ამბები

19:23 | 21.02.2011 | ნანახია 3375 - ჯერ

რუსებმა დასახმარებლად უელსელს უხმეს

რუსეთის სარაგბო ნაკრების სამწვრთნელო შტაბში სიახლეა. ამიერიდან, გუნდის ფორვარდების დამრიგებლად უელსელი კინგსლი ჯონსი იმუშავებს, რომელიც აღნიშნულ პოსტზე თანამემამულე სტივ დაიმონდს ჩაანაცვლებს.
ცნობისთვის, ჯონსს უელსის ნაკრების ფლანკერის პოზიციაზე 10 მატჩი აქვს ჩატარებული, ინგლისის ლიგაში კი ”ვორჩესტერ უორიორსისა” და ”გლოსტერის” ღირსება დაუცავს. მოგვიანებით, კინგსლი ”სეილ შარქსის” ფორვარდი, მთავარი მწვრთნელი და დირექტორი გახლდათ. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ხსენებულმა დაიმონდმა რუსი ”დათვები” სწორედ მას შემდეგ მიატოვა, რაც ”სეილ შარქსთან” კონტრაქტი გაინაღდა.
წესით, ჯონსი რუსეთის ეროვნულ გუნდს ანტალიაში უნდა შეუერთდეს, სადაც გუნდი კვირიდან მოყოლებული იმყოფება და ”ერთა თასზე” რუმინეთთან შესარკინებლად ემზადება, მანამდე კი კომენტარი BBC-სთან გააკეთა.
”რუსებს სპეციალისტი სჭირდებოდათ, რომელიც მუშაობას სასწრაფოდ შეუდგებოდა. სამწუხაროდ, მათ ”ერთა თასზე” პორტუგალიასთან წააგეს, უკვე მომავალ კვირას კი რუმინეთში თამაში ელით. გუნდს შევუერთდები და ვეცდები, რუსებს დავეხმარო. რუმინელებთან მატჩი დიდი გამოწვევაა, რადგანაც შემდეგ შემდეგ საქართველო გველოდება. მარტის ბოლოს მათ სარაგბო ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ შევხვდები და სამომავლო თანამშრომლობაზე ვისაუბრებთ. ჯერჯერობით, თახნმობა იმაზე, რომ მსოფლიოს თასის დროსაც რუსეთის ნაკრთებთან ერთად ვიქნები, არ მითქვამს”.
ნიკოლაი ნერუშის მიერ გაწვრთნილი ”დათვები” გეზს თურქეთიდან ბუქარესტისკენ  24 თებერვალს აიღებენ, შეხვედრა კი 26-ში, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. უკვე ტრადიციულად, მომავალი ჯახისთვის, რუსეთის ნაკრებში ორი ქართველი მორაგბეცაა. კარლო მაღლაკელიძე პენზის ”იმპერიას” წარმოადგენს, ხოლო ვალერი ცნობილაძე – ”ნოვოკუზნეცკს”. ამ დროისთვის, რუსებს თითო მოგება-წაგება (ესპანეთთან და პორტუგალიასთან) გააჩნიათ, რუმინელებს კი პორტუგალიაში განცდილი მარცხის შემდეგ, უკრაინელებთან უამინდობის გამო არ უთამაშიათ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084431