საქართველოს მორაგბეთა 7-ქალა ნაკრები, მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში უნგრეთში გაემგზავრება და ქალაქ ზანკაში მეორე დივიზიონის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
ევროპის რაგბის მმართველებმა, წინა წლების შედეგების გათვალისწინებით, ქალთა 34 ნაკრები სამ ჯგუფად დაყვეს. საუკეთესო 12 ნაკრები Top 12-ად წოდებულ უმაღლეს ლიგაში ითამაშებს და ევროპის ჩემპიონის სახელის მოსახვეჭად იბრძოლებს. მეორე დივიზიონში ასევე 12 გუნდია, რომელთაგან 2 საუკეთესო საგაისოდ Top 12-ის ორ უარეს ნაკრებს ჩაანაცვლებს, ხოლო მეორე დივიზიონის ორ ნაბოლარა ადგილს მესამე დივიზიონის ორ საუკეთესოს დაუთმობს. მესამე დივიზიონში სულ 10 გუნდი თამაშობს და მათ შორისაა საქართველოს ნაკრებიც.
მესამე დივიზიონის ათეული ზედა დივიზიონის საგზურისთვის უნგრეთში 4-5 ივნისს იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მასპინძელ უნგრეთთან, ლიტვასთან, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან და სლოვენიასთან ერთად ითამაშებს. B ჯგუფში ნორვეგიის, პოლონეთის, დანიის, ლუქსემბურგისა და სერბეთის ნაკრებები გამოდიან. ჯგუფის ორი საუკეთესო ბრძოლას ნახევარფინალში აგრძელებს, მესამე-მეოთხეადგილოსნები მეხუთე ადგილისთვის ითამაშებენ, ხოლო ჯგუფის ნაბოლარები ევროპის ბოლოსწინა გუნდის სახელისთვის იბრძოლებენ.
გასულ წელს, საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა 7-დან ხუთი შეხვედრა მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, მაგრამ ჯამში მხოლოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. ეს იმიტომ, რომ მარცხი და ფრე ჯგუფურ ეტაპზე დაფიქსირდა და მეტოქეს გატანილ-გაშვებული ქულებით (3 ქულით) ჩამორჩა, რის შედეგადაც ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. ჯგუფის ახლანდელი მეტოქეებიდან, გასულ წელს საქართველომ სლოვენია 31:0, ხოლო ლიტვა - 31:5 გაანადგურა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია