საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ერთა თასის მე-3 ტურის შეხვედრაში, რომელსაც 26 თებერვალს, ლისაბონში, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს.
“ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა ის 25 მორაგბე ჩამოთვალა, რომლებიც “ერთა თასის” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის მოემზადებიან. თითქმის წელიწადნახევრიანი შესვენების შემდეგ, გუნდს უბრუნდება 2008 და 2009 წლების საქართველოს საუკეთესო მორაგბე, “მონპელიესა” და ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გორგოძე, რომელსაც შერკინების მეორე და მესამე ხაზის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. 26 წლის გორგოძემ “ბორჯღალოსანთა” კვართი ბოლოს 2009 წლის ნოემბერში, არგენტინის “იაგუარებთან” მოგებულ შეხვედრაში მოირგო. მას შემდეგ “გორგოძილამ” სანაკრებო მატჩები დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. მიმდინარე წლის 8 იანვარს, “პერპინიანთან” მატჩში გორგოძემ ტრავმა მიიღო და მოედანს ახლაღა უბრუნდება. აღსანიშნავია, რომ მამუკას დიქსონის ხელმძღვანელობით ჯერ არ უთამაშია.
ნაკრებში არიან შერკინების პირველხაზელები - დავით ზირაქაშვილი და დავით ხინჩაგიშვილი, რომლებიც დიქსონმა უკრაინასთან მატჩის შემდეგ გაათავისუფლა და ესპანეთის წინააღმდეგ არ ათამაშა. საქართველოს ნაკრებში არიან აქვსენტი გიორგაძე და გოდერძი შველიძეც, რომელთაც წლეულს ნაკრების მაისური ჯერ არ მოურგიათ. დიქსონმა არც ესპანეთთან თავგამოჩენილი ახალგაზრდა მორაგბეები დაივიწყა და პორტუგალიასთან სათამაშოდ ისინიც მოემზადებიან.
საქართველოს ნაკრები 21 თებერვალს ლისაბონში შეიკრიბება და მომავალი შეხვედრისთვის ადგილზე მოემზადება. ლეგიონერები საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩების შემდეგ, პირდაპირ პორტუგალიაში ჩავლენ, სადაც მათ გუნდის დანარჩენი წევრები დახვდებიან. თბილისიდან მიემგზავრებიან ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი, დაცვის მწვრთნელი ჯონ მაგლტონი, ტექნიკური მრჩეველი მაიკლ ბრედლი, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ილია მაისურაძე, მენეჯერი ვასილ აბაშიძე და მორაგბეები: ირაკლი ჩხიკვაძე, ბესიკ ხამაშურიძე, ლექსო გუგავა, ირაკლი ნატრიაშვილი და ბიძინა სამხარაძე.
განვლილ ორ ტურში, პორტუგალიის ნაკრებმა საქართველოს მსგავსად ორჯერ გაიმარჯვა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ პორტუგალიელებმა უშუალო კონკურენტები - რუმინეთი (შინ 24:17) და რუსეთი (სტუმრად 21:19) დაამარცხეს და პრემიალური ქულები ვერ აიღეს, საქართველომ კი აუტსაიდერები - უკრაინა (62:3) და ესპანეთი (60:0) გაანადგურა, ჯამში 19 ლელო გაიტანა და ორივე შემთხვევაში პრემიალური ქულა მიითვალა. 26 თებერვალს, ლისაბონში გამარჯვებული გუნდი, ერთა თასის მიმდინარე გათამაშებაში ერთპიროვნულად გალიდერდება და იმედია, ეს გუნდი საქართველოს ნაკრები იქნება.
რიჩარდ დიქსონი: “ლისაბონში გამარჯვებისთვის, წინა თამაშებთან შედარებით თავი გაცილებით უკეთ უნდა წარმოვაჩინოთ. სამწვრთნელო შტაბის მთავარი მისია - გუნდის მებრძოლი და შემოქმედებითი (ფორვარდები და ბეკები) მხარეების დაბალანსება უკვე განხორციელების პროცესშია. რა მთავარია, ბიჭებს აქვს სწავლისა და განვითარების მზაობა”.
ილია მაისურაძე: “პორტუგალიას მებრძოლი გუნდი ჰყავს. მართალია, შერკინებაში სუსტები არიან, მაგრამ ხელით თამაშის კარგი ტექნიკა აქვთ და ლაღად ათამაშებენ ბურთს. მათ დაიმატეს საფრანგეთში ათ ნომრად მოთამაშე ავსტრალიელი ჯო გარდნერი. ჩვენს ნაკრებთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ კარგ დინამიკა გვაქვს და ნელ-ნელა ვანვითარებთ იმას, რაც ერთა თასის წინა მატჩებში ვაჩვენეთ. ვგულისხმობ შერკინებისა და უკანა ხაზის ერთობლივ, დაბალანსებულ თამაშს. ამას გარდა, ვცდილობთ, ვიყოთ უფრო ორგანიზებული, მეტად აგრესიული მიწაზე თამაშის დროს, შევინარჩუნოთ ბურთი და დავხვეწოთ დაცვა”.
საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით მოემზადება:
პირველხაზელები: დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), ანტონ ფეიქრიშვილი (“კასტრი”, საფრანგეთი), ირაკლი ნატრიაშვილი (“სტიაუა”, რუმინეთი), აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი);
შერკინების მეორე-მესამეხაზელები: ვახტანგ მაისურაძე (“სენ ნაზერი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), გია ლაბაძე (“მარსეი ვიტროლი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), სიმონ მაისურაძე (“ვილერბანი”, საფრანგეთი);
ნახევარმცველები (9-10): ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე (“სტიაუა”, რუმინეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი);
უკანა ხაზი: ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი), ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი), ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, ქუთაისი).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი (შოტლანდია)
ევროპის 2011-2012 წლების ერთა თასი. პირველი წრე
III ტური. 26 თებერვალი
პორტუგალია - საქართველო (ლისაბონი)
რუმინეთი - რუსეთი
ესპანეთი - უკრაინა
1. საქართველო | 2 | 2 | 0 | 0 | 122-3 | 10 |
2. პორტუგალია | 2 | 2 | 0 | 0 | 45-36 | 8 |
3. რუსეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 47-45 | 5 |
4. რუმინეთი | 1 | 0 | 0 | 1 | 17-24 | 1 |
5. ესპანეთი | 2 | 0 | 0 | 2 | 24-88 | 1 |
6. უკრაინა | 1 | 0 | 0 | 1 | 3-62 | 0 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია