინაურდა. ამას “ბრივის” გააქტიურება მოჰყვა და 64-ე წუთზე, ეს გარჯა ლელოთი დაგვირგვინდა, ზუსტი რეალიზაციის შემდეგ კი თანაფარდობა აღდგა. მაგრამ სტუმრებს გამარჯვება არ ეწერათ. “ტულონი” ჯარიმით 68-ე წუთზე დაწინაურდა, მატჩის ბოლოს კი ასევე ჯარიმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 22:16.
შედეგად, მასპინძლებმა 4 ქულა მიიღეს, “ბრივი” ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ამ მატჩში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ პირველხაზელები, დავით ქუბრიაშვილი და დავით ხინჩაგიშვილი. ორივე მათგანი ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელებმა ერთდროულად 55-ე წუთზე შეცვალეს. “ბრივის” კიდევ ერთი ქართველი, ვასილ კაკოვინი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ირჯებოდა. XVIII ტურის შემდეგ “ტულონი” 49 ქულით, მე-3 ადგილზეა, “ბრივი” კი 27 ქულით, ბოლოსწინა, მე-13 პოზიციაზეა.
უქართველებოდ დამარცხდა საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად მებრძოლი “კასტრი”. ის “რასინგ მეტროს” სტუმრობდა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა - 13:20. აქვსენტი გიორგაძე განაცხადში ვერ მოხვდა, ანტონ ფეიქრიშვილი კი, ამ დროს საქართველოს ნაკრების მაისურით ირჯებოდა. “კასტრს” 47 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა. უქართველოდ წააგო “აჟენმაც”, რომელიც “პერპინიანთან” სტუმრად 18:31 შერცხვა, არადა, 24-ე წუთზე, 10:5-ს იგებდა და ტაიმი სულ რაღაც 10:12 დათმო, მაგრამ მერე მასპინძლებმა გაილაღეს და პირველ ტაიმში გატანილ ორ ლელოს, მეორეში 3 შემატეს. ბექა შეყლაშვილი საქართველოს ნაკრებისთვის ირჯებოდა, მისი “აჟენი” კი - 28 ქულით, მე-12 პოზიციაზეა და უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვის.
TOP-14-ის მომდევნო ტური 19 თებერვალს შედგება.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 60, 2. რასინგ მეტრო - 53, 3. მონპელიე - 52, 4. ტულონი - 49, 5. კლერმონი - 49, 6. ბაიონი - 48, 7. ბიარიცი - 48, 8. კასტრი - 47, 9. სტად ფრანსე - 44, 10. პერპინიანი - 41, 11. ლა როშელი - 28, 12. აჟენი - 28, 13. ბრივი - 27, 14. ბურგონი - 5.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია