საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის XIX ტურში, ქართველთა გუნდებმა - “კასტრმა” და “მონპელიემ” ერთურთში ულამაზესი შეხვედრა გამართეს, მაგრამ ამით მხოლოდ მასპინძლებმა და ტრიბუნაზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა იხეირეს, ქართველებისათვის კი, ის არაფრის მომტანი აღმოჩნდა.
ეს გუნდები რეგულარული პირველობის ექვსეულში მოსახვედრად იბრძვიან, რათა საჩემპიონო ფლეი ოფში გადაერთონ და ყველა ელოდა, რომ დაძაბული, დახურული შეხვედრა შედგებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. ტრიბუნაზე შეკრებილმა 10 ათასამდე მაყურებელმა ლაღი, გახსნილი რაგბი იხილა და 9 გატანილი ლელოთი ისიამოვნა. 62 გარღვევა და ჯამში 10 ლელო, რომელთაგან ერთი არ ჩაითვალა, 8 ჩათვლილი ლელო კი პირველ 50 წუთში - ასეთია ამ შეხვედრის მოკლე სტატისტიკური მონაცემი.
მასპინძელთა განაცხადში ვერ მოხვდა აქვსენტი გიორგაძე, ანტონ ფეიქრიშვილი კი მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდა, მაგრამ უკვე მე-8 წუთზე, “მონპელიეს” უკანახაზელთან შეჯახებისას დაშავდა და შესაცვლელი გახდა. ამბობენ, მუხლის მყესები გაუწყდაო და თუ მართლაც ასეა, მისი დაბრუნება კარგა ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდება.
სტუმართა შორის, განაცხადში არ იყვნენ შერკინების პირველხაზელი გოდერძი შველიძე და მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე. ძირითადში იყო და 61-ე წუთზე, შეცვალეს შერკინების პირველხაზელი გიორგი ჟღენტი. ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა 2011 წლის 8 იანვარს, “პერპინიანთან” მატჩში დაშავებული მამუკა გორგოძე. ის ჩვეულად აქტიური იყო, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის არქონა მასზე მაინც აისახა.
მაშინ, როდესაც გორგოძის “მონპელიე” 29:33-ს აგებდა, ქართველ უნივერსალს, რომელმაც ამჯერად მესამე ხაზში ითამაშა, სალელოვე შანსი მიეცა, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარი გუნდის დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა. მთლიანობაში, გორგოძე აქტიური იყო და გარღვევებით ჩვეულად გამოირჩეოდა, მაგრამ გაგრძელებებს არასწორად ირჩევდა. “გორგოძილამ” შეცდომის გამოსწორება მატჩის მიწურულს კიდევ ერთხელ სცადა. მისი გუნდი 29:43-ს აგებდა და მამუკამ სალელოვედ გაიწია, მაგრამ ვიდეორეფერიმ ხაზის გადაკვეთა არ დააფიქსირა და ლელო გააუქმა, არადა ლელოს ჩათვლის შემთხვევაში, თუ რეალიზაციაც ზუსტი იქნებოდა, “მონპელიე” პრემიალურ ქულას მიიღებდა, ახლა კი... ისე, სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ ასეთი თამაშის ფონზე, პრემიალურ ქულას ორივე გუნდი იმსახურებდა, მაგრამ დებულების თანახმად, პრემიალური ქულა მხოლოდ 7 და ნაკლები ქულით მარცხისათვის, ან მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის იწერება, ხოლო ამ კონკრეტულ შეხვედრაში “კასტრმა” 5, “მონპელიემ” კი 4 ლელო გაიტანა. ამრიგად, “მონპელიე” 52 ქულით, მე-4 ადგილამდე დაეშვა, “კასტრი” კი, 51 ქულით - მეხუთეა.
53 ქულით, მე-3 საფეხურზე აღზევდა დავით ზირაქაშვილის “კლერმონი”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ბაიონს” დაძაბულ ბრძოლაში 24:19 სძლია. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა შეხვედრაში, რომელშიც მისი გუნდი მე-15 წუთისთვის 0:10-ს აგებდა. მასპინძლებმა წონასწორობა 22-ე წუთზე აღადგინეს, მაგრამ 32-ე წუთისთვის, სტუმრებს 2 ჯარიმით ჩამორჩებოდნენ. ტაიმის ბოლომდე “კლერმონმა” ერთი ლელო გაიტანა და შესვენებაზე მინიმალური დეფიციტით გავიდა. დანარჩენი ქულები გუნდებმა დასკვნით 15 წუთში ჯარიმებით აგროვეს - მასპინძლებმა 3 გაიტანეს, სტუმრებმა კი - ერთი.
მეორე ქართულ დერბიში, რომელსაც თვალი 11 ათასამდე გულშემატკივარმა მიადევნა, ბექა შეყლაშვილის “აჟენმა” დავით ქუბრიაშვილის “ტულონი” 23:13 დაამარცხა და ამით, სახიფათო ზონას ოდნავ დაშორდა. ქართველი პირველხაზელები თამაშში თითქმის ერთდროულად ჩაერთვნენ - შეყლაშვილი მოედანზე 57-ე, ხოლო ქუბრიაშვილი 58-ე წუთზე შევიდა. შეგახსენებთ, ქუბრიაშვილი 2 მარტს, სადისციპლინო კომიტეტშია დაბარებული, ასეთი შემთხვევები კი, დისკვალიფიკაციის გარეშე იშვიათად მთავრდება და შესაძლოა, ხანგრძლივი შესვენების წინ, ეს მისი ბოლო შეხვედრა იყო.
პირველმა ტაიმმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა. ჯონ უილკინსონის ორ ჯარიმას, მათ ორ-ორი ლელოთი, რეალიზაციით და გარდასახვით უპასუხეს, მაგრამ ორ-ორ შედეგიან მოქმედებას ორი სინბინიც მიაყოლეს - 37-ე და 38-ე წუთებზე. ტაიმი 20:6 დასრულდა და “ტულონი” ვალდებული იყო, რომ ორკაცნაკლული მეტოქისთვის პრობლემები შეექმნა, მაგრამ 10 წუთი ისე გაილია, სტუმრებმა ვერაფრით იხეირეს. მათ საპასუხო ლელო-გარდასახვა 67-ე წუთზე გაიტანეს, მაგრამ 72-ეზე ჯარიმა გაუშვეს და პრემიალური ქულაც ვერ აიღეს. “ტულონს” 49 ქულა აქვს, მე-6 ადგილზეა და “ბაიონსა” და “ბიარიცს” დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს. “აჟენმა” 32 ქულა მოაგროვა, მე-11 საფეხურამდე აღზევდა და სახიფათო მე-13 ადგილზე მყოფ “ლა როშელს” 4 ქულით უსწრებს.
“სტად ფრანსესთან” მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივმა”. მასპინძლები მეტოქეს ჯანში ჯობდნენ, დაცვაში მაქსიმალური მობილიზებით თამაშობდნენ და მეტოქეს სივრცეებს უკეტავდნენ. ხინჩაგიშვილი მოედანზე პირველსავე წუთებიდან გავიდა და დაცვაში გაუვალი იყო, რიგ ეპიზოდებში კი, საკუთარი გუნდის შეტევებსაც დაუდო სათავე. ის 65-ე წუთზე კაკოვინმა შეცვალა. მასპინძლებმა გათვლა ჯარიმების გატანაზე გააკეთეს და სწორედ მოიქცნენ. 65-ე წუთამდე, მათ 7 დარტყმა გამოიყენეს და 21:5-ს იგებდნენ, ჯამში კი 26:5 მოიგეს და ახლა 31 ქულით, მე-12 ადგილს იკავებენ.
ტურის დანარჩენ შეხვედრებში, ლიდერმა “ტულუზამ” “ბიარიცს” 23:19 აჯობა, “რასინგ მეტრომ” “ლა როშელს” სტუმრად 32:24 მოუგო, ხოლო “პერპინიანმა” ასევე სტუმრად “ბურგონი” 32:15 დაამარცხა. სანაკრებო შეხვედრებით გამოწვეული ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, Top 14-ის XX ტურის მატჩები 4-5 მარტს გაიმართება. ქართველთა გუნდები ერთმანეთს ხვდებიან - “კლერმონი” “ტულონს” მასპინძლობს, “ბრივი” “კასტრს”, ხოლო “მონპელიე” “აჟენს” დაუხვდება.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 64, 2. რასინგ მეტრო - 57, 3. კლერმონი - 53, 4. მონპელიე - 52, 5. კასტრი - 51, 6. ტულონი - 49, 7. ბაიონი - 49, 8. ბიარიცი - 49, 9. პერპინიანი - 45, 10. სტად ფრანსე - 44, 11. აჟენი - 32, 12. ბრივი - 31, 13. ლა როშელი - 28, 14. ბურგონი - 5.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია