ამბები

13:45 | 5.03.2011 | ნანახია 2644 - ჯერ

“კლერმონმა” “ტულონს” ჭკუით აჯობა

საფრანგეთის ჩემპიონმა “კლერმონმა”, ერთ-ერთ პრეტენდენტ “ტულონს” სწორი ტაქტიკით აჯობა და მეტოქის 19:12 დამარცხებით, სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზე აღზევდა. იცოდნენ რა, რომ ტულონელები დისციპლინაში მოიკოჭლებდნენ, მათ აქცენტი ნაღდი ოთხი ქულის აღებაზე გააკეთეს, გასატანი ჯარიმები კარში ურტყეს და მიუხედავ იმისა, რომ ერთის წილ ორი ლელო მიიღეს, საბოლოოდ მაინც გამარჯვება იზეიმეს.
“მარსელ მიხელენი” TOP 14-ის XX ტურის ცენტრალურ შეხვედრას გადაჭედილი შეხვდა და ტრიბუნაზე შეკრებილმა 16 607-მა მაყურებელმა ლამაზი ბრძოლა იხილა. იყო ეპიზოდები, როდესაც თამაში მართლაც ბრძოლას ემსგავსებოდა, მორაგბეები არაფერს თმობდნენ და რამდენჯერმე ჯგუფური ჩხუბიც ატყდა, რის შედეგადაც მსაჯმა ორი მასპინძელთა და ერთი სტუმართა მორაგბე გაასინბინა, თუმცა, იყო ეპიზოდები, როდესაც მას ჯიბიდან წითელი ბარათის ამოღებაც შეეძლო.
“ტულონი” სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ბურთს მეტოქეზე მეტხანს აკონტროლებდა და თამაშიც ძირითადად მასპინძელთა ნახევარზე მიმდინარეობდა, მაგრამ “კლერმონის” ორგანიზებულმა დაცვამ და სტუმართა შეცდომებმა, ქვეყნის ჩემპიონს საკუთარ მოედანზე წაუგებელი მატჩების გახანგრძლივების საშუალება მისცა. მიმდინარე სეზონში “კლერმონი” “მარსელ მიხელენზე” შეუდარებლად თამაშობს და მოედანს მუდამ გამარჯვებული ტოვებს, რაც მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი გარანტია. “ტულონს” ინგლისელი ნახევარმცველი, ჯონ უილკინსონი აკლდა, რომელიც ჯარიმების უზადო შემსრულებელია, არგენტინელმა ფელიპე კონტეპომმა კი, პირველ ტაიმში სამი ჯარიმა გააფუჭა და ბოლო წუთზე გატანილმა ლელო-გარდასახვამ მისი გუნდი მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დააჯერა.
შეხვედრა უმაღლეს ტემპში დაიწყო და ის მთელი 80 წუთი არ შენელებულა. ორივე გუნდის მორაგბეებმა უმაღლესი გამძლეობა გამოავლინეს. ისინი არც საკუთარ თავს ზოგავდნენ და არც მოწინააღმდეგეს. ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და თითქმის საათი ითამაშეს ქართველმა პირველხაზელებმა - დავით ზირაქაშვილმა და დავით ქუბრიაშვილმა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ “კლერმონისა” და საქართველოს ნაკრების ლიდერი, მართლაც მსოფლიო დონის მორაგბეა - საქართველოს 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენი, არა მხოლოდ საკუთარი გუნდის წარმატებაზე, არამედ მეტოქე გუნდის თანამემამულე ქუბრიაშვილზეც ზრუნავდა. ჩხუბის ეპიზოდებში, ის ძირითადად ქუბრიაშვილის დაწყნარებით იყო დაკავებული და ეს კარგადაც გამოსდიოდა. ამით ზირაქაშვილმა თანაგუნდელები ქართული მუშტისგან არაერთხელ იხსნა და ქუბრიაშვილიც სავარაუდო სასჯელს გადაარჩინა. შეგახსენებთ, რომ “ტულონის” პირველხაზელი, 2 მარტს, სადისციპლინო კომისიას ყავდა დაბარებული და გაფრთხილება მისცა, ხელახალი უდისციპლინობა კი, მას შესაძლოა ხანგრძლივ დისკვალიფიკაციად დაუჯდეს.
შეხვედრა “კლერმონის” გააფთრებული შეტევებით დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე, სტუმრები ზირაქაშვილის ყელში ბოჭვისთვის დაჯარიმდნენ, რომელიც ხაზის გარღვევას ცდილობდა. მორგან პარამ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. მალე მას არეკნი გაუცუდდა, თუმცა, მე-9 წუთზე, მისი დარტყმული ზუსტი აღმოჩნდა. ზირაქაშვილმა ხაზის გასაჭრელად გაიწია, საკუთარი ჩათვლის მოედნიდან 7-8 მეტრში, ის კვლავ ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს, მსაჯმა მასპინძლებს უპირატესობა მისცა, პარამ ეს შენიშნა და კარის გასწვრივ დაახლოებით 10 მეტრიდან არეკნი დაჰკრა, რომელიც ზუსტი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ინიციატივა სტუმართა მხარეს გადავიდა და მე-12 წუთზე, “კლერმონი” შერკინებაში დაჯარიმდა. კონტეპომმა კარიდან მარცხნივ, დაახლოებით 30 მეტრიდან დაარტყა, ბურთი შორეულმა ძელმა აისხლიტა და თამაშში დაბრუნდა. სტუმართა შეტევები მალე ლელოთი დაგვირგვინდა. მე-15 წუთზე, მათ ხაზი გაჭრეს, ზირაქაშვილმა მეტოქე ვერ შეაკავა, მაგრამ ჩათვლის ხაზიდან 2 მეტრში მათი მიძალების შეჩერება მოხერხდა და “კლერმონმა” ბურთი აუტში გაიტანა. “ტულონმა” ის სწრაფად დააბრუნა თამაშში, მასპინძლებმა დაცვის ხაზის გადაწყობა ვერ მოასწრეს და ლელო მაინც გავიდა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო - 6:5. “კლერმონმა” სტუმართა მიძალების ჩასაცხრობად მე-18 და 23-ე წუთებზე ჯარიმები კარში დაარტყა, პარას მიზანმა არ უმტყუნა და ანგარიში 12:5 გახდა. მიუხედავად ორივე გუნდის მცდელობისა, შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.
მე-2 ნახევრის საწყისმა 10-მა წუთმა “ტულონის” სრული უპირატესობით ჩაიარა და უმეტესი დრო მეტოქის 22-ში გაატარა, მაგრამ ვერ ისარგებლა. შემდეგ სტუმრებმა ცენტრალური ხაზის სიახლოვეს დაკარგეს ბურთი, “კლერმონმა” ის მარჯვენა ფლანგიდან მარცხნივ სწრაფად გადაიტანა, რუგერის ფეხით შეცურებულს ბონაირე მიყვა და 51-ე წუთზე ლელო გაიტანა, რასაც პარას ზუსტი რეალიზაცია მოყვა და 51-ე წუთზე ანგარიში 19:5. სამწუხაროდ, 58-ე წუთზე, ზირაქაშვილმა ფეხი იტკინა, მწვრთნელმა აღარ გარისკა და ის სასწრაფოდ შეცვალა, ერთ წუთში კი, სტუმართა თავკაცმა მოედნიდან ქუბრიაშვილი გაიყვანა. როგორც ჩანს, მწვრთნელმა იფიქრა, ზირაქაშვილი მოედანზე აღარაა, ამას ვინღა შეაჩერებსო და საჩხუბრად მომართული ქართველი სიტუაციას გაარიდა. რაც შეეხება ზირაქაშვილს, რომელმაც მოედანი კოჭლობით დატოვა, იმედია მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება და 12 მარტს, თბილისში, რუმინელებსაც ჩვეულად შეუტევს. ორ წუთში მასპინძლები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ, მაგრამ სტუმართა იერიშებს 78-ე წუთამდე გაუძლეს. მერე “ტულონმა” ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა და ტულონელებმა ერთი პრემიალური ქულა მიიღეს, რაც შესაძლოა საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის TOP 14-ის რეგულარული გათამაშების შემდეგ, ჩემპიონობისთვის ბრძოლას საუკეთესო 6 გუნდი განაგრძობს. პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები პირველი ეტაპისგან ისვენებენ. რეგულარული პირველობის მესამეადგილოსანი ერთმატჩიან დუელში მეექვსეადგილოსანს მასპინძლობს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს დაუხვდება. ამ წყვილებს შორის გამარჯვებული ორი გუნდი, ნახევარფინალში რეგულარული პირველობის ორ საუკეთესო გუნდს ხვდება.
TOP 14-ის XX ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს გაიმართება. ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძის და გიორგი ჩხაიძის “მონპელიე”, ბექა შეყლაშვილის “აჟენს” უმასპინძლებს, ხოლო დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივი”, აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრს” დაუხვდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091198