საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გორგოძე, რომელმაც ბოლო სანაკრებო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა, საქმეს უბრუნდება. საფრანგეთის ტოპ-14-ის ეგიდით, გორგოძის “მონპელიე” მომდევნო მატჩს შაბათს, “კასტრთან” ჩაატარებს, ქართველი მორაგბე კი მომავალი შეხვედრის განაცხადში მოხვდა.
ცნობისთვის, 27 წლის ქართველმა მორაგბემ ფრანგული კლუბის რიგებში წლეულს ბოლოს 8 იანვარს ითამაშა, როდესაც “მონპელიე” “პერპინიანს” დაუზავდა (12:12), საფრანგეთში “გორგოძილად” წოდებული გორგოძე კი მინდორზე შეუცვლელად იყო.
სავარაუდოდ, “კასტრთან” გაჯიბრება მოუწევს გიორგი ჟღენტსაც, რომელიც გაფართოებულ სიაში ასევე ფიგურირებს, გიორგი ჩხაიძე და გოდერძი შველიძე კი განაცხადში არ არიან. კასტრელთა შემადგენლობაში კვლავ ვერ ვიხილავთ ტრავმირებულ აქვსენტი გიორგაძეს, ხოლო ანტონ ფეიქრიშვილი მინდორზე უნდა იყოს.
ქართველ მორაგბეებთან დაკავშირებული კიდევ ერთი სიახლე “ტულონის” წევრ დავით ქუბრიაშვილს ეხება. როგორც ირკვევა, დავით ხინჩაგიშვილის “ბრივთან” მოგებულ (22:16) მატჩში, ქუბრიაშვილმა არასპორტული საქციელი ჩაიდინა, რის გამოც, 2 მარტს სადისციპლინო კომიტეტში დაბარებული. იმედს გამოვთქვამთ, რომ ქართველი მორაგბე სერიოზულ სასჯელს გადაურჩება და “ერთა თასის” შეხვედრებში საქართველოს ნაკრების დახმარებასაც შესძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია