IRB-ს ერთა თასის 2011 წლის გათამაშებაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები სამხრეთ აფრიკის “კინგსი”, არგენტინის “იაგუარები” და ნამიბიის ეროვნული ნაკრები იქნებიან.
ტრადიციული ტურნირი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 10-19 ივნისს გაიმართება და ზემოთჩამოთვლილი ოთხეულის გარდა, მასში რუმინეთისა და პორტუგალიის ეროვნული გუნდები ითამაშებენ. ყველა გუნდს 3-3 შეხვედრის ჩატარება მოუწევს, რის შედეგადაც შედგება საერთო ცხრილი და გამარჯვებული ის გახდება, რომელსაც სამი მატჩის შემდეგ, ყველაზე მეტი ქულა ექნება. ტურნირზე მოგებისთვის ოთხი ქულა იწერება, ფრე 2 ქულად ფასობს, წაგებაზე არაფერი იწერება, ხოლო ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის, ან 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის, გუნდი ერთ საპრემიო ქულას მიიღებს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისთვის, ეს ტურნირი მსოფლიოს თასისთვის მზადების მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. ქართველ მორაგბეებს სამხრეთ ნახევარსფეროს ძლიერ გუნდებთან მოუწევს გაჯიბრება და მათ სათამაშო სტილსაც ახლოდან გაეცნობა. ამასთან, “ბორჯღალოსნებს” გასულ წელს განცდილი მარცხისათვის, ნამიბიასთან რევანშის აღების შანსი ეძლევა. ნამიბია ის გუნდია, რომელმაც გასული წლის IRB-ს ერთა თასის დასკვნით ტურში საქართველოს სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა. იმ მარცხმა მსოფლიოს რეიტინგში “ბორჯღალოსანთა” მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია და მაშინდელი მთავარი მწვრთნელი ტიმ ლეინიც შეიწირა. წლეულს, 3 მატჩიდან, მხოლოდ ერთი, სწორედ ნამიბიასთან გასამართი შეხვედრა იქნება სარეიტინგო და იმედია, ამჯერად მათი ძლევით რევანშთან ერთად რეიტინგის გაუმჯობესებაც მოხდება.
IRB-ს ერთა თასი 2006 წლიდან ტარდება. პირველ გათამაშებაში ოთხმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული არგენტინის A ნაკრები გახდა. მომდევნო წელს მონაწილე გუნდების რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა და მას შემდეგ სისტემა აღარ შეცვლილა. 2007 წელს ტურნირში საქართველოს ნაკრებიც ჩაერთო, ორი მატჩი მოიგო, ერთში დამარცხდა და მესამე ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი “მომავლის სამხრეთ აფრიკა” გახდა. “მომავლის სამხრეთ აფრიკამ” იპირველა 2008 წლის გათამაშებაშიც, “ბორჯღალოსნებმა” კი ამჯერად მეორე ადგილი დაიკავეს. 2009 წელს საქართველოს ნაკრები “ჩერჩილის თასზე” გამოდიოდა და IRB-ს ერთა თასზე მონაწილეობა არ მიუღია, მისი გამარჯვებული კი შოტლანდიის A ნაკრები გახდა. 2010 წელს “ბორჯღალოსნებმა” მხოლოდ მეოთხე საფეხური დაიკავეს, პირველობა კი ნამიბიამ იზეიმა.
სამხრეთ აფრიკის გუნდი IღB-ს ერთა თასს ორწლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება, ოღონდ, ამჯერად “მომავლის სამხრეთ აფრიკის” ნაცვლად კეიპის პროვინციის გუნდი “კინგსი” ითამაშებს და საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე სწორედ ის იქნება. კეიპის პროვინციის ეს გუნდი 2009 წელს ჩამოყალიბდა. ის სამი პროვინციის - ჩრდილოეთ კეიპის, დასავლეთ კეიპის და აღმოსავლეთ კეიპის პროვინციების საუკეთესო მორაგბეებს აერთიანებს და მიზნად ზე-15 თამაში დაისახა, მაგრამ წლეულს მას უარი ეთქვა და თამაშის დასახვეწად აფრიკელებმა ერთა თასზე გამოუშვეს. მომდევნო შეხვედრას “ბორჯღალოსნები” არგენტინის “იაგუარების”, ანუ ეროვნული გუნდის უახლოესი რეზერვის წინააღმდეგ ჩაატარებენ, დასკვნით მატჩში კი ნამიბიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.
2011 წლის IRB-ს ერთა თასი. ბუქარესტი (რუმინეთი). 10-19 ივნისი
10 ივნისი
რუმინეთი - ნამიბია
საქართველო - სამხრეთ აფრიკის კინგსი
არგენტინის იაგუარები - პორტუგალია
15 ივნისი
საქართველო - არგენტინის იაგუარები
რუმინეთი - სამხრეთ აფრიკის კინგსი
პორტუგალია - ნამიბია
19 ივნისი
პორტუგალია - სამხრეთ აფრიკის კინგსი
საქართველო - ნამიბია
რუმინეთი - არგენტინის იაგუარები
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია