ამბები

21:58 | 13.02.2011 | ნანახია 2169 - ჯერ

საფრანგეთი ტიტულის დაცვას განაგრძობს

“ექვსი ერის” მოქმედმა გამარჯვებულმა საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა, მიმდინარე გათამაშების მეორე ტურში, დუბლინში ირლანდიას, მე-2 ნახევარში თამაში შემოუტრიალა, შემდგომში უპირატესობა შეინარჩუნა და ინგლისის მსგავსად, ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა.
ერთი კვირის წინათ იტალიასთან ნაჩვენები ცუდი თამაშის შემდეგ, მასპინძლები ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ და 3 ლელოც გაიტანეს, მაგრამ პრაგმატულმა ფრანგებმა მოსაგებად ერთი ლელოც იკმარეს. მატჩის დებიუტი ირლანდიელების იყო. მაკფედენმა ლელო მე-4 წუთზე გაიტანა, სექსტონმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 7:0 გახდა. მე-15 წუთამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე კი სტუმრები უკეთ ამოქმედდნენ, სტუმრებს დაჯარიმება აიძულეს და მორგან პარამ მე-18, მე-20 და 27-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით, ფრანგები დააწინაურა. ტაიმის ბოლო კვლავ მასპინძლებისა იყო, ამჯერად, ლელო ოლირიმ მიითვალა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო და მასპინძლებმა ტაიმი მხოლოდ 15:12 მოიგეს.
მე-2 ტაიმი სტუმრების უპირატესობით დაიწყო. ისინი ფეხით თითქმის არ თამაშობდნენ, ხელდახელ უტევდნენ და მეტოქეს დაჯარიმებას აიძულებდნენ. 48-ე წუთზე, პარამ შორეული ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა. 53-ე წუთზე, ფრანგთა მიძალება ლელოთი დასრულდა. სტუმრებმა ხაზი გაჭრეს და მედარმა ირლანდიელთა ჩათვლის მოედანში უპრობლემოდ შეაღწია, დიმიტრი იაშვილმა კი რეალიზაცია გამოიყენა. იაშვილს უპირატესობის გაზრდის საშუალება ჯარიმით ორჯერ მიეცა, პირველი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა, მეორე შემთხვევაში ბურთმა ძელებსშუა გაიარა და სტუმრების უპირატესობა ათ ქულამდე გაიზარდა. ირლანდიამ 67-ე წუთზე იხეირა, როდესაც მათი კონტრშეტევა ალამთან ჰისლიპის ლელოთი დაგვირგვინდა, ოგარამ კი რეალიზაცია გამოიყენა. მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, მაგრამ ფრანგებმა გაძლეს, მერე ბურთი მოიპოვეს და მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ, თუმცა ერთი შეცდომა ლამის ლელოდ და მარცხად დაუჯდათ. კრონინი ვალდებული იყო, ფრანგთა შეცდომით ესარგებლა და ლელო გაეტანა, მაგრამ ვერც მან, ვერც მისმა თანაგუნდელებმა, მომენტს ალღო ვერ აუღეს, ბურთი მეტოქეს გადააბარეს და მანაც დრო მშვიდად გაიყვანა.
მე-3 ტური შესაძლოა გადამყვეტი აღმოჩნდეს. ლიდერები - ინგლისი და საფრანგეთი 26 თებერვალს, ერთმანეთს ლონდონში დაუპირისპირდებიან და სავარაუდოდ, ამ მატჩის მომგები ტურნირის გამარჯვებული გახდება.

2011 წლის ექვსი ერი. II ტური
ინგლისი - იტალია 59:13
შოტლანდია - უელსი 6:24
ირლანდია - საფრანგეთი 22:25

1.    ინგლისი 2   85-32 4
2.    საფრანგეთი 2 2 0 0 59-43 4
3.    უელსი 2 1 0 1 43-32 2
4.    ირლანდია 2 1 0 1 35-36 2
5.    შოტლანდია 2 0 0 2 27-58 0
6.    იტალია  2 0 0 2 24-72 0
             

III ტური
26 თებერვალი

იტალია - უელსი
ინგლისი - საფრანგეთი
27 თებერვალი
შოტლანდია - ირლანდია

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08663