2011 წლის სარაგბო მსოფლიოს თასის აღმასრულებელი დირექტორის, მარტინ სნედენის განცხადებით, ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში დაფიქსირდა, ამ ქვეყანაში ტურნირის ჩატარებაზე არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს.
“ჯერჯერობით, იმაზე საუბარი, მიწისძვრა მსოფლიოს თასზე როგორ აისახება, ნაადრევია, რადგანაც მთავარი დაზარალებულთა დახმარებაა. ჩვენ სტადიონისა და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობების დაზიანების ხარისხს მოგვიანებით შევამოწმებთ.
იმედი გვაქვს, რომ სურათი უახლოეს დღეებში უფრო ნათელი გახდება. გადაწყვეტილებებსაც მაშინ მივიღებთ. გაჩნდა ვერსიები, რომ ტრაგედიამ ტურნირის ჩატარება ეჭვქვეშ დააყენა და შესაძლოა, მსოფლიოს თასი ახალი ზელანდიიდან ავსტრალიაში იქნას გადატანილი, თუმცა, ეს ვერსია არც კი განიხილება. ტურნირის ყველა შეხვედრას ზელანდია უმასპინძლებს” - განაცხადა სნედენმა.
ცნობისთვის, მიწისძვრისგან დაზარალებულ - დაღუპულთა რაოდენობა 76 აღწევს, 300 კი დაკარგულად ითვლება.
ქრაისთჩერჩში მსოფლიოს თასის 7 მატჩია დაგეგმილი. ერთ-ერთ მათგანში, რომელიც 45-ათასიან “სთედიუმ ქრაისთჩერჩზე” 18 სექტემბერს შედგება, საქართველოს ეროვნული ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია