ინგლისის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, “თვიქნემში”, ექვსი ერის მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი 17:9 დაამარცხა და 2003 წლის ჩემპიონობის შემდეგ პირველად, ტიტულის დაბრუნების კარგი შანსი გაუჩნდა. 13 მარტს, ინგლისელებს საკუთარ მოედანზე შოტლანდიის დამარცხება მართებთ და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ დუბლინში ჩასატარებელმა დასკვნითმა მატჩმა აღარაფერი გადაწყვიტოს.
“მამლებთან” მოგებული შეხვედრა ღირსშესანიშნავი აღმოჩნდა ინგლისელი ჯონ უილკინსონისთვის. ის რამდენიმე წამის შესული იყო მოედანზე, როდესაც ჯარიმა ზუსტად შეასრულა და სანაკრებო დონეზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება ახალზელანდიელ დენ კარტერს ჩამოართვა. ინგლისის ეროვნულ გუნდსა და “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების” შემადგენლობაში თამაშისას, ახლა უილკინსონის ანგარიშზე 1187 ქულაა და ამით ზელანდიელის მაჩვენებელი ერთი ქულით გააუმჯობესა.
მთელმა თამაშმა მაღალ ტემპში, შეცდომების ფონზე ჩაიარა. სათამაშო დროის უმეტესი ნაწილი, საფრანგეთი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და ბურთსაც მეტხანს აკონტროლებდა, მაგრამ აღნიშნული შეცდომების გამო, მისი გამოყენება ვერ მოახერხა. ინგლისი ტობი ფლუდის ადრეული ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ ქართული წარმოშობის ფრანგმა დიმიტრი იაშვილმა ჯარიმითვე მალე უპასუხა. მერე ფლუდმა კიდევ 2 ჯარიმა გამოიყენა, მაგრამ 3 წუთის ინტერვალით, იაშვილმაც 2 ზუსტი ჯარიმა შეასრულა და 22-ე წუთზე ანგარიში 9:9 გახდა. შესვენების წინ, ფრანგებს დაწინაურების შანსი მიეცათ, მაგრამ იაშვილს დარტყმა გაუფუჭდა და ტაიმი ფრედ დასრულდა.
ეს კიდევ არაფერი, რადგან იაშვილმა მე-2 ტაიმი უარესად ჩაატარა. განახლდა თუ არა შეხვედრა, ინგლისმა მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში შერკინება მოიგო, ბურთი ჯერ მარჯვნივ ჩაათამაშა, მერე კვლავ მარცხნივ დააბრუნა და ალამთან ბენჟამინ ფოდენმა ორ მცველთან ჭიდილში შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა. რეალიზაცია არაზუსტი გამოდგა. მალე ინგლისმა მე-2 ლელოც გაიტანა, როდესაც ფრანგების დაცვის ხაზი ბენ იანგმა გაჭრა და კრის ეშტონს დროულად უპასა, ის კი ძელებსშუა თავის ჩვეულ სტილში შეფრინდა, მაგრამ მსაჯმა წინპასი დააფიქსირა და ლელო გააუქმა. უილკინსონმა თავისი სარეკორდო ჯარიმა 53-ე წუთზე შეასრულა და 17:9 გახადა. 6 წლის წინ, იაშვილის ზუსტმა დარტყმებმა ინგლისს სწორედ ასეთი უპირატესობა დააკარგვინა, მაგრამ ახლა დიმიტრის ჯარიმა გაუცუდდა და ფრანგებმა 8-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს, რის შემდეგაც ინგლისს ექვსი ერის მოგების საუკეთესო შანსი მიეცა.
ექვსი ერის მე-3 ტურის დასკვნით შეხვედრაში, დღეს, შოტლანდია ირლანდიას უმასპინძლებს და პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
III ტური
იტალია - უელსი 16:24
ინგლისი - საფრანგეთი 17:9
1 | ინგლისი | 3 | 3 | 0 | 0 | 102-41 | 6 |
2 | უელსი | 3 | 2 | 0 | 1 | 67-48 | 4 |
3 | საფრანგეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 68-60 | 4 |
4 | ირლანდია | 2 | 1 | 0 | 1 | 35-36 | 2 |
5 | შოტლანდია | 2 | 0 | 0 | 2 | 27-58 | 0 |
6 | იტალია | 3 | 0 | 0 | 3 | 40-69 | 0 |
დღეს: შოტლანდია - ირლანდია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია