იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ რომში უელსის ნაკრები დაემარცხებინა და სატურნირო ცხრილის ფსკერისათვის თავი დაეღწია, მაგრამ მე-2 ნახევარში მოპოვებული უდიდესი სათამაშო უპირატესობა ვერ გამოიყენა, მირკო ბერგამასკომ და ლუჩიანო ორკუერამ ჯარიმებით და რეალიზაციებით 10 ასაღები ქულა გაანიავეს და ეს ყველაფერი, “სკუადრა აძურას” მორიგ მარცხად დაუჯდა.
სტუმრები სტეფან ჯონსის ადრეული ჯარიმით კი დაწინაურდნენ, მაგრამ უკვე მე-5 წუთზე, გონსალო კანალესგან ლელო მიიღეს, რეალიზაცია კი არაზუსტი აღმოჩნდა. მასპინძლები 5:3-ს იგებდნენ, მაგრამ დაცვაში სუსტი თამაშის გამო, ისინი მალევე კვლავ მდევრის როლში აღმოჩნდნენ. უელსელთა გარღვევა ლელოთი მე-9 წუთზე სტოდარტმა დააგვირგვინა, მაგრამ გარდასახვა სტუმრებსაც გაუფუჭდათ და ორ წუთში ბერგამასკომ ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, თუმცა, იტალიელები უყურადღებობისთვის უკვე მე-13 წუთზე მე-2 ლელოთი დაისაჯნენ. ამჯერად, მათი დაცვა ლი ბერნიმ გაარღვია, ლელო კი უორბერტონმა მიითვალა და ჯონსმაც რეალიზაცია გამოიყენა.
იტალიელებმა საპასუხოდ შეუტიეს და იფიქრეს, მე-2 ლელო გავიტანეთო, როდესაც ალესანდრო ძანი რაქს აკრობატულად გადაევლო, მაგრამ ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ ბურთის დამიწებაში მას ხელი სტოდარტმა შეუშალა. ამ შეტევით 3 ქულა მაინც აიღეს, რადგანაც ბერგამასკომ კარის გასწვრივიდან ჯარიმა გაიტანა და სხვაობა ოთხ ქულამდე დაიყვანა. მაგრამ შესვენებამდე ჯონსმა მასპინძლებს 2 ჯარიმა გაუტანა და საკუთარი გუნდი შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გაიყვანა, რაც ასეთი თამაშის ფონზე დიდი ფუფუნება იყო.
მე-2 ნახევარი იტალიელთა აქტიურობით დაიწყო, მაგრამ ბერგამასკოს ჯარიმა გაუფუჭდა. მათი თავგამოდებული შეტევები 50-ე წუთზე ლელოთი მაინც დაგვირგვინდა. ალამთან ლელო პარისემ გაიტანა და ეს ვიდეორეფერიმ დააფიქსირა, თუმცა, ბერგამასკოს რეალიზაცია ისევ არაზუსტი გამოდგა. იტალია უპირატესობას ფლობდა, განსაკუთრებით შერკინებაში და ჯარიმის შესრულების უფლებაც მოიპოვა, მაგრამ ამჯერად დარტყმა შეცვლაზე შესულ ორკუერას გაუცუდდა და მასპინძელთა უპირატესობა ქულებში ვერ აისახა. სამაგიეროდ, სიზუსტემ ჰუკს არ უმტყუნა, შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, იტალიელებს მომაკვდინებელი არეკნი გაუტანა და უელსმა 24:16 იმარჯვა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია