ამბები

14:34 | 26.02.2011 | ნანახია 6743 - ჯერ

ლისაბონში - ლიდერობის გასამყარებლად

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 2011-2012 წლების ერთა თასზე თავის მესამე შეხვედრას დღეს, ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში, ტიტულის დასაკუთრების მთავარ პრეტენდენტად იქცევა.
ამ მომენტისთვის, “ბორჯღალოსნებს” ერთა თასს სწორედ პორტუგალია ეცილება, რომელმაც განვლილ ორ ტურში, კონკურენტები - რუმინეთი და რუსეთი მოინელა და ამბიციები მიეძალა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ პორტუგალიელები წელს ტიტულის ერთ-ერთი მთავარი მაძიებლები იქნებოდნენ და ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. საქართველო, რუსეთი და რუმინეთი, სექტემბერ-ოქტომბერში ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის ემზადებიან და წელს, ერთა თასს უფრო მოსამზადებლად, ახალი მორაგბეების გამოსაცდელად და ტაქტიკური მონახაზების დასამუშავებლად იყენებენ, ეს კი, “ლობუშისთვის” ტიტულის დაუფლების შანსია.
თავის მხრივ, საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ძლევით თასისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს, რადგანაც განვლილ ორ შეხვედრაში, აუტსაიდერები - უკრაინა და ესპანეთი დიდი სხვაობებით დაამარცხა, ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა და ახლა დანარჩენ კონკურენტებთან მცირე სხვაობებით გამარჯვებებიც საკმარისი იქნება.
ერთა თასის წლევანდელი ფორმატი, ისევე, როგორც ქულათა დარიცხვის სისტემა, წინამორბედებისგან განსხვავებულია. წელს მოგებაზე გუნდი ოთხ ქულას იღებს, ფრეზე ორს, ხოლო 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის, ან 4 და მეტი ლელოს გატანისთვის თითო-თითო პრემიალურ ქულას. რაც შეეხება ფორმატს, თუ FIRA-მ კიდევ რამე არ შეცვალა, გათამაშება ორ წრედ ჩატარდება, ოღონდ გამარჯვებული ყოველ წელიწადს გამოვლინდება - ანუ 2011 წლის მარტში, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მყოფი გუნდი ერთა თასის გამარჯვებულად გამოცხადდება, ხოლო 2012 წელს გამარჯვებული ის ნაკრები იქნება, რომელსაც ორი წლის შედეგების მიხედვით საუკეთესო მაჩვენებელი ექნება. ორი წლის შედეგების მიხედვით გაირკვევა იმ გუნდის ვინაობაც, რომელიც საგაისოდ ერთა თასის A დივიზიონს დაემშვიდობება.
საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს 14-ჯერ შეხვედრიან. 8 მატჩი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა, ოთხჯერ “ლობუშმა” იმარჯვა, ხოლო ორი დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 1997 წელს, ლისაბონში შედგა და მასპინძლებმა 21:17 იმარჯვეს. 2000 წელს, “ბოჯღალოსნებმა” ლისაბონშივე რევანში აიღეს, როდესაც ოთხი უპასუხო ლელო გაიტანეს, მაგრამ სულ 2 ქულის სხვაობით მოიგეს - 32:30. მომდევნო წელს, თბილისში, “ბორჯღალოსნებმა” უკვე 6 უპასუხო ლელო გაიტანეს და 36:12 იმარჯვეს. 2002 წელი კვლავ საქართველოსი იყო - ლისაბონში 27:23 (ლელოებით 4:3). მომდევნო წელს “ბორჯღალოსნებმა” ლელოებით კვლავ 4:3 იმარჯვეს, მაგრამ ჯამში 30:34 დამარცხდნენ.
2004 წელს, მსოფლიო თასმოვლილი საქართველო, პორტუგალიასთან ვაკეში, “მიხეილ მესხზე” 14:19 დამარცხდა. “ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს ლელოებით მაშინაც აჯობეს - 2:1. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, “ბორჯღალოსნებს” საქართველოში ტესტ-მატჩი აღარ წაუგიათ (“ბარბაროსებთან” მარცხიანი მატჩი ტესტად არ განიხილება). მომდევნო წელს, პორტუგალიამ უკვე ლისაბონშიც მოიგო (18:14, 2:1 ლელოებით). ასეთი “თავხედობა” “ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს არ აპატიეს და 2006 წელს, ისინი თბილისში აქამდე ყველაზე დიდი სხვაობით - 40:0 გაანადგურეს. ქართველებმა მეტოქეს 5 ლელო გაუტანეს. ეს ერთა თასის შეხვედრა იყო და ამავე წელს, საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, კიდევ ორჯერ შეხვდა პორტუგალიელებს. თბილისში “ბორჯღალოსნებმა” 17:3 მოიგეს, ლისაბონში ფრე 11:11 ითამაშეს და საფრანგეთის საგზური მიიღეს. 2008 წელს, თბილისში, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 31:3 გაანადგურა (5:0 ლელოებით) და იმავე წელს, ლისაბონში 11:6 მოიგო. 2009 წელს “ლობუში” გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ სულ ბოლოს “ბორჯღალოსნებმა” ლელო გაიტანეს, მერაბ კვირიკაშვილმა რთული რეალიზაცია გამოიყენა და საქართველოში წაუგებელი მატჩების სერია გააგრძელა - 20:20. გასულ წელს ლისაბონში დაძაბული ბრძოლა გაიმართა და ის კვლავ ქართველთა გამარჯვებით დასრულდა - 16:10.
ამ სტატისტიკიდანაც ცხადად ჩანს, რომ საქართველო პორტუგალიას ლელოებით უმეტეს შემთხვევაში ჯობდა, მაგრამ “ლობუში” ჯარიმებით ხეირობდა და ქართველებს საგრძნობი უპირატესობის მიღწევის საშუალებას არ აძლევდა. პორტუგალიელთა ჯარიმები ახლაც სახიფათო იქნება, რადგან რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებების ძლევა, მეტოქეთა შეცდომების გარდა, მათმა 10-მა ნომერმა ჯოზეფ გარდნერმა განაპირობა. ის ნატურალიზირებული ავსტრალიელია და ჯარიმებს თითქმის უშეცდომოდ ურტყამს. ამიტომ “ბორჯღალოსნებს” მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ, რათა იტალიელ რეფერის მათი დაჯარიმების მიზეზი არ მიეცეს და ამით გარდნერმა და მისმა პორტუგალიამ არ იხეიროს.
საქართველოს ნაკრები ლისაბონში 21 თებერვალს შეიკრიბა. პირვანდელი ინფორმაციით, ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მამუკა გორგოძე, მაგრამ მან ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ის გიორგი ჩხაიძემ ჩაანაცვლა, სათადარიგოთა შორის კი, ვასილ კაკოვინი გამწესდა.
პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებთა დღევანდელი შეხვედრა, ლისაბონში, “სტადიო უნივერსიტარიო”-ზე თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლი გეგმავს.

