განვლილ ორ კვირაში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასზე ფანტასტიური შედეგი კი აჩვენა, მაგრამ ამ წარმატებებმა “ბორჯღალოსნებს” მსოფლიოს რეიტინგში არაფერი შემატა. უკრაინის 62:3 განადგურებას, ესპანელთა უფრო ძლიერი გუნდის 60:0 დამარცხება მოყვა, საქართველომ ჯამში 19 ლელო გაიტანა, თავად ერთიც არ გაუშვა, მაგრამ მეტოქეები იმდენად უსუსურები იყვნენ...
სამაგიეროდ, “ბორჯღალოსნებს” სარეიტინგო წინსვლის შანსი 26 თებერვლის მატჩის შემდეგ ექნებათ, როდესაც ისინი ლისაბონს ეწვევიან და დღეისათვის რეიტინგში მე-20 საფეხურზე მყოფ პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. პორტუგალიელებმა საკუთარ მოედანზე რუმინეთის 24:17 დამარცხების შემდეგ, შაბათს, რუსეთის ნაკრებს სოჭში 21:19 სძლიეს. მათმა ამ წარმატებამ რეიტინგში წინსვლა ვერ გამოიწვია, მაგრამ სარეიტინგო ჩამორჩენა რუსეთთან და რუმინეთთან მნიშვნელოვნად შეამცირეს.
საქართველოს ნაკრები ლისაბონშიც ისეთივე წარმატებით თუ ითამაშებს, როგორც შინ, უკრაინასთან და ესპანეთთან, პორტუგალიას სტუმრად 15 ქულაზე მეტი სხვაობით მოუგებს, რეიტინგს 1,29 ქულა შემატებს, ჯამში 69,50 გაუხდება და კანადას მე-14 საფეხურიდან დააქვეითებს. 15 ქულაზე ნაკლები სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში, რეიტინგში ნამატი 0,86 ქულას შეადგენს და კანადასთან სარეიტინგო ჩამორჩენა 0,12 ქულამდე შემცირდება. ფრე “ბორჯღალოსნებს” რეიტინგში ქულათა მარაგს უმნიშვნელოდ შეუმცირებს (0,14) და სხვაობა შეუმჩნეველი იქნება. ღმერთმა ნუ ქნას და ნებისმიერი ანგარიშით მარცხის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ორი საფეხურით დაქვეითდება. 15 ქულაზე ნაკლები ანგარიშით წაგების შემთხვევაში, რიჩი დიქსონის ჯამური მონაგარი 67,07 ქულამდე დავა, ხოლო უფრო დიდი სხვაობით წაგება იმის მანიშნებელი იქნება, რომ ორშაბათის რეიტინგში ქართველთა მონაგარი 66,50 ქულამდე შემცირდება.
რეიტინგის სათავეში ძველებურად სამხრეთ ნახევარსფეროს სამეული რჩება და მისი შეცვლა მარტის შუა რიცხვებამდე ვერანაირად ვერ მოხდება. ცვლილებები ექვსი ერის შედეგებმა გამოიწვია და ევროპულ გუნდებში საფრანგეთი დაწინაურდა. მართალია, ინგლისმა II ტურში ყველაზე დიდი ანგარიშით იმარჯვა (59:13), მაგრამ მათი მხრიდან დაჩაგრული იტალია რეიტინგში მე-12 საფეხურზე იმყოფება და ოთხი ლელოს გამტანი ეშტონისა და მისი თანაგუნდელების გარჯა რეიტინგზე არ აისახა. სამაგიეროდ, საფრანგეთმა, რომელმაც ირლანდიისგან სამი ლელო გაუშვა. თავად მხოლოდ ერთი გაიტანა, მაგრამ ჯამში სტუმრად 25:22 იმარჯვა, რეიტინგს თითქმის 1,3 ქულა შემატა და მეოთხე ადგილამდე აღზევდა. ეს იმიტომ, რომ “მამლების” მეტოქე მეექვსეადგილოსანი იყო. ირლანდიამ მე-6 ადგილი შეინარჩუნა. ორი საფეხური დაკარგა უელსთან 6:24 შერცხვენილმა შოტლანდიამ, რომელიც მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა და ახლა მე-9 ადგილამდე დაქვეითდა. მას რვამატჩიანი მოუგებელი სერიის შემწყვეტმა უელსმა და უთამაშებელმა არგენტინამ გადაასწრეს. ოცდაათეულში კიდევ ერთი ცვლილებაა. ბოლო დროს ბელგია წარმატებულად თამაშობს და შედეგად სარეკორდო - 24-ე ადგილს უწია.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 14 თებერვლისთვის
1 (1). ახალი ზელანდია - 93,19
2 (2). ავსტრალია - 87,45
3 (3). სამხრეთ აფრიკა - 86,44
4 (5). საფრანგეთი - 83,61
5 (4). ინგლისი - 83,24
6 (6). ირლანდია - 80,95
7 (8). არგენტინა - 78,97
8 (9). უელსი - 78,88
9 (7). შოტლანდია - 77,96
10 (10). ფიჯი - 74,05
11 (11). სამოა - 74,02
12 (12). იტალია - 72,86
13 (13). იაპონია - 71,45
14 (14). კანადა - 69,19
15 (15). საქართველო - 68,21
16 (16). აშშ - 67,69
17 (17). ტონგა - 67,35
18 (18). რუსეთი - 64,46
19 (19). რუმინეთი - 64,38
20 (20). პორტუგალია - 63,81
21 (21). ურუგვაი - 60,94
22 (22). ნამიბია - 60,66
23 (23). ესპანეთი - 58,03
24 (25). ბელგია - 56,78
25 (24). ჩილე - 56,68
26 (26). მაროკო - 56,11
27 (27). ყაზახეთი - 55,20
28 (28). ბრაზილია - 54,56
29 (29). უკრაინა - 54,35
30 (30). გერმანია - 54,26
31 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია