ამბები

15:28 | 27.02.2011 | ნანახია 5794 - ჯერ

რუმინეთი თბილისში იმედით მოდის

ევროპის ერთა თასზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მომავალმა მეტოქემ რუმინეთის ნაკრებმა, ბუქარესტში, რუსეთს უმასპინძლა და 33:3 გაანადგურა. პარალელურად, ჯგუფის აუტსაიდერები - ესპანეთი და უკრაინა - ურთიერთობას მადრიდში არკვევდნენ და იქ მასპინძლებმა ზედმეტი ნერვების წყვეტის გარეშე, დამაჯერებლად იმარჯვეს.
ბუქარესტში მატჩის ჩატარება, ერთხანს, კითხვის ქვეშ იდგა. რუმინეთში, თოვლის სახით, უხვი ნალექი მოვიდა და მან “ტრიუმფალური არკის” მინდორიც დაფარა, მაგრამ რუმინელებმა იყოჩაღეს, მოედანი გაწმინდეს და ტრიბუნაზე შეკრებილმა 1200-მა მაყურებელმაც საყვარელი გუნდის გამარჯვება იხილა. დაძაბული მხოლოდ პირველი ტაიმი გამოდგა, მე-2 ნახევარში კი, უფრო სწორად, 10 წუთის ინტერვალში, მასპინძლებმა სტუმრებს 3 ლელო გაუტანეს და გამარჯვებულის ბედიც იქვე გადაწყვიტეს.
“მუხის ფოთლებმა” ინიციატივა პირველსავე წუთებიდან იგდეს ხელთ, ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, სტუმრები ორთაბრძოლებში დაჩაგრეს და ბინა მეტოქის 22-ში დაიდეს, მაგრამ ჩათვლის მოედნის ხაზის გადაკვეთას ვერა და ვერ ახერხებდნენ. შედეგად, ვლაიკუმ ჯარიმების კარში დარტყმა გადაწყვიტა, შესვენებამდე სამჯერ იხეირა, ერთი ჯარიმა რუსებმაც გამოიყენეს და შესვენებაზე გასვლისას, მასპინძლები 9:3-ს იგებდნენ. მე-2 ნახევრის დასაწყისში რუსებმა სიტუაციის გამოსწორება სცადეს, მაგრამ მასპინძლებმა ინიციატივა მალევე დაიბრუნეს და ვლაიკუმ თავისი მე-4 ჯარიმა გაიტანა.
ამასობაში, 57-ე წუთიც მოვიდა და რუმინეთმა პირველი ლელო დადო. რუმინელებმა საკუთარი დერეფანი მოიგეს, მოლი დააწყეს, დაახლოებით 15 მეტრი წაიწიეს და რუსების ჩათვლის მოედანში შეაღწიეს, რასაც ზედ ზუსტი რეალიზაცია დაურთეს. ორ წუთში მე-2 ლელო გავიდა. სირბუმ რაქიდან გამოტანილი ბურთი ფეხით გადაიკიდა, მას სტუმართა მორაგბეებმა დაასწრეს და რაქი ჩამოყალიბდა. თავისუფალი ბურთი “დათვების” ჩათვლის მოედანში უმეთვალყურეოდ დარჩა, ის კვლავ სირბუმ შენიშნა და ლელო მიითვალა, რეალიზაცია კი ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა. 67-ე წუთზე სტუმრებმა გადაცემისას შეცდომა დაუშვეს, კატალინ ფერკუმ ფეხით ორჯერ ითამაშა, საკუთარი ნახევრიდან თითქმის ჩათვლის მოედნამდე ირბინა, ბურთი აიტაცა და კარპოს მიაწოდა, მან კი ძელებსშუა გაიტანა და ზუსტი რეალიზაციის შემდეგ, ანგარიში 33:3 გახდა.
ამის შემდეგ, რუმინელებმა პრემიის მომტანი მე-4 ლელოსთვის გაიწიეს და ამის არაერთი შანსიც მიეცათ, მაგრამ შეცდომებისა და მეტოქის თავგანწირული დაცვის გამო, მიზანი მიუღწეველი დარჩათ. ამრიგად, “მუხის ფოთლებმა” “დათვების” ბოლო წლების კომპლექსი მოიხსნეს და როგორც იქნა, რუსეთის დამარცხება მოახერხეს.
ესპანეთმა და უკრაინამ იმ გუნდის ვინაობა უნდა გაარკვიონ, რომელიც 2012 წელს ევროპის ერთა თასის ჩვენ ჯგუფს დატოვებს და ამ მხრივ, მათ ურთიერთშეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ესპანეთი მეტოქეზე ბევრად გამოცდილი გუნდია და ტრიბუნაზე შეკრებილი 8500 მაყურებელიც გაახარა. ესპანელები ნელ-ნელა დაუფლნენ უპირატესობას, მაგრამ ამის ქულებში ასახვის საშუალებას, მათ უზუსტობა არ აძლევდა. ყველაფერი დროის ამბავი იყო. ტაიმის შუაწელს ესპანელებმა პირველი ლელო გაიტანეს. ამას უკრაინამ ჯარიმით უპასუხა, მაგრამ ტაიმის ბოლოს მე-2 ლელო გაუშვა და შესვენებაზე გასვლისას მასპინძლები 14:3-ს იგებდნენ.
მე-2 ტაიმი დაიწყო თუ არა, “ლომებმა” მე-3 ლელო მიითვალეს, ხოლო 49-ე წუთზე პრემიის მომტანი მე-4 ლელოც გაიტანეს და 28:3 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ, უკრაინასაც მიეცა თავის გამოჩენის შანსი და 65-ე და 72-ე წუთებზე, 2 საპასუხო ლელო დადო, მაგრამ რეალიზაციები არაზუსტი აღმოჩნდა. მასპინძლებმა ძალები მოიკრიბეს, შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე თავისი მე-5 ლელო დადეს და 35:13 იმარჯვეს.

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083864