ევროპის 2011-2012 წლების ერთა თასი. პირველი წრე
III ტური. 26 თებერვალი.

ლისაბონი. “სტადიო უნივერსიტარიო”. 19:00 საათი (თბილისის დრო)
პორტუგალია - საქართველო

პორტუგალია: 15. ენტონიუ ეგილარი, 14. გონსელუ ფორუ, 13. ფრედერიკუ ოლივეირა, 12. პედრუ სილვა, 11. ჟოზე ლიმა, 10. ჯოზეფ გარდნერი, 9. პედრუ ლეალი; 8. ტიეგუ ჟირეუ, 7. ჟიულიან ბარდი, 6. ვეშკუ უვე, 5. გონსელუ უვა, 4. ჟუან სევერიანუ, 3, კრიშტიან სპეშუკი, 2. ჟოაუ კორეია (კაპ.), 1. ჟუან მურე.
სათადარიგოები: 16. ლიონელ კონპერნი, 17. ენთონი ელვეში, 18. რუი დორეი, 19. ჟაკ ლერუ, 20. ჟოზე პინტუ, 21. პედრუ კებრალი, 22. ფრენსიშკუ მირა.
მწვრთნელი: ეროლ ბრეინი (ახალი ზელანდია)
საქართველო: 15. ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), 14. ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), 12. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), 11. ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი), 10. ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), 9. ირაკლი აბუსერიძე (კაპ.) (“ოსერი”, საფრანგეთი), 8. გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 7. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), 6. სიმონ მაისურაძე (“ვილერბანი”, საფრანგეთი), 5. ვახტანგ მაისურაძე (“სენ ნაზარი”, საფრანგეთი), 4. ლევან დათუნაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), 2. აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), 1. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი).
სათადარიგოები: 16. იური ნატრიაშვილი (“სტიაუა”, რუმინეთი), 17. გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 18. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), 19. ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), 20. ბიძინა სამხარაძე (“სტიაუა”, რუმინეთი), 21. ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), 22. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი).
მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ დიქსონი (შოტლანდია)
რეფერი: კლაუდიო პასაკანტანდო (იტალია)

რუმინეთი - რუსეთი
ესპანეთი - უკრაინა

 

1 საქართველო  2 2 0 0 122-3 10
2 პორტუგალია  2 2 0 0 45-36 8
3 რუსეთი   2 1 0 1 47-45 5
4 რუმინეთი   1 0 0 1 17-24 1
5 ესპანეთი 2 0 0 2 24-88 1
6 უკრაინა  1 0 0 1 3-62 0





ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.103145